Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დასკვნითი შეკრება თბილისში


”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები, აქტივისტები და მხარდამჭერები 28 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე შეიკრიბნენ. დასკვნითი წინასაარჩევნო პარტიული შეკრებისთვის საქართველოს მოქალაქეებმა დედაქალაქში ყველა რეგიონიდან მოიყარეს თავი. ”ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ დაჰპირდნენ ”მეტი სარგებლის” მიღებას და 1 ოქტომბერს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდეს.

”ჩვენს მტრებს უნდათ, რომ საქართველოში დაბრუნდნენ კანონიერი ქურდები, კორუმპირებული ჩინოვნიკები და კრიმინალები. მე, ჩვენი გუნდი და ჩვენ ყველა ერთად, ვიძლევით გარანტიას, რომ საქართველოში კანონიერი ქურდები არასოდეს დაბრუნდებიან”, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დასკვნით წინასაარჩევნო შეკრებაზე ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ სამომავლოდაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებულმა და ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა. ეროვნულ სტადიონზე შეკრებილმა მხარდამჭერებმა გარანტიები სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც მიიღეს, მერაბიშვილმა მათ შეახსენა ძირითადი ასპექტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო პროგრამიდან - ”მეტი სარგებელი ხალხს”. ვანო მერაბიშვილმა გაიმეორა დაპირება, რომ, კორუფციისა და კრიმინალის მსგავსად, საქართველოში აუცილებლად დამარცხდება უმუშევრობის ”ჭირი” და რომ, საყოველთაო დაზღვევისა და ხარისხიანი სერვისის წყალობით, საქართველოში გასაქანი აღარ ექნება ავადმყოფობას:

”ყველა მოქალაქეს ექნება საშუალება მიიღოს ხარისხიანი ჯანდაცვა და თითოეული თქვენგანი, ვინც აქ ზის და ვინც ტელევიზორში ამას უყურებს, მე ვაძლევ გარანტიას ყველას - ვინც არის პენსიონერი, ვინც არის ბავშვი, ვინც არის მასწავლებელი, ვინც არის სოციალურად დაუცველი, ვინც არის პოლიციელი, ვინც არის სამხედრო - ყველას, მიუხედავად ასაკისა, ყველას ექნება საშუალება მიიღოს ხარისხიანი ჯანდაცვა. საქართველოში ჩვენ დავამარცხებთ ავადმყოფობას.”

პრემიერ-მინისტრმა, არაერთგზის დასახელებული საპროგრამო ასპექტების შესაბამისად, ცხადია, არც სოფლად მცხოვრები ადამიანები დაივიწყა და პირობა დადო, რომ ყველა სოფელს ექნება გზა, გაზი და წყალი. აქვეა კიდევ ერთი სიახლე, შეიძლება ითქვას, განთლების სფეროდან, რომელიც ჯერჯერობით არასოდეს მოხვედრილა დაპირებათა ნუსხაში:
ჩვენ ავაშენეთ ყველამ დემოკრატია... აქამდე ჩვენ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ყველაფერი აგვეშენებინა. ჩვენ ავაშენეთ ახალი ბათუმი, ჩვენ ახალ თბილისს ვაშენებთ, ჩვენ ვაშენებთ ლაზიკას, ჩვენ ავაშენეთ გზები, ჩვენ ავაშენეთ აეროპორტები, ჩვენ ავაშენეთ ახალი კახეთი ...
მიხეილ სააკაშვილი

”საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა მოქალაქეს ექნება უფასო ინტერნეტი და ვაიფაი (Wi-Fi), რომლითაც იგი დაუკავშირდება მთელ დასავლურ ცივილიზაციას, მთელ მსოფლიოს და ჩვენ გავხდებით ყველაზე განათლებული ერი მსოფლიოში.”

პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად, 28 სექტემბრის თავყრილობაზე არაერთხელ დასახელდა საქართველოს შემდგომი აღმშენებლობის გარანტად. გამომსვლელებმა შეახსენეს მხარდამჭერებს, რომ 1 ოქტომბრის არჩევნებზე ხმა ქვეყნის შემდგომ აღმშენებლობასა და წინსვლას უნდა მისცენ და რომ ყველა ერთად, სტადიონზე შეკრებილი ადამიანები და მმართველი გუნდი, ერთად დგომით ყველაფერს შეძლებენ. აქვე ვთქვათ, რომ სიტყვით გამომსვლელთა შორის ასევე იყვნენ: დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა, გიორგი ბარამიძე და სანდრა რულოვსი.

ყველაზე ბოლოს მხარდამჭერების წინაშე პრეზიდენტი სააკაშვილი წარდგა და თქვა, რომ თუკი ყველაფრის უკან დაბრუნება არ სურთ, საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება არ უნდა შეეშალოთ. პრეზიდენტი მხარდამჭერებს აღმშენებლობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს:

”ჩვენ ავაშენეთ ყველამ დემოკრატია... აქამდე ჩვენ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ყველაფერი აგვეშენებინა. ჩვენ ავაშენეთ ახალი ბათუმი, ჩვენ ახალ თბილისს ვაშენებთ, ჩვენ ვაშენებთ ლაზიკას, ჩვენ ავაშენეთ გზები, ჩვენ ავაშენეთ აეროპორტები, ჩვენ ავაშენეთ ახალი კახეთი, ჩვენ ვაშენებთ ახალ ქართლს, ჩვენ ავაშენეთ ახალი ახალციხე, ძალიან ბევრი ადგილი- ახალი სვანეთი... ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. ალბათ, მეტიც შეგვეძლო და კიდევ გავაკეთებთ...”

აღმშენებლობის საპირისპირო მიმართულებად პრეზიდენტი სააკაშვილი ბნელ წარსულში დაბრუნებას ხედავს. მისი განცხადებით, საქართველოს ისტორიაში პირველად ევროპა სწორედ ახლა სთხოვს საქართველოს, რომ ქვეყანა, უკან დაბრუნების სანაცვლოდ, დაუდგეს ევროპას გვერდში და აისრულოს საუკუნოვანი ოცნება. ხაზი ესმება შემოკლებულ მანძილს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციამდე:

”უახლოეს თვეებში ჩვენ გვექნება უვიზო მიმოსვლა, ჩვენი პასპორტებით, ევროკავშირთან; ჩვენი პროდუქცია შევა ბაჟის გარეშე ევროპის ქვეყნებში, ჩვენ გვექნება ასოცირების ხელშეკრულება... 2014 წელს არის ნატოს ახალი გაფართოების სამიტი და ამერიკის სახელმწიფო მდივანმა დაასახელა საქართველო პირველ კანდიდატებს შორის. ერთი ხელის გაწვდენაზე არის ჩვენი სამშვიდობოს გასვლა.”

28 სექტემბერს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო დასკვნით შეკრებაზე თბილისში აქტივისტები, მხარდამჭერები და მოხალისეები საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოვიდნენ. მტკვრის სანაპიროზე, სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების ძალიან გრძელი რიგები იდგა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG