Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ დააფინანსებს ავღანეთის უსაფრთხოებას?


ნატოს სამიტი
ნატოს სამიტი
ნატოს ჩიკაგოს სამიტი, რომლის დღის წესრიგშიც მთავარ ადგილს იკავებს ავღანეთთან დაკავშირებული საკითხები, არ არის დონორთა კონფერენცია. მაგრამ, სავარაუდოდ, ყურადღების ცენტრში მოექცევა შეკითხვა: ვინ გაიღებს წელიწადში 4,1 მილიარდ დოლარს - ფულს, რომელიც, ამერიკელი და ავღანელი ოფიციალური პირების შეფასებით, საჭიროა ავღანეთის უშიშროების ძალების დასაფინანსებლად?

პრობლემაა ის, რომ ვაშინგტონის ევროპელ, ნატოს წევრ მოკავშირეებს გასაჩუქებელი ფული დიდად არა აქვთ... ევროზონაში კრიზისის ფონზე, ისინი თავს იკავებენ ხმამაღალი განცხადებებისაგან, როცა საუბარი ეხება ხოლმე ავღანეთის არმიისა და პოლიციის დაფინანსების პერსპექტივას.

მოსალოდნელია, რომ შეერთებული შტატები დაფარავს ხარჯების დაახლოებით ორ მესამედს. მაგრამ, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა გასულ თვეში მოუწოდეს ნატოელ პარტნიორებს, მათ იკისრონ წელიწადში 1,3 მილიარდი დოლარი ავღანეთისთვის, 2014 წლის შემდეგ. აქამდე ვაშინგტონის მოწოდებას გამოეხმაურა მარტო ორი ქვეყანა ნატოს წევრებიდან: გერმანია, რომელმაც 193 მილიონი დოლარის გაღება ივალდებულა და ბრიტანეთი. ის წელიწადში 110 მილიონ დოლარს გადაიხდის. მათ მხარს უბამს ნატოს არაწევრი ავსტრალია წელიწადში 100 მილიონით.

დანარჩენი ქვეყნებისაგან ჯერ არაფერი ისმის. როგორც უსაფრთხოების პოლიტიკის ჟენევის ცენტრის ექსპერტი, გრემე ჰერდი აღნიშნავს: „როცა ხედავ რასმუსენს, ნატოს გენერალურ მდივანსა და მის 2011 წლის ანგარიშს, წლიურ ანგარიშს - ის მართლაც ბევრს საუბრობს იმის შესახებ, რამდენი მოკავშირე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, რომ თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 2% დახარჯოს სამხედრო სფეროზე და თავდაცვის მიზნებისათვის. ბევრი ქვეყანა 1%-საც კი არ ხარჯავს! ასე რომ სავებით ნათელია, რომ ევროპას უჭირს. ფული არ არის“...

ამ ექსპერტის ვარაუდით, ნატოს წევრები პირდაპირ უარს ვერ ეტყვიან ვაშინგტონს, მაგრამ, თვითონაც ექნებათ მოთხოვნები - გარკვეულ პირობებს წამოაყენებენ ავღანეთში უსაფრთხოების დაფინანსებაში მონაწილეობისათვის.

რაც უნდა მოხდეს, ენთუზიაზმის ნაკლებობა აშკარაა და მიანიშნებს იმაზე, რომ დასავლეთი არც თუ შორეულ მომავალში შეწყვეტს ავღანეთში უსაფრთხოების ზომების დაფინანსებას.

ლონდონში განთავსებული კვლევითი ცენტრის, „ჩეტემ ჰაუსის“ ექსპერტი გარეტ პრაისი ვარაუდობს, რომ მოახლოებულ სამიტზე ნატოს წევრები სიფრთხილეს გამოიჩენენ, თავს შეიკავებენ ხმამაღალი განცხადებებისაგან, რათა იქნებ სხვებმა გამოიჩინონ ინიციატივა. მთელი ამ პროცესის საკვანძო მნიშვნელობის მონაწილედ მიჩნეულია ინდოეთი.

გარეტ პრაისი აღნიშნავს, რომ ავღანეთის უშიშროების ძალების დაფინანსებაში ინდოეთის მონაწილეობის ალბათობა მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც დელიმ და ქაბულმა ოქტომბერში გააფორმეს უსაფრთხოებისა და ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. „აღიარებენ იმას, რომ ინდოეთს კარგი იმიჯი აქვს ავღანეთში - ის ბევრს აკეთებს ქვეყანაში განვითარების პროცესის ხელშესაწყობად. მაგრამ თან სარგებლობს უსაფრთხოების ზომებით. ამავე ლოგიკით შეიძლება მივუდგეთ ჩინეთს, რომელსაც ავღანეთში ბევრი ინვესტიცია აქვს სამთო მრეწველობაში და ა.შ.“, ამბობს ლონდონელი ექსპერტი.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ინდოეთსა და ჩინეთს ჯერ არაფერი უთქვამთ იმის შესახებ, აპირებენ თუ არა ავღანეთში უსაფრთხოების დაფინანსებას. არაფერი უთქვამთ არც სპარსეთის ყურის ქვეყნებს. ცნობების თანახმად, მათთან დასავლელი დიპლომატები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

2014 წლის შემდეგ უსაფრთხოების ზომების კიდევ ერთ, პოტენციურ დამფინანსებლად მიიჩნევენ რუსეთს. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გასულ თვეში მოსკოვში გამოთქვა შეშფოთება, რომ ავღანეთში შესაძლოა გამწვავდეს ნარკოტრეფიკინგისა და ტერორიზმის პრობლემები უცხოელი სამხედროების გასვლის შემდეგ.

ნატოს გენერალური მდივნის რეაქციამ არ დააყოვნა - მისი განცხადებით, ნატო მიესალმება რუსეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების მონაწილეობას ძალისხმევაში, რომლის მიზანიცაა 2014 წლის შემდეგ ავღანეთში უშიშროების ძალების მუშაობის უზრუნველყოფა.
XS
SM
MD
LG