Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოგერინი უკრაინას მოუწოდებს აქტიურად შეებრძოლოს კორუფციას


პეტრო პოროშენკო, ფედერიკა მოგერინი
პეტრო პოროშენკო, ფედერიკა მოგერინი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში ფედერიკა მოგერინი უკრაინას მოუწოდებს მეტი გააკეთოს კორუფციის დასამარცხებლად და შექმნას ანტიკორუფციული სასამართლო, რაც უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციაა.

ფინანსური დახმარება უკრაინას კორუფციასთან საბრძოლველად

  • კორუფციის საერთაშორისო ინდექსის მიხედვით, უკრაინა 180 ქვეყანას შორის 130-ე ადგილს იკავებს.
  • 9 მარტს ევროკომისიამ მიიღო დახმარების პროგრამა, რაც 1 მილიარდი ევროს გამოყოფას ჰპირდება უკრაინას ეკონომიკური სტაბილურობისა და სტრუქტურული რეფორმებისთვის.
  • ფინანსური დახმარების გაწევა დამოკიდებული იქნება რეფორმების პროცესზე, მათ შორის კორუფციასთან ენერგიული ბრძოლაც იგულისხმება.
  • შეთავაზებას ძალაში შესვლამდე ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერა სჭირდება.

ევროკავშირისა და უკრაინის მოქალაქეებს სურთ იხილონ მეტი პროგრესი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესშიო, განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ 12 მარტს კიევში პრემიერ-მინისტრ ვოლოდიმერ გროისმანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. უკრაინის პარლამენტმა 1 მარტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის თაობაზე, რაც ხშირადაა პროტესტის მთავარი მოთხოვნა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებაც, რომლებიც უკრაინას ფინანსურ დახმარებას უწევენ.

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იმედოვნებს, რომ შესაბამისი კანონპროექტი ამ გაზაფხულზე აუცილებლად იქნება მიღებული, თუმცა უკრაინელი რეფორმისტები და ზოგიერთი მოკავშირე ევროპაში მიიჩნევს, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიის მიერ დაწესებულ სტანდარტებსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნებს არ შეესაბამება.

იანვარში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ კანონპროექტის რამდენიმე მონაკვეთი არ შეესაბამება ხელისუფლების მიერ აღებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციამ ასევე განმარტა, რომ მოცემული ფორმით ის არ დაუჭერს მხარს ამ კანონპროექტს.

ძირითადი კრიტიკა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კანონპროექტის იმ ნაწილს ეხება, სადაც საუბარია დამოუკიდებელი მოსამართლეების შერჩევის უზრუნველყოფაზე.

ფედერიკა მოგერინის თქმით, ანტიკორუფციული ინსტიტუტები უკრაინაში დამოუკიდებლად უნდა მოქმედებდნენ და აღჭურვილი იყვნენ საკმარისი ძალაუფლებითა და რესურსით, რომ გამოიძიონ და გადაწყვეტილება მიიღონ კორუფციაში გარეულ პირებთან დაკავშირებით. ევროკავშირში აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის მოთხოვნების შესაბამისად შექმნილი ანტიკორუფციული სასამართლო ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ კანონპროექტი მოერგება როგორც ვენეციის კომისიის სტანდარტებს, ასევე უკრაინულ კანონმდებლობას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდს ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა მნიშვნელოვან მიღწევად მიაჩნია უკრაინის მიერ ევროპის სამართლებრივ სტანდარტებთან დაახლოების პროცესში. ფონდი მიიჩნევს, რომ ეს ქვეყანას აღებული ვალის დაბრუნებაშიც დაეხმარება.

ფედერიკა მოგერინისა და პეტრო პოროშენკოს პრესკონფერენცია
ფედერიკა მოგერინისა და პეტრო პოროშენკოს პრესკონფერენცია

9 მარტს ევროკომისიამ მიიღო მაკროფინანსური დახმარების პროგრამა, რაც 1 მილიარდი ევროს გამოყოფას ჰპირდება უკრაინას ეკონომიკური სტაბილურობისა და სტრუქტურული რეფორმებისთვის, თუმცა ფინანსური დახმარების გაწევა დამოკიდებული იქნება რეფორმების პროცესზე, მათ შორის კორუფციასთან ენერგიული ბრძოლაც იგულისხმება. შეთავაზებას ძალაში შესვლამდე ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერა სჭირდება.

2014 წლის შემდეგ ბლოკმა უკრაინის რეფორმების მხარდასაჭერად 12.8 მილიარდი ევრო გამოყო სავალუტო ფონდის სამი პროგრამის ფარგლებში, კიევმა კი ტრანშის სანაცვლოდ აღებული ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო.

კორუფციის საერთაშორისო ინდექსის მიხედვით, უკრაინა 180 ქვეყანას შორის 130-ე ადგილს იკავებს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG