Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუმი ნაიდუ: არქტიკაში ნავთობის მოპოვება უდიდესი დანაშაულია


რუსეთის ხელისუფლებას პატიმრობაში ჰყავს საერთაშორისო ეკოლოგიური ორგანიზაცია „გრინპისის“ 28 წევრი და ორი შტატგარეშე ჟურნალისტი, რომლებმაც არქტიკაში ნავთობის მოსაპოვებლად მიმდინარე ბურღვის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის გამართვა სცადეს რუსული კომპანია გაზპრომის“ კუთვნილ პლატფორმაზე. თუმცა, როგორც „გრინპისის“ ხელმძღვანელი ამბობს, არქტიკაში ნავთობის ჭაბურღილის არსებობაა უდიდესი დანაშული და არა საპროტესტო აქცია, რასაც საერთაშორისო გარემოს დამცველი ორგანიზაცია მართებულ ნაბიჯად მიიჩნევს.

საერთაშორისო გარემოს დამცველი ორგანიზაცია „გრინპისის“ მომხრეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით განაგრძობენ საპროტესტო აქციებს, რუსეთის ქალაქ მურმანსკში პატიმრობაში მყოფი ეკოლოგებისა და ორი ჟურნალისტის განთავისუფლების მოთხოვნით. „ორგანიზებული ჯგუფის მიერ მეკობრეობის“ მუხლით წაყენებული ბრალდება მათ 15 წლით თავისუფლების აღკვეთით ემუქრება. ამასთანავე, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები აქციის ზოგიერთი მონაწილის მიმართ უფრო მძიმე მუხლებით ახალი ბრალდების წაყენებასაც არ გამორიცხავენ. თუმცა, როგორც „გრინპისის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კუმი ნაიდუმ უთხრა რადიო თავისუფლებას, ორგანიზაცია არ აპირებს მეკობრეობის დანაშაულის აღიარებას, თუნდაც თავიანთი თანამებრძოლების განთავისუფლების სანაცვლოდ:

„ეს იმაზეა დამოკიდებული, რაში უნდა ვაღიაროთ თავი დამნაშავედ. თუ მეკობრეობის დანაშაულის აღიარებაზეა საუბარი, მაშინ გადაჭრით არ ვაღიარებთ ამას. თუ საუბარი იმაზეა, რომ საქმე გვაქვს საპროტესტო აქციასთან, რომლის დროსაც გასაბერი ნავები აკრძალულ ზონაში მოხვდნენ, მაშინ ამის აღიარება არ გვჭირდება. როგორც „გრინპისის“, ისე სანაპირო დაცვის ხომალდების მიერ გადაღებული კადრები მოწმობს, რომ ჩვენ ამ ზონაში მართლაც შევიჭერით. პუტინისადმი გაგზავნილ წერილში ვწერ, რომ თუმცა „გრინპისს“ კანონზე მაღლა ვაყენებთ, ნებისმიერი აქციის წინ ჩვენ გულდასმით ვსწავლობთ იმ ქვეყნის კანონმდებლობას, სადაც აქციას ვატარებთ. ანუ ჩვენ მზად ვართ ვაღიაროთ, რომ წავედით ასეთ კანონდარღვევაზე, რაც გამოიხატა აკრძალულ ზონაში შეჭრით, მაგრამ როცა გვადანაშაულებენ მეკობრეობაში, შტურმის მცდელობაში, პლატფორმის ხელში ჩაგდებასა და ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნაში, ამას არასოდეს ვაღიარებთ, თუნდაც ამაზე ჩვენი ამხანაგების განთავისუფლება იყოს დამოკიდებული“.

უდიდეს დანაშაულს სჩადის ის, ვინც არქტიკაში ნავთობის მოპოვებას ცდილობს. ამით ეს ხალხი კლიმატის ცვლილებას იწვევს და დიდ ეკოლოგიურ ზიანს აყენებს არქტიკის რეგიონსა და, მთლიანად, რუსეთის ბუნებას...
კუმი ნაიდუ
აღსანიშნავია, რომ „გრინპისის“ ისტორიაში ბუნების დამცველი აქტივისტების მიმართ რამდენჯერმე იქნა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება. ყველაზე დიდი ვადა იყო 6 თვე, რაც ერთ-ერთმა აქტივისტმა საპატიმროში დაყო. 1985 წელს საფრანგეთის სპეცსამსახურებმა ახალი ზელანდიის ოკლენდში ააფეთქეს „გრინპისის“ კუთვნილი გემი „Rainbow Warior”, რომელიც ცდილობდა ხელი შეეშალა საფრანგეთის მიერ დაგეგმილი ბირთვული ცდებისათვის. რაც შეეხება მეკობრეობას, ასეთი ბრალდება ჩვენი აქტივისტების წინააღმდეგ არასოდეს წაუყენებიათო, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში კუმი ნაიდუ, „გრინპისის“ აღმასრულებელი დირექტორი, და დასძენს, რომ თუკი ვინმეს უნდა მოეთხოვოს პასუხი, ეს სწორედ ის ხალხია, ვინც ბუნებას ზიანს აყენებს.

„უდიდეს დანაშაულს სჩადის ის, ვინც არქტიკაში ნავთობის მოპოვებას ცდილობს. ამით ეს ხალხი კლიმატის ცვლილებას იწვევს და დიდ ეკოლოგიურ ზიანს აყენებს არქტიკის რეგიონსა და, მთლიანად, რუსეთის ბუნებას. დრო აჩვენებს, რომ სწორედ ესაა უდიდესი დანაშაული, რომელიც დაუსჯელი რჩება და კანონმდებლობით არ რეგულირდება“, - აცხადებს კუმი ნაიდუ..

კომპანია „გაზპრომი“, რომლის წინააღმდეგაც ეკოლოგებმა საპროტესტო აქცია გამართეს, მჭიდრო კავშირშია კრემლთან. ალექსეი მილერი, კომპანიის ხელმძღვანელი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი მეგობარია. თუმცა, როგორც კუმი ნაიდუ ამბობს, მას უფრო მეტი პრეტენზია კომერციულ კომპანიასთან აქვს. „კომპანია შესაძლოა კანონის ფარგლებში მოქმედებდეს, მაგრამ იგი მონაწილეობს ბუნების განადგურებაში და კაცობრიობას კლიმატური კატასტროფისაკენ მიაქანებსო, - აღნიშნავს „გრინპისის“ აღმასრულებელი დირექტორი კუმი ნაიდუ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG