Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეინ აირა ბლუმი. ნაწილი I


ჯეინ აირა ბლუმი
ჯეინ აირა ბლუმი

სოპრანო-საქსოფონისტების მეფედ მონათლული სტივ ლეისის გარდაცვალების შემდეგ კრიტიკოსები, მუსიკის ჟურნალისტები და ჯაზის მოყვარულები ტახტის ღირსეულ მემკვიდრეებად რამდენიმე არტისტს ასახელებენ. მათ შორისაა ჯეინ აირა ბლუმიც. მან მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სოპრანო-საქსოფონისტის სახელი ნატიფი, ორიგინალური ბგერისა და ყველასგან გამორჩეული საშემსრულებლო ტექნიკის წყალობით მოიხვეჭა. გარდა ამისა, ნოვატორია, რომელიც მუდმივი ექსპერიმენტების გზით ახალ გამომსახველობით ფორმებს ეძებს და, ბევრი სახელოვანი კოლეგისგან განსხვავებით, არ ჰყვება ე.წ. კომერციული მუსიკის ცდუნებას.

ჯეინ აირა ბლუმის პირველი ინსტრუმენტი ფორტეპიანო გახლდათ, შემდეგ დრამზე გადაერთო. 9 წლის იყო, როცა სოპრანო-საქსოფონით დაინტერესდა. მას ბერკლის კოლეჯის პროფესორი ჯო ვიოლა ასწავლიდა და სწორედ მან დაანახვა ინსტრუმენტის ბგერის სილამაზე და დიდებულება. "საქსოფონის ყველა სახეობას საკუთარი ხიბლი აქვს, სოპრანომ კი თავისი სირთულით მომხიბლა და გამომიწვია. ვერაგი საკრავია - შემსრულებელს უბიძგებს იოლი გზით იაროს და ბგერის წარმოების მარტივი ფორმები აირჩიოს, თუმცა სასურველი შედეგის მისაღებად ინსტრუმენტის დამარცხება, უმძიმესი და ხანგრძლივი შრომაა საჭირო" - ერთ-ერთ ინტერვიუში ასე დაახასიათა ჯეინმა სოპრანო-საქსოფონი და ახსნა საკუთარი არჩევანი.

დიახ, ჯეინ აირა ბლუმმა სოპრანო-საქსოფონზე უნიკალური ჟღერადობა გამოადნო, ხოლო საშემსრულებლო ტექნიკა, შეიძლება ითქვას, სრულყოფილებამდე მიიყვანა. ბუნებრივია, ეს მალე არ მომხდარა. ბერკლის კოლეჯიდან იელის უნივერსიტეტში გადაინაცვლა, სადაც კომპოზიციის პრინციპებს ეუფლებოდა, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ პრაქტიკული მეცადინეობა ნიუ-იორკის სცენებზე განაგრძო. უფრო ზუსტად კი, 70-იანი წლების ამერიკული ჯაზის ყველაზე რადიკალურ სივრცეს - ე.წ. ლოფტ-ჯაზს - შეუერთდა, მიმდინარეობას, რომელიც ერთგვარ მიწისქვეშეთში - მიტოვებულ საწყობებში, შენობებში ვითარდებოდა და, რაც მთავარია, ემიჯნებოდა ხმისჩამწერი კომპანიების, საკონცერტო სააგენტოებისა თუ კლუბების მიერ თავსმოხვეულ პოლიტიკას. შესაბამისად, ამგვარ გარემოში შეკრებილი არტისტები ქმნიდნენ ალტერნატიულ და თავისუფალ მუსიკას, იმპროვიზირებდნენ და ხვეწდნენ საკუთარ შემოქმედებით შესაძლებლობებს. ჯეინ აირა ბლუმმაც სწორედ ამ სივრცეში მოახერხა მუსიკალური თვალსაწიერის გაფართოება და საკუთარი იდეების განხორციელება.

ჯეინ აირა ბლუმის პირველი სტუდიური ალბომი "We Are" 1978 წელს გამოიცა. ამ შემთხვევაშიც არტისტი არატრადიციული გზით წავიდა. სრულიად გამოუცდელი, ჯერ კიდევ უცნობი შემსრულებელი რისკზე წავიდა - დებიუტი პროდიუსერების ჩარევებისგან რომ დაეცვა, საკუთარი ლეიბლი Outline Records-ი დააარსა და დისკი თავად გამოსცა. მეტიც, პროდიუსერობის გარდა, ფოტოგრაფისა და ალბომის გარეკანის დიზაინერის ფუქნციებიც შეითავსა. რაც შეეხება მუსიკას, ეს გახლდათ საქსოფონისტისა და ბასის, კენტ მაკლეგენის, დუეტი, ხოლო კომპოზიციების უმეტესობა თავად ჯეინმა შეთხზა. პროექტმა "We Are" მსმენელების აღფრთოვანება ვერ დაიმსახურა, თუმცა კრიტიკოსებმა მუსიკოსის ბგერა და მუსიკალური აზროვნება მოიწონეს.

1980 წელს ჯეინ აირა ბლუმმა რიგით მეორე სტუდიური ალბომი, "Second Wind", გამოსცა. ამჯერად ფორმატი შეიცვალა და მუსიკოსების შემადგენლობა კვინტეტამდე გაიზარდა: ბასს დრამი, ფორტეპიანო და ვიბრაფონი დაემატა, ხოლო ლიდერმა სოპრანო-საქსოფონთან ერთად ალტ-საქსოფონიც მოსინჯა. არტისტის სადებიუტო ნამუშევრები იმითაც გახლდათ საინტერესო, რომ სწორედ პირველი ნაბიჯებისას გამოიკვეთა ბლუმის საკონცერტო თუ სტუდიური შესრულების მომავალი ტენდენციები. მან არჩევანი კამერულ ჯაზურ ფორმატზე გააკეთა, მეტწილად -დუეტებსა და კვარტეტზე. შესაბამისად, მომდევნო წლებში არტისტების მხოლოდ ვიწრო წრესთან თანამშრომლობდა. ერთ-ერთი ასეთი მუსიკოსი იყო პიანისტი ფრედ ჰერში, რომელიც საქსოფონისტის განუყრელი პარტნიორი გახდა, ბლუმის თქმით, იდეალური თანამზრახველი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG