Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მობილური ჯგუფები კონტროლის პალატას შეამოწმებენ


კონტროლის პალატა
კონტროლის პალატა
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ”სამოქალაქო განვითარებისათვის” იურისტებისგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფების შექმნის ინიციატივით გამოდის. მობილური ჯგუფების შექმნის მიზეზი კი ბოლო დღეებში საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის” თანახმად, მოქალაქეების დაბარება და მათგან ახსნა-განმარტებების მიღება გახდა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, კონტროლის პალატაში მოქალაქეებს კანონით გარანტირებული ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის უფლებას უზღუდავენ.

გეგმა ასეთია: იმ შენობებთან, სადაც კონტროლის პალატის თანამშრომლები მოქალაქეებს იბარებენ და ახსნა-განმარტებას სთხოვენ იმის თაობაზე, ხომ არ მონაწილეობენ ისინი პოლიტიკური სუბიექტების მიერ მოჩვენებითი და თვალთმაქცური გზით დაფინანსების საქმეში, იურისტებისაგან დაკომპლექტებული სამკაციანი ჯგუფები იმუშავებენ. როგორც აცხადებენ წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციისა ”სამოქალაქო განვითარებისათვის”, იურისტები მოქალაქეების მიერ ახსნა-განმარტებების მიცემის პროცესს დაესწრებიან და მათი უფლებების დაცვაზე იზრუნებენ. ბოლო ორი დღეა მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონტროლის პალატის წარმომადგენლები რეგიონებში, ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის” თანახმად, მოქალაქეებს ახსნა-განმარტებების მისაცემად იბარებენ და იმის საშუალებას არ აძლევენ, რომ ადვოკატის მომსახურებით ისარგებლონ, ამბობს ირინა ფუტკარაძე, წარმომადგენელი კოალიციისა ”სამოქალაქო განვითარებისათვის”, და იქვე ამატებს, ჩვენ ამ ხალხს დაცვის უფლების მოპოვებაში დავეხმარებითო:

”ბევრი უფლებადამცველი ორგანიზაცია უნდა შემოგვიერთდეს. იმედი მაქვს, ეს ჯგუფი ძალიან მალე გაფართოვდება და მოვიცავთ მთელ საქართველოს.”

ამ ეტაპისათვის, კოალიციის ინიციატივას იურისტების მობილური ჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია უერთდება. მათ შორისაა “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”. ნაზი ჯანეზაშვილი, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს, რომ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონტროლის პალატის თანამშრომლები ახსნა-განმარტებების მიღების პროცესში ხშირად უფლებამოსილებას ამეტებდნენ და ადგილი ჰქონდა ღირსებაშემლახველ ქმედებებს.
”ჩვენ უნდა ვნახოთ დოკუმენტები, უნდა გამოვკითხოთ დაზარალებულები და გავარკვიოთ, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი ღირსებაშემლახველ ქმედებებს. შესაძლებელია ამ ადამიანებმა არც კი იციან ვის მიმართონ დასახმარებლად. შესაძლოა, მათ საერთოდ არ უნდათ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირება და დახმარებას არასამთავრობო სექტორისაგან ელიან. ვფიქრობ, ჩვენ მათ გვერდით უნდა დავდგეთ”, - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

რა მექანიზმებს მიმართავენ არასამთავრობო ორგანიზაციები, თუკი კონტროლის პალატის წარმომადგენლები უარს იტყვიან მოქალაქეების მიერ ახსნა-განმარტების პროცესში ადვოკატების დასწრებაზე? ასეთ შემთხვევაში, როგორც კოალიციაში განმარტავენ, ისინი მთავარ პროკურატურას მიმართავენ და კონტროლის პალატის კონკრეტული პირების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ.

კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის მიერ მოქალაქეების დაბარებისა და მათთვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის ფაქტით დაინტერესდა სახალხო დამცველიც. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ კონტროლის პალატამ გარკვეული პროცედურები კანონდარღვევით განახორციელა:

”ის ფაქტი, რომ ჯგუფურად დაიბარეს მოქალაქეები სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებში, ზოგ მათგანს ჩაუტარეს რამდენიმესაათიანი გამოკითხვა, რომელსაც დაკითხვის ფორმა ჰქონდა, ბევრ კითხვას აჩენს. ასევე საუბარი იყო იმაზეც, რომ განხორციელდა მოქალაქეების შემოწმება და იმ აღწერილობიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვაქვს, ამ ყველაფერმა ჩხრეკის სახე მიიღო. ეს ყველაფერი იძლევა იმის საფუძველს, რომ სახალხო დამცველმა აწარმოოს ამ ფაქტების დეტალური შესწავლა”, - მიაჩნია გიორგი ტუღუშს.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი აპირებს კონტროლის პალატას მოსთხოვოს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა კონკრეტული პროცედურები განახორციელეს მათ, როდესაც ისინი მოქალაქეებს ახსნა-განმარტებებს ართმევდნენ. გიორგი ტუღუში მიუთითებს ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის” ერთ მუხლზეც, რომელიც, მისი თქმით, ფართო ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა და მასში დაზუსტებების შეტანას მოითხოვს. ის ამბობს, რომ კანონში დეტალურად უნდა იყოს გაწერილი ყველა ის პროცედურა, რომელსაც კონტროლის პალატა კანონის შესაბამისად განახორციელებს. საუბარია კანონის 26-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური პარტიებისთვის დაწესებული შეზღუდვები და ანგარიშვალდებულება კონტროლის პალატის წინაშე ასევე ვრცელდება იმ იურიდიულ პირზე, რომელიც ”პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პარტიასთან”. გიორგი ტუღუში რადიო თავისუფლებასთან საუბარში გამოთქვამს იმედს, რომ, არაერთი რეკომენდაციის საფუძველზე, რომელიც არასამთავრობო სექტორმა პარლამენტს წარუდგინა, კანონი უახლოეს მომავალში ცვლილებას განიცდის და დაიხვეწება.

თავად კონტროლის პალატის ხელმძღვანელობა კი მოქალაქეებისაგან ახსნა-განმარტებების მიღების ფაქტზე მოკლე და კონკრეტულ განმარტებას იძლევა. უწყების ხელმძღვანელის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, კონტროლის პალატა პოლიტიკურ კორუფციასთან ბრძოლის აქტიურ ფაზაშია და მიმდინარეობს იმის დაზუსტება, თუ რამდენად კანონშესაბამისია რეგიონებში პოლიტიკური პარტიების ხარჯთაღრიცხვა.
XS
SM
MD
LG