Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯიმი რიდი


"ჯიმი რიდის ბლუზი ძალიან მარტივია. მისი შესრულება ნებისმიერს შეუძლია, მათ შორის მუსიკისგან შორს მდგარ ადამიანებსაც, გიტარა რომ პირველად მოიხელთეს ცხოვრებაში. ალბათ, ამიტომაც ეძახიან 50-იანი წლების პანკ-ბლუზმენს" - ასე დაახასიათა კრიტიკოსმა ბილი ვერმა ამერიკელი მომღერლის, გიტარისტისა და სიმღერების ავტორის, ჯიმი რიდის, შემოქმედება.

ჯიმი რიდი მისისიპელი გახლდათ. გიტარასა და ტუჩის გარმონზე დაკვრა მეგობარმა ედი ტეილორმა ასწავლა, რომელიც მოგვიანებით მისი უცვლელი პარტნიორი გახდა. 1943 წელს ახალგაზრდა საცხოვრებლად ჩიკაგოში გადავიდა. დღისით საკონსერვო ფაბრიკაში მუშაობდა, ხოლო საღაამოობით ქალაქის სხვადასხვა კლუბში უკრავდა. ზოგჯერ ქუჩაშიც მართავდა სახელდახელო კონცერტებს და დიდ სცენაზე ოცნებობდა. იმხანად ჩიკაგოში ბლუზის სრულიად ახალი მიმართულება იკრებდა ძალას. უფრო ზუსტად კი, სოფლის აკუსტიკური ბლუზი ქალაქურ ყაიდაზე, ელექტროფიცირებულ ჟღერადობაზე ეწყობოდა. ეს რევოლუციური პროცესი კი ცნობილ ხმის ჩამწერ სტუდია "Chess Records"-ში მიმდინარეობდა მადი უოტერსისა და მისი კოლეგების წყალობით. ჯიმი რიდმაც ამ პროგრესულ სივრცეში მოხვედრა ისურვა, თუმცა ლეიბლის მეპატრონემ, ლეონარდ ჩესმა, ახალგაზრდის მუსიკა დაიწუნა და უარით გაისტუმრა. სამაგიეროდ, კომპანია "Vee-Jay Records"-მა მასში დიდი პოტენციალი დაინახა და ხელშეკრულებაც გაუფორმა. პირველი ორი სინგლი შეუმჩნეველი დარჩა, ხოლო სიმღერა "You Don’t Have To Go" ჰიტად იქცა. ჯიმი რიდმა რიტმენბლუზურ ჩარტში მე-5 ადგილი დაიკავა.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჯიმი რიდის გამოჩენამ ჩრდილში მოაქცია ისეთი მუსიკოსები, როგორებიც იყვნენ მადი უოტერსი, ჰაულინ ვულფი, ელმორ ჯეიმსი და "Chess Records"-ის მაშინდელი ვარსკვლავები. თუმცა არნახულმა წარმატებამ თავბრუ დაახვია, ალკოჰოლს მიეძალა. მიუხედავად პროდიუსერების მკაცრი ზედამხედველობისა, დალევას მაინც ახერხებდა, დილიდან საღამომდე მთვრალი დაიარებოდა და გამუდმებით უსიამოვნებებში ეხვეოდა. რეპეტიციებს აცდენდა, კონცერტებზე პირდაპირ გამოსაფხიზლებლიდან მოჰყავდათ ხოლმე. 50-იან წლებში ამ ყველაფერს ეპილეფსია და მწვავე ალკოჰოლური ფსიქოზიც დაემატა, რამაც მეხსიერების პრობლემები გამოიწვია. სტუდიაში სიმღერის ჩაწერის პროცესში კოლეგები გვერდზე ედგნენ და კარნახობდნენ, როდის უნდა დაეკრა ტუჩის გარმონზე, როდის იწყებოდა გიტარის სოლო პარტია და როდის უნდა გადასულიყო აკორდიდან აკორდზე. ტექსტებზე პასუხისმგებელი კი მისი ცოლი გახლდათ, რომელიც ან ყურში უჩურჩულებდა, ან თავად მღეროდა მასთან ერთად. ამ ხერხით რამდენიმე ალბომი ჩაიწერა, მაგალითად,“Whisper The Lyrics To Me, Mama Reed”.

ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მიუხედავად, ჯიმი რიდი მაინც აგრძელებდა სტუდიურ თუ საკონცერტო მოღვაწეობას. 70-იან წლებში მან საკუთარ მუსიკაში სიახლის შეტანა სცადა, ფანკის ელემენტებით გააჯერა, თუმცა ღირებული არაფერი გამოუვიდა და სცენიდან საბოლოოდ წავიდა. არტისტი 1976 წელს გარდაიცვალა.

ბლუზის მცოდნეები და კრიტიკოსები ჯიმი რიდს ხშირად მწვავედ აკრიტიკებენ მისი სიმღერების ერთფეროვნების გამო. დიახ, არტისტის გიტარაზე დაკვრის ტექნიკა არაფრით გამოირჩეოდა, არც ტუჩის გარმონზე შესრულების სტილს ეთქმოდა ვირტუოზული, ვოკალური მონაცემებითაც ვერ დაიკვეხნიდა. ყოველ შემთხვევაში, ახლოსაც ვერ დააყენებდი ჰაულინ ვულფის ან, თუნდაც, მადი უოტერსის ენერგეტიკასთან. მიუხედავად ამისა, სწორედ მისი წყალობით შეიყვარა თეთრმა მსმენელმა აფროამერიკელთა მუსიკალური ჟანრი, ხოლო ბილბორდის ჩარტებში ჰიტების რაოდენობით ნამდვილი რეკორდსმენი გახლდათ.

ჯიმი რიდის ბანალური ბუგი-სვლები, ჰიპნოტურად მონოტონური რიტმიკა, ორ სიმზე აწყობილი სოლირება, ტუჩის გარმონის ქანთრი აქცენტები და არცთუ მდიდარი ვოკალური შესაძლებლობები საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ღირსეული ადგილი დაეკავებინა ამერიკული ბლუზის ოქროს ფონდში. მეტიც, უდიდესი გავლენა მოახდინა ბრიტანული ჯგუფების "The Doors"-ის, "Grateful Dead"-ისა და "Jefferon Airplane"-ის მუსიკალურ მსოფლმხედველობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG