Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის „მორალური ვალდებულება“ და რიგის მოახლოებული სამიტი


ევროკომისიამ დაამტკიცა 10-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომელმაც უნდა აღკვეთოს ხმელთაშუა ზღვის გავლით არალეგალურ მიგრანტთა ევროკავშირში შეღწევა.

ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ევროკავშირს აქვს „მორალური ვალდებულება“ არ დაუშვას ტრაგედიები, რომლებიც ხდება მიგრანტების მცდელობისას გადაკვეთონ ხმელთაშუა ზღვა ევროპაში მოსახვედრად. მოგერინის ამ განცხადების ფონია 18-19 აპრილის ღამეს მომხდარი ტრაგედია, როდესაც ასობითმიგრანტი დაიღუპა იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან, მათი გემის ჩაძირვის შედეგად. წინასწარი შეფასებით, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, საქმე ეხება ყველაზე მრავალრიცხოვან მსხვერპლს ხმელთაშუა ზღვაში ასეთი ინციდენტებისას. ლუქსემბურგში დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე, იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა, რომ საჭიროა მეტი რესურსი უკანონო მიგრანტების გემების აღმოსაჩენად და სამაშველო ოპერაციებისათვის:

„უნდა ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ ვდგავართ საგანგებო მდგომარეობის წინაშე, რომელიც მთელ ევროპას ეხება - ის არ ეხება მხოლოდ იტალიას. ეს ნიშნავს, რომ ევროპის კავშირმა, ჩემი აზრით, პირველ რიგში, მხარი უნდა დაუჭიროს ზომებსა და ინიციატივებს წინააღმდეგ ტრეფიკერების და კრიმინალური ელემენტებისა, რომლებიც ეწევიან ადამიანების ტრეფიკინგის ორგანიზებას“.

მიმდინარე წელს ევროპამდე მიაღწია 35 ათასამდე თავშესაფრის მაძიებელმა და მიგრანტმა. ცნობების თანახმად, ევროპის ქვეყნებამდე მიღწევის მცდელობისას გზაში დაიღუპა 900-ზე მეტი ადამიანი.

მაგრამ რა ბერკეტები აქვს ევროკომისიას იმისათვის, რომ გზა გადაუკეტოს არალეგალური მიგრანტების ნაკადს ევროპისაკენ?

„კაცმა რომ თქვას, საშინაო საქმეებისა და მართლმსაჯულების კუთხით, ევროკომისიას ძალიან მცირე ბერკეტი აქვს. ესაა საკითხები, რომლებიც, ტრადიციულად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა სამინისტროების გამგებლობას განეკუთვნება. როგორც ცნობილია, ხუთშაბათს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირის საგანგებო სამიტი, რომელზეც წევრი სახელმწიფოების ლიდერები იმსჯელებენ ამ ათპუნქტიან გეგმაზე და სავსებით შესაძლებელია, რომ რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგას კიდეც. მაგრამ ამ გარდამავალ გეგმას უკვე ეტყობა, თუ რას მიიღებენ და რას არა კავშირის წევრები. კერძოდ, ევროკავშირის წევრებს სურთ ხმელთაშუა ზღვაში გაფართოვდეს სამაშველო სამუშაოები, რაც უკვე დაწყებულია; გაიზარდოს ევროკავშირის სასაზღვრო უწყების საქმიანობა და ძალიან საინტერესო მოსაზრებაა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს სურთ გაანადგურონ კონტრაბანდისტთა გემები. მაგრამ, მეორე მხრივ, ევროკავშირის ქვეყნებს არ სურთ გაინაწილონ პასუხისმგებლობის ტვირთი, როცა საქმე დევნილებს შეეხება. ცხადია, ევროკომისია მოწადინებული იქნება, რომ ეს საკითხიც ჩართოს დღის წესრიგში, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამას მხარი დაუჭირონ ევროკავშირის გარკვეულმა ქვეყნებმა. მათ, მარტივად რომ ვთქვათ, არ სურთ თავშესაფრის მაძიებელთა მიღება“, ამბობს რიკარდ იოზვიაკი, რადიო თავისუფლების სპეციალური კორესპონდენტი ბრიუსელში.

იოზვიაკის ხელთ არსებული ინფორმაციით, ევროკავშირის 23 აპრილის საგანგებო სამიტზე ამჯერად არ გამახვილდება ყურადღება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების - მოლდავეთის, საქართველოსა და უკრაინის -თაობაზე, თუმცა კულუარებში არ გამორიცხავენ, რომ შედგეს ამ ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრები ევროპული ქვეყნების ცალკეულ ლიდერებთან, რომელთა მნიშვნელოვანი რაოდენობა აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტამდე დარჩენილ დროში ჯერ კიდევ არ უჭერს მხარს საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაციის შეთანხმების გაფორმებას, რაც, მოლდავეთის მსგავსად, საქართველოს მოქალაქეებსაც მისცემდა ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის უფლებას.

„არავინ ელის, რომ რიგის სამიტზე ბევრი კონკრეტული საკითხი გადაწყდება. იმ რამდენიმე საკითხს შორის, რომლებზეც შესაძლოა გადაწყვეტილება მიიღონ, საქართველოსათვის სავიზო ლიბერალიზაციის შეთანხმებაცაა. რამდენადაც ვიცი, ეს არის საკითხი, რომელზეც მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების რაოდენობა ჯერ კიდევ 50-50-ზეა. ევროკავშირის ბევრ სახელმწიფოს სურს, რომ რიგის სამიტზე საქართველომ მოისმინოს განცხადება ამ გადაწყვეტილების შესახებ, მაგრამ ევროპის გარკვეული ქვეყნები, როგორიცაა, უპირველესად, საფრანგეთი, ჰოლანდია და ბელგია, უფრო მეტად სკეპტიკურად არიან განწყობილი. ასე რომ, როგორც ახლა ჩანს, ეს იქნება სამიტი, რომელზეც ყველა ლიდერი იქნება წარმოდგენილი. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მიიწვევენ თუ არა რიგის სამიტზე ალექსანდრ ლუკაშენკოს, რაც, ეტყობა, სულ ბოლო მომენტში გადაწყდება. მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, რომლებიც რიგის სამიტზე უნდა გაირკვეს, ამ თვალსაზრისით დღის წესრიგში ბევრი არაფერი წერია“.

უკვე ცნობილია, რომ ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო 23-24 აპრილს, ბელორუს ბიზნესმენთა ჯგუფთან ერთად, საქართველოს ესტუმრება და საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება, ხოლო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე საქართველოს დელეგაციას 20-21 მაისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG