Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუნდოვანია, 2017 წლიდან ვინ უხელმძღვანელებს მაკედონიის მთავრობას


მაკედონიის დროშა
მაკედონიის დროშა

მაკედონიის სახელმწიფო საარჩევნო უწყებამ დაასრულა ხმების დათვლა ქვეყნის მნიშვნელოვან უბანზე, რომელსაც საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტა მანდატების გადანაწილება მაკედონიის პარლამენტში. შედეგები ცნობილია, თუმცა ფიქრობენ, რომ ვერც ვადამდელი და ვერც განმეორებითი არჩევნები ვერ შეძლებს იუგუსლავიის ამ ყოფილ სახელმწიფოში არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას. როგორია მაკედონიელების საბოლოო არჩევანი და რა გავლენა ექნება მას ქვეყნის სამომავლო დემოკრატიულ განვითარებაზე?

გადმოწერა

25 დეკემბერს მაკედონიის სოფელ ტეარცეს საარჩევნო უბანზე ჩატარებულ არჩევნებს მაკედონიისთვის სიახლე არ მოუტანია. ისევე როგორც ორი კვირის წინ, ახლაც, მაკედონიის 120-ადგილიან პარლამენტში მანდატები ასე გადანაწილდა: 51 მანდატი წილად ხვდა მმართველ კონსერვატიულ პარტიას, 49 - ოპოზიციურ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას და 10 - ეთნიკურ ალბანელთა პარტიას, რომელმაც, შესაძლოა, მუშაობა განაგრძოს მმართველ კონსერვატიულ პარტიასთან კოალიციურ რეჟიმში.

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიედან მოშორებით მდებარე სოფელ ტეარცეს მოსახლეობა არჩევნებზე ხელმეორედ იმიტომ მივიდა, რომ 11 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში დარღვევები გამოვლინდა, რის გამოც სახელმწიფო საარჩევნო კომისიამ გააუქმა ამ უბნის შედეგები. დარღვევების შესახებ იჩივლა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ. 11 დეკემბრის შედეგებით, ამ უბანზე მან მიიღო 87 ხმა, მისმა მოწინააღმდეგე კონსერვატიულმა პარტიამ კი - 91. ხელახალ არჩევნებს უნდა გადაეწყვიტა, გაეზრდებოდა თუ არა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას მანდატი, ანუ მიიღებდა თუ არა ის კიდევ ერთ, 50-ე, ადგილს პარლამენტში. ტეარცეს მოსახლეობის ხელახალი არჩევანის თანახმად, სოციალ-დემოკრატებმა მართლაც მიიღეს მოწინააღმდეგე მმართველ პარტიაზე მეტი ხმა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა დამატებითი ადგილის მისაღებად პარლამენტში.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მაკედონიაში გაიმართა იმ პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც ქვეყანაში 2015 წელს დაიწყო. ეს აღინიშნა ქუჩის მასშტაბური დემონსტრაციებით, რომელსაც სათავეში ედგა სოციალ-დემოკრატიული პარტია. მისმა ლიდერმა ზორან ზაევმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ამჟამად გამარჯვებული კონსერვატიული პარტიის ლიდერი ნიკოლა გრუევსკი, და მისი გუნდის წევრები ამხილა სატელეფენო მოსმენებთან დაკავშირებულ სკანდალში. ოპოზიციის ბრალდების თანახმად, მთავრობა უკანონოდ უსმენდა ათასობით მოქალაქეს, ჟურნალისტსა და ოპოზიციონერს. მოგვიანებით მაკედონიის პოლიტიკური სტაბილიზაციის პროცესში ევროკავშირიც ჩაერთო, რასაც შედეგად მოჰყვა გრუევსკის გადადგომა, დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება და 11 დეკემბრის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

წინასაარჩევნო პერიოდში მთავარ თემებს შორის იყო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, სამუშაო ადგილების გაზრდა, ურთიერთობები ევროკავშირთან, რომელშიც გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მაკედონიამ ჯერ კიდევ 2005 წელს მოიპოვა. საბოლოო წევრობის გზაზე შეფერხების მიზეზებს შორის გრუევსკის არადემოკრატიული მმართველობის რეჟიმს ასახელებენ, თუმცა ამ წინსვლას მნიშვნელოვნად აბრკოლებს ევროკავშირის წევრი საბერძნეთი, რომელიც აცხადებს, ყოფილი იუგოსლავიის სახელმწიფოს, მაკედონიას, უფლება არა აქვს ატარებდეს ჩემი რეგიონის სახელსო.

შიშობენ, რომ ეს არჩევნები მაკედონიის პოლიტიკურ კრიზისს ვერ შეაჩერებს. სწორედ მაკედონიაში დემოკრატიის წინაშე მდგარ საფრთხეზე ისაუბრა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯონ კირბიმაც ვაშინგტონში 20 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე:

„გვაშფოთებს ის მზარდი პოლიტიკური წნეხი, რომელიც მოჰყვა 11 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებს მაკედონიაში და ვგმობთ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის მწვავე რიტორიკას, რაც გზას უხსნის შეტევებს მაკედონიის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და იქ აკრედიტებული ელჩების მისამართით. პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებთ, შეწყვიტონ გაუმართლებელი შეტევები, პატივი სცენ დემოკრატიულ პროცესებს და ხელი შეუწყონ იმგვარი ხელისუფლების შექმნას, რომელიც იქნება სანდო და კანონიერი და რომელიც პასუხს აგებს კანონის წინაშე, იქნება ანგარიშვალდებული და უზრუნველყოფს ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას. ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის დაეხმაროს ასეთ მთავრობას მიაღწიოს დიდი ხნის მიზანს და გაერთიანდეს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში“.

რა განაპირობებს იმ სკეპტიციზმს, რომელიც მაკედონიის სამომავლო დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით არსებობს? ამ შეკითხვას უპასუხებს ჩვენი რადიოს ბალკანეთის სამსახურის ჟურნალისტი ზორან კიუკა:

„მაკედონიაში ახლა სრულიად გაუგონარი მდგომარეობაა, რადგან ხელახალმა არჩევნებმაც იგივე შედეგი მოიტანა, რაც 11 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვიხილეთ. მაკედონიის მთავრობის ჩამოყალიბების მხოლოდ სამი სცენარი არსებობს. ერთის მიხედვით, მას უხელმძღვანელებს მმართველი კონსერვატიული პარტია, რომელიც ეთნიკურ ალბანელთა პარტია „დუისთან“ ერთად შექმნის კოალიციას. მეორე სცენარის თანახმად, მთავრობას ოპოზიციური პარტია ჩაიბარებს და მესამე სცენარის მიხედვით, მას ვერავინ უხელმძღვანელებს. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ, ალბათ, მივიღებთ ტექნოკრატიულ მთავრობას, რომელიც ქვეყანას 2017 წლის აპრილამდე, ადგილობრივ არჩევნებამდე, უხელმძღვანელებს. ამას შესაძლებელია ხელახალი საპარლამენტო არჩევნები მოჰყვეს, თუ მართლაც ვერავინ შეძლებს მთავრობის ჩამოყალიბებას. ეს პოლიტიკური გარიგებების ამბავია, ვინ როგორ შეძლებს თანამშრომლობას, თუმცა ნათელია, რომ ბუნდოვანება არის მთავარი მიზეზი ქვეყნის დემოკრატიული მომავლის მიმართ იმ სკეპტიკური დამოკიდებულებისა, რომელიც მაკედონიის პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზაზე გაჩნდა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG