Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Must carry-ის ხანგრძლივობა და ქვეყნის სტაბილურობა


28 ივნისს, რიგგარეშე სხდომაზე, 83 ხმით, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უყარა კენჭი ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, რაც საკაბელო ოპერატორებს სატელევიზიო არხების გავრცელების ვალდებულებას აკისრებს. დეტალების შესათანხმებლად, Must carry-სა და Must-offer–ის პრინციპების განხილვა 28 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე გაგრძელდა, თუმცა კვლავაც სადავოდ დარჩა საკანონმდებლო ცვლილებათა ამოქმედების ვადების საკითხი. ეს დავა კი იმდენად სერიოზულ სახეს ატარებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და მისი პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთს დესტაბილიზაციის ხელშეწყობაშიც კი ადანაშაულებენ.

28 ივნისის საკომიტეტო მოსმენაზე არაერთი საკითხი შეთანხმდა, ასე მაგალითად: თუკი ესა თუ ის საკაბელო ოპერატორი არ გაავრცელებს ამა თუ იმ საერთო მაუწყებლის სიგნალს, მას მიეცემა გაფრთხილება, ხოლო 3 დღეში შეუჩერდება ლიცენზია მთელი ერთი წლის განმავლობაში; საკაბელო ოპერატორები ვალდებულნი არიან, საერთო მაუწყებელთა არხები თანაბარი პირობებით, ანუ თანაბარი ღირებულების პაკეტებში, შესთავაზონ მაყურებელს, ხოლო რაც შეეხება სასამართლო დავებს, ამისათვის კანონმდებლობა დაჩქარებულ პროცედურებს გაითვალისწინებს.

როგორც სამოქალაქო კამპანია ”ეს შენ გეხებას” წარმომადგენელმა ირაკლი მელაშვილმა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ უთხრა რადიო თავისუფლებას, სიგნალის ტრანზიტის ვალდებულება საკაბელო ოპერატორებს იმ მაუწყებლებთან მიმართებითაც ექნებათ, რომლებიც მოსახლეობის 20%-ს მოიცავენ და ამგვარი მიდგომა, ”მაესტროსა” და ”მე-9 არხთან” ერთად, საქართველოს მასშტაბით ტელეკომპანია ”კავკასიის” სიგნალის გავრცელებასაც უზრუნველყოფს, თუმცა, ირაკლი მელაშვილის თქმით, საკომიტეტო მოსმენაზე კვლავაც ვერ მოხერხდა შეთანხმება ერთ-ერთ ყველაზე მთავარ და პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით, რაც საკანონმდებლო ცვლილებების ვადებს უკავშირდება:

”ხელისუფლებამ დატოვა ისევ ის ვარიანტი, რომლის მიხედვითაც Must carry იმოქმედებს მხოლოდ არჩევნების დღემდე, რაც, ჩვენი აზრით, არის შეცდომა, რადგანაც ამან შეიძლება დამატებითი დაძაბულობა გამოიწვიოს არჩევნების დღეს.”

სადაც აგიტაცია აღარ გრძელდება და ახალი რაღაც პოლიტიკური ხედვების მიწოდება აღარ არის საზოგადოებისთვის, იქ რაღაც დამატებითი ვალდებულებები არ მგონია, რომ სწორი იყოს ...
პავლე კუბლაშვილი

მაშინ როცა სამოქალაქო კამპანია ”ეს შენ გეხება” და ოპოზიციური პარტიები Must carry-სა და Must-offer–ის პრინციპების მოქმედების ვადის გახანგრძლივებას სულ ცოტა არჩევნების შედეგების გამოცხადების დღემდე მოითხოვენ, საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხსენებული პრინციპები მხოლოდ წინასაარჩევნო სააგიტაციო პერიოდში - 60 დღის განმავლობაში - უნდა ამოქმედდეს, რადგანაც ხელისუფლება ზედეტად არ უნდა ერეოდეს კერძო კომპანიების საქმიანობაში.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილება მტკიცეა და ეს საკომიტეტო მოსმენამდე, 28 ივნისის პარლამენტის სხდომაზეც გამოჩნდა. როგორც, მაგალითად, კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, ვადებთან დაკავშირებული გარკვეული გამონაკლისის დაშვება მხოლოდ არჩევნების მე-2 ტურის შემთხვევაშია შესაძლებელი:

”სადაც აგიტაცია გრძელდება, იქ იქნება შესაბამისი ვალდებულებაც, მაგრამ სადაც აგიტაცია აღარ გრძელდება და ახალი რაღაც პოლიტიკური ხედვების მიწოდება აღარ არის საზოგადოებისთვის, იქ რაღაც დამატებითი ვალდებულებები არ მგონია, რომ სწორი იყოს.”

მხოლოდ 60-დღიან ვადას თავისუფალი სიტყვის შეზღუდვად მიიჩნევს საპარლამენტო ოპოზიცია. მაგალითად, როგორც ფრაქცია ”ერთობა სამართლიანობისთვის” წარმომადგენელმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა 28 ივნისის საპარლამენტო სხდომაზე, ხელისუფლება წინასწარვე იჭერს თადარიგს, რომ არჩევნების გაყალბების შემდეგ სატელევიზიო არხების საშუალებით მასობრივი პროტესტის ორგანიზება ვეღარ მოხერხდეს. საკითხისადმი ასეთი მიდგომა მასობრივი არეულობის სურვილად შეაფასა უმრავლესობის წარმომადგენელმა ნუგზარ წიკლაურმა:

ეს ადამიანები ჩათვლიან, რომ მათ რაღაცას უმალავენ. ამ ადამიანებს უფრო მეტი მოტივაცია ექნებათ გაბრაზებისა და განრისხების ...
ლევან ვეფხვაძე

”ეს პერიოდი და ტელევიზიების ჩართულობა ამ დროს მათ სჭირდებათ ქუჩაში ხალხის გამოყვანის ორგანიზებისათვის. აქ საქმე ეხება არა არჩევნებს, არა ინფორმირებულ არჩევანს, არა პოლიტიკური პარტიებისთვის იმ შესაძლებლობის მიცემას, რომ მათ წარმოადგინონ თავიანთი პროგრამები, არამედ ველურ მოწოდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ დავანგრიოთ ქვეყანა, რომ თბილისი და საქართველო ვაქციოთ მკვდარ ქვეყნად და მკვდარ ქალაქად.”

ნუგზარ წიკლაურს ლევან ვეფხვაძე შეეპასუხა. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა არ გამორიცხა, რომ დაძაბულობა მართლაც არის მოსალოდნელი, მაგრამ ეს არა ოპოზიციის, არამედ თავად ხელისუფლების ბრალი იქნება, რადგანაც ხალხი მხოლოდ 2 თვის განმავლობაში ჩართული სატელევიზიო არხების გათიშვას არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მეტად ცუდ სიგნალად მიიჩნევს:

”ეს ადამიანები ჩათვლიან, რომ მათ რაღაცას უმალავენ. ამ ადამიანებს უფრო მეტი მოტივაცია ექნებათ გაბრაზებისა და განრისხების. ბატონი ნუგზარი გამოდიოდა და ამბობდა - თქვენო დესტაბილიზაციისთვის ემზადებითო... ეს გადაწყვეტილება იქნება სწორედ დესტაბილიზაციის მნიშვნელოვანი წყარო და ეს თქვენ კარგად უნდა იცოდეთ, რადგანაც თქვენზეა ეს პასუხისმგებლობა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების. მე გთავაზობთ, გაითვალისწინოთ ჩვენი და არასამთავრობო სექტორის შემოთავაზება და თუნდაც არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე მაინც გაგრძელდეს ეს ვალდებულება.”

მწვავე დებატები, სავარაუდოდ, გაგრძელდება 29 ივნისსაც, როდესაც საპარლამენტო სხდომაზე დეპუტატებმა Must carry-სა და Must-offer–ის პრინციპების განხილვა უნდა განაგრძონ.

ვადებთან დაკავშირებულ საკითხს შემდგომი დისკუსიის საგნად მიიჩნევს აშშ–ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი. როგორც მან 28 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ საკითხის გარშემო დისკუსია შესაძლოა საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების შემდეგაც გაგრძელდეს, ანუ იმ ვითარებაში, როცა მოქალაქეებს მეტი წვდომა ექნებათ ”მოსაზრებათა უფრო ფართო სპექტრზე”. საკანონმდებლო ცვლილებების დეტალების განხილვის გარეშე, ელჩი ”მნიშვნელოვან კონსტრუქციულ ნაბიჯად” მიიჩნევს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ზრდის მოქალაქეთა ხელმისაწვდომობას ინფორმაციის ფართო სპექტრზე.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG