Accessibility links

ზუგდიდელი მოვაჭრეები სუნელებსა და სანელებლებზე ახალი რეგულაციების წინააღმდეგ


სუნელები ზუგდიდის ბაზარში

საქართველოს მთავრობის ახალმა, დროებითმა, რეგულაციებმა სუნელებისა და სანელებლების წარმოება-რეალიზაციასთან დაკავშირებით ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეების უკმაყოფილება გამოიწვია. მოქალაქეები, რომლებიც წლებია საკუთარ სახლში ამზადებენ სანელებლებს და თავად ყიდიან, ამბობენ, რომ ჯერ ისინი შეზღუდვების შესახებ არავის გაუფრთხილებია, თუმცა, რეგულაციების დაწესების შემთხვევაში, შიშობენ, რომ მუშაობის გაგრძელებას ვერ შეძლებენ.

ახალი წესების თანახმად: „იკრძალება ფიზიკური პირების მიერ (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) სუნელებისა და სანელებლების წარმოება ან გადამუშავება და რეალიზაცია; ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებლის თანდასწრებით ადგილზე ხდება პროდუქტის დაფქვა; ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული ან გადამუშავებული სუნელებისა და სანელებლების ბაზარზე განთავსება შესაძლებელია მხოლოდ დაფასოებული სახით. როგორც მთავრობის დადგენილებაში ვკითხულობთ, პროდუქტი, რომელიც არ აკმაყოფილებს ჩამოთვლილ ნორმებს, ექვემდებარება ამოღებას, გამოთხოვასა და განადგურებას“.

სანელებლები ზუგდიდის ბაზარში
სანელებლები ზუგდიდის ბაზარში

გიორგი მიქაძეს ინფორმაციით, გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით სუნელებისა და სანელებლების კვლევის შედეგებს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც პროდუქტის ნაწილში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა

ზუგდიდის ბაზარში, სუნელებისა და სანელებლების განყოფილებაში, დაახლოებით 20 ქალი მუშაობს და არც ერთს არ აქვს ინდმეწარმის სტატუსი. პროდუქტის ნაწილი მათ დახლებზე ღიად, მცირე ზომის ტომრებით უწყვიათ, ნაწილი კი ერთჯერადი მოხმარების ჭიქებში, შუშის ქილებსა და პოლიეთილენის პარკებშია შეფუთული. მოვაჭრეები დარწმუნებული არიან, რომ მათი პროდუქტი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა და ყველა საჭირო ნორმას აკმაყოფილებს.

ისინი უნდა დარეგისტრირდნენ საჯარო რეესტრში, თუ უნდათ, რომ იყვნენ როგორც მეწარმეები, როგორც ბიზნესოპერატორები. თუ არ უნდათ დარეგისტრირება, მაშინ უნდა შეიძინონ საფქვავი აპარატები, ადგილზე უნდა დაფქვან და ისე უნდა გაატარონ მომხმარებელი. დიდი გადასაწყობი აქ არაფერი არ არის...
გიორგი მიქაძე

„ძალიან სუფთად, წმინდად ვაკეთებთ, ჰიგიენა დაცულია. ჩეულებრივი ქინძის და უცხოს მარცვალია დაფქული. რა არის აქ გასაკვირი და რა არის აქ მოსაწამლი? რომ იძახიან აქ რაღაცებს, თვითონ წამლავენ ხალხს“, - ამბობს იამზე ბულია.

„ყველაფერი დაწყობილია ამის გარდა?! აჯიკას სახლში ვამზადებთ, ჩვენს ნაშრომს ვატარებთ და იმას ვყიდით და ამის უფლება არ არის? იმას მიაქციონ ყურადღება, რომ საზღვრიდან არ შემოიტანონ მომწამვლელი საქონელი“, - გვითხრა მარინა კვიკვინიამ.

„ყველა ჩემი კლიენტი მადლობით მოდის ჩემთან, არავინ მოწამლულა. აქ არის რაღაც დაპირისპირების, კონკურენციის ამბავი და ბიზნესის ამბავი. ჩვენ შეგვიძლია აი ცელოფნებში ჩავდოთ, მეტი ჩვენ რა შეგვიძლია“, - ამბობს ლიანა საყვარელიძე.

სურსათის ეროვნული სააგენტო სუნელებითა და სანელებლებით მოვაჭრეებს მთავრობის ახალი დადგენილების აღსასრულებლად მოსამზადებელი სამუშაოებისთვის გარკვეულ დროს აძლევს. როგორც რადიო თავისუფლებას სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მიქაძემ განუცხადა, სააგენტოს რეგიონალურ სამმართველოებს ერთი კვირის წინ მიეწოდა სამოქმედო გეგმა. მისი ინფორმაციით, უკვე გაფრთხილებულია რეგიონებში აგრარული ბაზრების ადმინისტრაციაც:

ზუგდიდის ბაზარი
ზუგდიდის ბაზარი

„გარკვეულ ვადას ჩვენ, რა თქმა უნდა, მივცემთ, რომ მოწესრიგდნენ, ჩამოყალიბდნენ და უკვე გადაეწყონ ამ დადგენილების აღსრულებაზე. კონკრეტულ ვადას ვერ ვიტყვით, ყველა რეგიონი, როგორ მოახერხებს ფიზიკურად გაფრთხილებას, აქედან გამომდინარე იქნება შემდგომი ქმედებები განხორციელებული. თანაც ის, რაც მათ უნდა გააკეთონ, არ არის ორკვირიანი და სამკვირიანი სამუშაო. ისინი უნდა დარეგისტრირდნენ საჯარო რეესტრში, თუ უნდათ, რომ იყვნენ როგორც მეწარმეები, როგორც ბიზნესოპერატორები. თუ არ უნდათ დარეგისტრირება, მაშინ უნდა შეიძინონ საფქვავი აპარატები, ადგილზე უნდა დაფქვან და ისე უნდა გაატარონ მომხმარებელი. დიდი გადასაწყობი აქ არაფერი არ არის“, - განაცხადა გიორგი მიქაძემ.

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სუნელებისა და სანელებლების წარმოებასთან, გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით რისკის მართვის დროებითი ზომების მიღების შესახებ“ ძალაში 9 თებერვალს შევიდა. შეზღუდვების ვადა განსაზღვრულია არაუმეტეს 2 წლით.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG