Accessibility links

ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი შეუფარდეს


ალექსეი ნავალნი სასამართლოზე

რუსეთში სასამართლომ ხუთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, კორუფციასთან ბრძოლის აქტივისტს, ალექსეი ნავალნის, რომელიც დამნაშავედ ცნო სახელმწიფო კომპანია „კიროვლესის“ კუთვნილი ქონების მითვისებაში. ნავალნი ბრალდებას უარყოფს, ისევე როგორც მასთან ერთად გასამართლებული ბიზნესმენი პიოტრ ოფიცეროვი.

ალექსეი ნავალნის უკვე მეორედ შეუფარდეს პირობითი სასჯელი „კიროვლესის“ საქმეზე. პირველად ეს მოხდა 2013 წელს, მაგრამ რუსეთის სასამართლოს მაშინდელი გადაწყვეტილება, რომელიც პირობით სასჯელს და ფულად ჯარიმას ითვალისწინებდა, არამართლზომიერად ჩათვალა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ. ამის შემდეგ რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება „კიროვლესის“ საქმე ხელახლა განეხილა.

და აი, შედეგი: ქალაქ კიროვის რაიონულმა სასამართლომ, ნავალნისა და მისი მხარდამჭერების განცხადებით, იდენტური გადაწყვეტილება მიიღო - ისევ პირობითი სასჯელი და ისევ ფულადი ჯარიმა ნავალნისა და მასთან ერთად გასამართლებული პიოტრ ოფიცეროვისთვის „კიროვლესის“ საქმეზე. ნავალნის ხუთწლიანი, ხოლო ოფიცეროვს ოთხწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს, ორივეს დაეკისრა ჯარიმა ნახევარ-ნახევარ მილიონი რუბლის ოდენობით (ნახევარი მილიონი რუბლი 8 350 ამერიკული დოლარია).

ნავალნი და ოფიცეროვი ბრალდებებს უარყოფენ. ნავალნის აზრით, მისი სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად არის მოტივირებული და მიზნად ისახავს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობისათვის ხელის შეშლას.

„ჩვენ არ ვცნობთ ამ ვერდიქტს! ეს ვერდიქტი გაუქმდება! რუსეთის კონსტიტუციით, მაქვს არჩევნებში მონაწილეობის სრული უფლება და ამას გავაკეთებ კიდეც. კვლავაც დავიცავ იმ ადამიანების ინტერესებს, რომელთაც სურთ რუსეთი იხილონ ნორმალურ, პატიოსან, არაკორუმპირებულ ქვეყნად“, - თქვა ალექსეი ნავალნიმ კიროვის რაიონული სასამართლოს დარბაზში.

რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, პირობითი სასჯელის შეფარდების შემთხვევაში, ნავალნი ვეღარ შეძლებს საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავებას. თუმცა 8 თებერვალს უკვე არამარტო ნავალნიმ თქვა, რომ პრეზიდენტობისათვის მისი ბრძოლა გაგრძელდება.

ნავალნის ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, რუსმა ოპოზიციონერმა ვლადიმირ მილოვმა ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ბიბისის უთხრა: „ეს ბევრისათვის იყო მოსალოდნელი და ისიც კი არ არის გასაკვირი, რომ სიტყვასიტყვით წაიკითხეს ვერდიქტი, რომელიც 2013 წელს გამოცხადდა. მაგრამ მიხარია, რომ თვითონ ნავალნი და მისი მხარდამჭერები კარგ ხასიათზე არიან და, ყველაფრის მიუხედავად, აპირებენ მისი საპრეზიდენტო კამპანიის გაგრძელებას“, - განაცხადა 8 თებერვალს რუსმა ოპოზიციონერმა ვლადიმირ მილოვმა. ნავალნის საპრეზიდენტო კამპანიისმენეჯერმა ლეონიდ ვოლკოვმაც დაადასტურა, რომ კიროვის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ მოახდენს გავლენას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ნავალნის მზადებაზე.

თავად ალექსეი ნავალნიმ უკვე თქვა, რომ გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს ნიშნავს, რომ შეძლებს პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას, სანამ საჩივრის განხილვა არ დასრულდება. ასევე ნავალნის თქმით, რახან ახალი ვერდიქტის ტექსტი 2013 წელს გამოცხადებული გადაწყვეტილების იდენტურია, მას ეჭვიც არ ეპარება, რომ საჩივარი დაკმაყოფილდება, როგორც წინა შემთხვევაში. თუ საჭირო გახდა, საჩივარს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეიტანენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG