Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვა რუსეთის გაზზე დამოკიდებულების წინააღმდეგ


დალია გრიბაუსკაიტე, ლიტვის პრეზიდენტი
დალია გრიბაუსკაიტე, ლიტვის პრეზიდენტი

არა მარტო ენერგეტიკული, არამედ გეოპოლიტიკური პროექტი - ასე უწოდა ლიტვის პრეზიდენტმა ახალ ტერმინალს, რომლის მეშვეობითაც ლიტვა ნორვეგიისაგან მიიღებს ბუნებრივ აირს. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა აქამდე მთლიანად იყო დამოკიდებული რუსეთიდან გაზის იმპორტზე. როგორ აღწევს თავს ლიტვა რუსეთზე დამოკიდებულებას?

ლიტვის პორტ კლაიპედაში 27 ოქტომბერს ღუზა ჩაუშვა მცურავმა ტერმინალმა, სახელწოდებით „დამოუკიდებლობა“. სიგრძეში 300-მეტრიანი ხომალდი განკუთვნილია თხევადი გაზის მიწოდებისათვის. მას საზეიმო დახვედრა მოუწყვეს, საპატიო ყარაულთან ერთად, ლიტვის რიგითმა მოქალაქეებმა, რომლებიც ეროვნულ დროშებს აფრიალებდნენ.

ტერმინალის საინაუგურაციო ცერემონიის შემდეგ ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ისაუბრა მცურავი გიგანტის მნიშვნელობაზე ლიტვისა და ბალტიის მთელი რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის: „ეს არის გეოპოლიტიკური - არამარტო ენერგეტიკული პროექტი. ეს არის ჩვენი თავისუფლების გარანტი მომავალში, როცა შევძლებთ ჩვენ თვითონვე გადავწყვიტოთ, რამდენს გადავიხდით ენერგომომარაგებაში; როცა გვეცოდინება, რომ ვერავინ ვეღარაფერს გვიბრძანებს ან თავს მოგვახვევს; როცა დანამდვილებით გვეცოდინება, რომ ენერგიის ფასები აღარ არის ინსტრუმენტი ჩვენი პოლიტიკოსების მოსასყიდად“.

ლიტვა - ისევე როგორც მისი ორი მეზობელი, ლატვია და ესტონეთი - ამჟამად მთლიანად არის დამოკიდებული ბუნებრივი აირის რუსეთიდან იმპორტზე და მოკლებულია კავშირს ევროპის მილსადენების სისტემასთან, რომელიც მას გაზის ალტერნატიულ წყაროებთან დაკავშირების საშუალებას მისცემდა. ამ ვითარებას რადიკალურად ცვლის თხევადი ბუნებრივი აირის მცურავი ტერმინალი, სამხრეთ კორეაში დამზადებული ხომალდი. ნორვეგიიდან მიწოდებული თხევადი ბუნებრივი აირი (LNG) მისი მეშვეობით გარდაიქმნება ბუნებრივ აირად და ლიტვის ტერიტორიაზე გადაიქაჩება.

ტერმინალის ინაუგურაციის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლიტვის პრეზიდენტმა რამდენჯერმე ახსენა ბალტიისპირელი მეზობლებიც: „ჩვენს ორივე მეზობელს - ლატვიასა და ესტონეთს - დღეიდან შეუძლიათ ჩვენი ტერმინალის იმედი ჰქონდეთ. მისი მეშვეობით შეგვიძლია დავფაროთ ენერგიაზე ბალტიის სამივე სახელმწიფოს მოთხოვნის თითქმის 90%. ახლა მთავარი საკითხია ჩვენი ქვეყნების მილსადენით დაკავშირება, რათა შევძლოთ ერთმანეთისათვის გაზის მიწოდება“.

აქამდე ლიტვას არაერთხელ დაუდანაშაულებია რუსეთი, კერძოდ, სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“, მისთვის ბუნებრივი აირის მეტისმეტად ძვირად მიყიდვაში. რუსეთი უარყოფს ბრალდებას.

შეკითხვას, როგორ წარმოუდგენია ამიერიდან „გაზპრომთან“ ლიტვის ურთიერთობა, პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ასე უპასუხებს: „რაც შეეხება ჩვენს მომავალ ურთიერთობას რუსეთის „გაზპრომთან“, დიახ, ჩვენს ტერმინალს შეუძლია მთლიანად დაფაროს გაზზე ლიტვის მოთხოვნა და ბალტიის სამივე ქვეყნის მოთხოვნის 90%. თუ ის არ მოგვეწონა, შეგვიძლია მთლიანად ვთქვათ უარი „გაზპრომზე“, როგორც წყაროზე“.

თუმცა, „გაზპრომისაგან“ იმპორტის შეზღუდვა დღეს და ხვალ არ არის მოსალოდნელი. ლიტვა გეგმავს ახალი ტერმინალის მეშვეობით მომავალ წელს მოახდინოს ნახევარ მილიარდამდე კუბური მეტრი გაზის იმპორტი ნორვეგიიდან, ხოლო 2015 წლის შემდეგ ტერმინალის გავლით იმპორტი უკვე 4 მილიარდამდე კუბურ მეტრს მიაღწევს, ანუ მნიშვნელოვნად მეტს, ვიდრე ლიტვამ, მაგალითად, შარშან იყიდა რუსეთისაგან (2,7 მილიარდი კუბური მეტრი).

თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალი „დამოუკიდებლობა“ 330 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ის სამხრეთ კორეაში ააშენა ნორვეგიის კომპანია “Hoeg LNG”-მ, სამხრეთ კორეულ კომპანია „Hyundai Heavy Industries“ -თან ერთად.

ლიტვის ნაპირთან თხევადი გაზის ტერმინალის განთავსებას გამოეხმაურა ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერი. „გამოწვევები, რომელთა წინაშეც ევროპა დგას გაზმომარაგების უსაფრთხოების კუთხით, სწრაფ რეაგირებას საჭიროებს. და ლიტვამ გვაჩვენა, როგორ არის შესაძლებელი ამის გაკეთება“, ნათქვამია ოტინგერის განცხადებაში. ხოლო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ თხევადი გაზის ტერმინალის გახსნას უწოდა „ისტორიული ეტაპი ბალტიის სახელმწიფოების ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის“.

XS
SM
MD
LG