Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო და ქართული მედია


თბილისში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სემინარი ქართველი ჟურნალისტებისთვის, სახელწოდებით „NATO-ს პოლიტიკა და დღის წესრიგი“. ჟურნალისტებს საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი შეხვდა. აპატურაიმ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე 2 მთავარი გზავნილი გააჟღერა - ესაა დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება და მომავალი არჩევნების სამართლიანად ჩატარება. აპატურაიმ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც ისაუბრა - მაგალითად, რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსი პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს პოზიცია არ გადაიხედება. საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე აპატურაის განწყობა ოპტიმისტურია.

ჟურნალისტებს შეხვდნენ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ანალიტიკოსები. დაისვა უამრავი კითხვა - ნატოს მისიის, მისი გაფართოების პერსპექტივის, გლობალური უსაფრთხოების, ნატო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ. სახელმწიფო მინისტრმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ და გადასადგმელ ნაბიჯებზე, რომელიც ალიანსში ინტეგრაციისკენ არის მიმართული. მისი აზრით, ამ გზაზე მედიის როლი, საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია.

ჟურნალისტებისთვის საზაფხულო სემინარებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ინტეგრაცია - გზა ნატოსა და ევროკავშირისკენ” მეოთხე წელია ატარებს. სემინარებში მონაწილეობენ ცენტრალური და რეგიონალური მედიის ჟურნალისტები, ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ონ-ლაინ მედიის წარმომადგენლები. ეს არასამთავრობო ორგანიზაციაც ჟურნალისტების მიერ არის შექმნილი და მისი მთავარი მიზანია არასამთავრობო სექტორის, მედიისა და საზოგადოების ინფორმირება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. პროექტის ხელმძღვანელი რუსუდან ვაშაკიძე აცხადებს, რომ უნივერსიტეტებში ჟურნალისტებს არ ასწავლიან საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკას, ამიტომ ეს დანაკლისი ასეთი სახის სემინარებით ივსება.

სემინარის დასასრულს შეფასებები მედიის წარმომადგენლებმაც გააკეთეს. ჟურნალ „ტაბულის“ ჟურნალისტი ირაკლი კიკნაველიძე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებისთვის აუცილებელია ცოდნის გაღრმავება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ.

„პირველი რადიოს“ ქუთაისელი კორესპონდენტის ეკა ფხაკაძის აზრით, განსაკუთრებული ყურადღება რეგიონებში საზოგადოების ინფორმირებას უნდა დაეთმოს.

4 წელია, საქართველოში ნატოს საზაფხულო სემინარები ტარდება საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ფინანსური მხარდაჭერით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პარტნიორობით.
XS
SM
MD
LG