Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ბიუჯეტის პროცედურული განხილვა


საქართველოს პარლამენტი 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას დაუბრუნდა. მთავრობამ პროცედურული ვალდებულება შეასრულა და საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტის კანონპროექტი წარუდგინა. მომავალი წლის ფინანსური გეგმის პროექტი 9 მილიარდ 9 მილიონ ლარს შეადგენს. პარლამენტში მეორე მოსმენისთვის შესული კანონპროექტი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება პირველი მოსმენით განხილულისგან.

მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის ბიუჯეტს დაახლოებით 700 მილიონი ლარის დანაკლისი ემუქრება, ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი მიმდინარე წლის ფინანსურ გეგმაზე დაახლოებით 260 მილიონი ლარით მეტია.

ზრდის მიუხედავად, ბიუჯეტის პროექტის პირველი მოსმენით საპარლამენტო განხილვისას მის მიმართ შენიშვნები გამოითქვა როგორც ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან. მიუხედავად ამ შენიშვნებისა, ფინანსთა სამინისტრომ მეორე მოსმენით განსახილველად პარლამენტს კვლავ უცვლელი პროექტი წარუდგინა. თუ რატომ, ამას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური განმარტავს:

”პროცედურულად არის აუცილებელი, რომ პარლამენტს დაბრუნებოდა ბიუჯეტი. ჩვენ, ცხადია, ვმუშაობთ და ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ, რომ გავითვალისწინოთ პარლამენტის შენიშვნები, მაგრამ მომავალ კვირაში საქართველოს ახალი მთავრობა ეყოლება. გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ჩამოდის, გავაგრძელებთ მუშაობას და დეკემბრის დასაწყისში შემოვიტანთ ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს, როგორც ითვალისწინებს ამას კანონმდებლობა”.
წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში არ არის არც ერთი თეთრით პენსიის ზრდა, არ არის რიგითი პოლიციელებისთვის ხელფასების ზრდა წარმოდგენილი, არ არის მთელი რიგი ის პროექტები, რომელსაც ელოდება ადგილებზე, სოფლებში, ქალაქებში მოსახლეობა...
ზურაბ მელიქიშვილი

ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა 12 ნოემბერს ბიუჯეტის საკომიტეტო განხილვების შემდეგ გააკეთა. მისი უწყების მიერ პროცედურული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გადადგმული ნაბიჯის გამო თავშეკავებულ განცხადებებს აკეთებენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები. ისინი ბიუჯეტის პროექტის პირველი მოსმენისას უკმაყოფილებას არ ფარავდნენ მთელი რიგი მიმართულებების დაფინანსების შემცირების გამო. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ ბიუჯეტის პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შესულა:

”მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, ის ცვლილებები, რაზეც შენიშვნები და რეკომენდაციები ჰქონდა პარლამენტს, პარლამენტის კომიტეტებს და ცალკეულ დეპუტატებს, რადგან იცვლება მთავრობა და ის უახლოეს დღეებში უნდა დავამტკიცოთ, და ასევე ჩამოდის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, რომელთანაც გვაქვს გარკვეული ვალდებულება, რომ შევათანხმოთ ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები”.

უმრავლესობისგან განსხვავებით, უფრო კრიტიკულია ოპოზიცია, რომელიც ბიუჯეტის გაზრდილ პროექტს აკრიტიკებს როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯების გამო. „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო წარმომადგენლობის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ მელიქიშვილი, ამბობს:

”წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში არ არის არც ერთი თეთრით პენსიის ზრდა, არ არის რიგითი პოლიციელებისთვის ხელფასების ზრდა წარმოდგენილი, არ არის მთელი რიგი ის პროექტები, რომელსაც ელოდება ადგილებზე, სოფლებში, ქალაქებში მოსახლეობა”.

საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის, განცხადებით, მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტის სოციალური ვალდებულებების შესასრულებლად ვალის აღება მოუწევს:
ზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე

”წლევანდელი ეკონომიკური ზრდა გათვლილია 6 პროცენტზე და თვითონაც აღიარებენ, რომ 6 პროცენტიანი ზრდა ვერ იქნება. შემდეგ აქედან არის გათვლილი მომავალი წლის ზრდა. მიუხედავად ასეთი არარეალისტური და „ოპტიმისტური“ გათვლებისა, მაინც მომავალი წლის ვალდებულებების -პირველ რიგში, სოციალური ვალდებულებების - დასაფინანსებლად მთავრობას სჭირდება, დაახლოებით, 400 მილიონის შიდა ვალის აღება“.

მთავრობა აღიარებს, რომ მომავალ წელს ვალის აღებას ნამდვილად აპირებს. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ვალს მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დახარჯავენ. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის აზრით, მომავალ წელს ეკონომიკა, 6 მილიარდიანი თანაინვესტირების ფონდის საქმიანობის შედეგად, 5 პროცენტზე მეტად გაიზრდება და სოციალური ვალდებულებების დაფინანსებაც არ გაჭირდება. მიუხედავად ამ ოპტიმიზმისა, ეკონომიკის ექსპერტები მთავრობას ხარჯების შემცირებას და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების გაზრდას ურჩევენ, რაც, მათი აზრით, ხელს შეუწყობდა ეკონომიკის გამოცოცხლებას.

უფრო მეტი სოციალურ ვალდებულებათა დაფინანსების წყაროების შესახებ ცნობილი გახდება ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ, როდესაც პარლამენტში შენიშვნების მიხედვით გადამუშავებული ბიუჯეტი კიდევ ერთხელ დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG