Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“უცნაური ხილი”


ბილი ჰოლიდეი
ბილი ჰოლიდეი
26 სექტემბერს მსოფლიო ჯორჯ გერშვინის დაბადების დღეს აღნიშნავს. ეს სიუჟეტიც „ამერიკული მუსიკის აბრაამ ლინკოლნად“ წოდებულ კომპოზიტორს უნდა დასთმობოდა, მაგრამ წამოწყება ჩაიშალა. ვერ გამოვდექი კერკეტი კაკალი, ევროპული სიმფონიზმისა და ჯაზური მუსიკის სინთეზზე ცივი გონებით რომ მესაუბრა. მოკლედ, გასაგები მიზეზების გამო, ძალიან წავხდი, მოშლილობას ვერაფერი მოვუხერხე და დღეისთვის ახალი არაფერი მომიმზადებია. მეტიც, ბოლო დღეებია მუსიკა საერთოდ არ ჩამირთავს, არც მოთხოვნილება მქონია და არც სურვილი. ალბათ, ამგვარი განწყობით მარტო არა ვარ და გამიგებთ. ჰოდა, თუ არ დამძრახავთ, ჩემს ერთი წლის წინანდელ ტექსტს ამოვქექავ, რომელიც არაადამიანურ ამბებზე სიმღერით გამოხატულ ადამიანურ პროტესტს ეხება.

1930 წლის აგვისტოში ინდიანას შტატი მღელვარებამ მოიცვა: თეთრკანიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თომას შიფი და აბრამ სმითი დააკავეს. შურისძიებამ არ დააყოვნა - უმართავმა ბრბომ აფროამერიკელები, ლინჩის წესით, ხეზე ჩამოხრჩობით „გაასამართლა“. ამ საზარელი ანგარიშსწორების ფაქტს 9 წლის თავზე პოეტმა ლუის ალენმა ლექსი მიუძღვნა, სიმღერად კი ბილი ჰოლიდეიმ გადააქცია. „უცნაური ხილი“ დაარქვეს, რომლის მწარე გემო ბევრ სტუდიას - მათ შორის, სახელოვან „კოლამბია რეკორდსაც“ - არ ეპიტნავა. რისკზე მხოლოდ პატარა კომპანია “კომოდორი” წავიდა და 1939 წელს სინგლის სახით გამოუშვა. აქვე ერთ ნიუ-იორკულ კლუბს, „კაფე სოსაითის“, ვახსენებ, რომლის მფლობელზე, ბარნი ჯოზეფსონზე, ადრეც მისაუბრია. ის კაცი გახლავთ, რასისტული და განგსტერული ღრიანცელით ცნობილ „კოტონ კლაბს“ სილა რომ გააწნა და საკუთარ კლუბში „მხოლოდ ფერადებისთვის“ განკუთვნილი სექტორი გააუქმა. „უცნაური ხილის“ პრემიერაც სწორედ აქ გაიმართა. დარბაზს სიჩუმის დაცვა სთხოვეს, მიმტანებს მომსახურება დროებით შეაწყვეტინეს და შუქი ჩააქრეს.
სამხრეთის ხეებზე უცნაური ხილი ხარობს, სისხლია მათ ფოთლებზე და სისხლია ფესვებში, სამხრეთის ქარი შავ სხეულებს არხევს, ვერხვებზე უცნაური ხილი ხარობს ...

„სამხრეთის ხეებზე უცნაური ხილი ხარობს, სისხლია მათ ფოთლებზე და სისხლია ფესვებში, სამხრეთის ქარი შავ სხეულებს არხევს, ვერხვებზე უცნაური ხილი ხარობს...“ – ამღერდა „ლეიდი დეი“. მონუსხული ხალხი ცრემლმორეული უსმენდა მიჩქმალულ, საგულდაგულოდ ჩარაზულ მწარე სიმართლეს სამსაუკუნოვანი ტერორის, დამცირების, მკვლელობებისა და უსამართლობის შესახებ. სიმღერას რომ მორჩა, დარბაზი დიდხნას დუმდა, ემოციური დაძაბულობა ხალვათი ტაშით დაირღვა, რომელიც, საბოლოოდ, ოვაციებში გადაიზარდა. თუმცა საღამოს საგულისხმო გაგრძელება მოჰყვა. საგრიმიოროში მუსიკოსს შეშფოთებული ძვირფასქურქიანი უცნობი ქალბატონი შეუვარდა და გვარიანად გამოლანძღა. საბრალოს სიყვარულზე დაწერილი ბალადების მოსმენაში გადაეხადა ფული, იმ ტკბილ-ტკბილ სიმღერებში, თავიდან რომ აშორებს ტვინის განძრევის აუცილებლობას და არცთუ სასიამოვნო სინამდვილეს საგულდაგულოდ აპატიმრებს სულის ბნელ ჯურღმულებში. თავხედმა ბილიმ კი გაუბედა და სულიერი კომფორტი დაურღვია, მწარე რეალობის შეხსენებით ააფორიაქა.

მოკლედ, “უფლებაშელახული” ქალბატონის ვინაობა დრომ არ შემოინახა, „უცნაური ხილი“ კი ამერიკული ხელოვნების ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური ამბოხი. ზოგმა ის ამერიკის სამხრეთ შტატების „მარსელიეზად“, ზოგმა კი მე-20 საუკუნის ამერიკის მთავარ სიმღერად მონათლა. ბევრმა გადაამღერა: ნინა სიმოუნმა, ჯეფ ბაკლიმ, სტინგმა, დი დი ბრიჯუოტერმა, კასანდრა უილსონმა და სხვ. რაღა ბევრი გავაგრძელო, ბოლოსთვის თავად ბილი ჰოლიდეის მოვუსმინოთ, თუკი ამის სურვილი და იშტა კიდევ შეგვრჩენია. იქნებ, ჩვენში დაგროვილ მძიმე განცდებსა თუ ჩარაზულ გრძნობებს რამე ეშველოს...

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG