Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სტრატეგია: "მეტი მეტის წილ"


ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი

1 ივლისს ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის ფუნქციებს ექვსი თვით გადაიბარებს ლიტვა. ნოემბრის მიწურულს სწორედ ამ ქვეყნის დედაქალაქი უმასპინძლებს მომავალი ნახევარი წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ თავყრილობას - აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტს, რომლის მონაწილეთა შორის საქართველოც იქნება.

ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირი შეეცდება, უფრო დაუახლოვდეს თავის ექვს აღმოსავლელ მეზობელს. საქართველოს გარდა, ესენი არიან აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდავეთი, სომხეთი და უკრაინა. რა იქნება ლიტვის პრიორიტეტები ევროკავშირის თავმჯდომარეობისას და კონკრეტულად რას უნდა ველოდეთ ვილნიუსის სამიტისგან? ამ საკითხებზე რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი ბრიუსელში ესაუბრა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკიავიჩუსს.

ლინკიავიჩუსი აღიარებს, რომ დღეს ევროპაში აღმოსავლელ მეზობლებზე ბევრს აღარ საუბრობენ. უფრო მეტად სირიისა და ჩრდილოეთი აფრიკის პრობლემებით არიან დაკავებული. არადა, ევროპა ჯერ კიდევ არ არის ერთიანი და თავისუფალი. „ამიტომ ევროპელებს მუდმივად უნდა შევახსენოთ, რომ საჭიროა საერთო სტრატეგია და ხედვა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მიმართ“ - ამბობს ლინკიავიჩუსი. მისი თქმით, სწორედ ამ სტრატეგიის ჩამოყალიბებაში უნდა დაეხმაროს ევროპასა და აღმოსავლელ მეზობლებს ვილნიუსის სამიტი:
ლინას ლინკიავიჩუსი: ეს თამაშის დასასრული არ არის. პირიქით, ეს მხოლოდ დასაწყისია.

„თუ სახელმწიფოს ლიდერები ჩამოვლენ და სამიტში მონაწილეობას მიიღებენ, ესეც წარმატება იქნება. სამიტის შემდეგ ჩვენ შეგვეძლება იმის თქმა, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის მიმართ სტრატეგია გვაქვს და რომ ჩვენი 2013 წლის იქითაც ვიყურებით. ეს თამაშის დასასრული არ არის. პირიქით, ეს მხოლოდ დასაწყისია.“

ამ სტრატეგიის ნაწილი იქნება პრინციპი „მეტი მეტის წილ“. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ევროკავშირი აღმოსავლელი მეზობლებისთვის მით უფრო მეტს გააკეთებს, რაც უფრო მეტ შემხვედრ ნაბიჯს გადადგამენ (ანუ, რაც უფრო მეტ რეფორმას განახორციელებენ) მისი მეზობლები.

ლინკიავიჩუსმა ისაუბრა აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრ ცალკეულ ქვეყნებზეც და განაცხადა, რომ უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა სამიტამდე სავსებით რეალურია. თუმცა, მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ ამისათვის საჭირო იქნება რამდენიმე წინაღობის გადალახვა. კერძოდ, ევროკავშირი უკრაინას მოუწოდებს საარჩევნო სისტემის, სასამართლოსა და, განსაკუთრებით, პროკურატურის რეფორმისაკენ. ევროკავშირისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია შერჩევითი სამართლისა და უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს დაპატიმრების საკითხიც: „უკრაინელებს ვეუბნებით, რომ გააქარწყლონ ნებისმიერი ეჭვები შერჩევითი სამართლის თაობაზე. როგორ გააკეთებენ ამას, მათი გადასაწყვეტია. ყველაზე ბუნებრივი გადაწყვეტილება იქნებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გათავისუფლება.“
ლინას ლინკიავიჩუსი: უკრაინელებს ვეუბნებით, რომ გააქარწყლონ ნებისმიერი ეჭვები შერჩევითი სამართლის თაობაზე.

რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, მოლდავეთმა, შიდაპოლიტიკური არეულობების მიუხედავად, ევროკავშირთან უკვე გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმება. მოლდაველებისთვის ეს დიდი მიღწევა იყო. ლინკიავიჩუსმა იმედი გამოთქვა, რომ მალე ასეთივე ხელშეკრულებების გაფორმება მოხერხდება საქართველოსა და სომხეთთანაც. თუმცა, ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ ამ ქვეყნებს არ უნდა შეექმნათ მცდარი მოლოდინი, რომ ევროკავშირში მალე გაწევრიანდებიან. მაგრამ მეორე მხრივ, როგორც ლინკიავიჩუსი ამბობს, ამ ქვეყნებმა არც ის უნდა იფიქრონ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა უპერსპექტივოა.

ლინკიავიჩიუსმა ასევე ისაუბრა აღმოსავლეთის პარტნიორობის იმ ქვეყნებზე, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი არ გამოუთქვამთ. ბელორუსიასა და აზერბაიჯანზე საუბრისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესში ამ ქვეყნების ჩართულობა მნიშვნელოვანია. ამ დიალოგის ნაწილია საუბარი ამ ორ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევებზეც, განურჩევლად იმისა, აპირებენ თუ არა ეს ქვეყნები ევროკავშირთან დაახლოებას.

ბოლოს, რადიო თავისუფლება ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს გაესაუბრა ევროკავშირში სერბიის გაწევრიანების პერსპექტივასა და კოსოვოს დამოუკიდებლობაზეც. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრ ხუთ ქვეყანას ჯერჯერობით არ უღიარებია კოსოვოს დამოუკიდებლობა.

„ჩვენ, ლიტველებს, გვსურს, დასავლეთი ბალკანეთი ვიხილოთ არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ ევროატლანტიკური გაერთიანების ნაწილად. მათი გადასაწყვეტია, თუ რამდენად სწრაფი და ეფექტიანი იქნება მათი ინტეგრაცია. ჩვენ მათ ამაში ნამდვილად დავეხმარებით.“
XS
SM
MD
LG