Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რის ეშინია მილო ჯუკანოვიჩს?


ჩერნოგორიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მილო ჯუკანოვიჩმა, გასულ კვირაში კვლავ დაადანაშაულა რუსეთი ბალკანეთის დესტაბილიზაციის მცდელობაში. ჯუკანოვიჩის ამ განცხადების ფონია დასავლეთ ბალკანეთის პატარა სახელმწიფოს ოფიციალური წრეების შიში, რომ ვაშინგტონის ახალმა ადმინისტრაციამ, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ესწრაფვის, შესაძლოა, შეაჩეროს ჩერონოგორიის ნატოში გაწევრიანების გეგმა.

რის ეშინია მილო ჯუკანოვიჩს
please wait

No media source currently available

0:00 0:06:00 0:00
გადმოწერა

შარშან, ოქტომბერში, ჩერნოგორიაში იყო გადატრიალების მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, მილო ჯუკანოვიჩის, მოკვლას, ხელისუფლების სათავეში პრორუსულად განწყობილი ძალების მოყვანას და ჩერნოგორიის ევროატლანტიკური კურსის შეცვლას. მაგრამ ჩერნოგორიის უსაფრთხოების ძალებმა შეთქმულება აღკვეთეს, გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ დააპატიმრა და ბრალი წაუყენა 22 ეჭვმიტანილს. თავდასხმას გადარჩენილმა მილო ჯუკანოვიჩმა, რომელიც 1991 წლიდან ედგა სათავეში ჩერნოგორიას, სამჯერ პრემიერ-მინისტრისა და ერთხელ პრეზიდენტის რანგში, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა თანამდებობა, თუმცა მისი გავლენა კვლავ ძალიან ძლიერია არა მხოლოდ ჩერნოგორიის, არამედ მთლიანად დასავლეთ ბალკანეთის საზოგადოებრივ აზრზე. 21 თებერვალს მილო ჯუკანოვიჩი სიტყვით გამოვიდა ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე და განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს ბალკანეთის დესტაბილიზაციას მას შემდეგ, რაც ჩაიშალა ჩერნოგორიის პროდასავლური მთავრობის დამხობის მცდელობა. როცა რუსეთის ასეთი დესტრუქციული საქმიანობის მიზეზზე საუბრობდა, მილო ჯუკანოვიჩმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ურთიერთობების მკვეთრ გაუარესებასა და „სადამსჯელო სანქციების პოლიტიკაზე“ რუსეთსა და ევროპას შორის, რაც ნეგატიურად აისახება დასავლეთ ბალკანეთის რეგიონზე.

„საერთაშორისო ურთიერთობების გაუარესება იყო მიზეზი იმისა, რომ 2016 წლის 16 ოქტომბერს , საპარლამენტო არჩევნების დროს, (რუსები) შეეცადნენ ნებისმიერი საშუალებით დაემხოთ ჩერნოგორიის არსებული მთავრობა და დაესვათ ახალი, მარიონეტული მთავრობა, რომელიც მხოლოდ უცხოეთის, უფრო კონკრეტულად კი, რუსეთის ინტერესებს მოემსახურებოდა. ამგვარად, რუსეთი შეძლებდა ევროპისა და ნატოსათვის გაეგზავნა მესიჯი: „ჩვენი თანხმობის გარეშე თქვენ ვერ შეძლებთ გაფართოებას ვერც ბალკანეთში და ვერც სადმე სხვაგანო“, - განაცხადა მილო ჯუკანოვიჩმა.

ჩერნოგორიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის შეფასებით, არსებობს საფრთხე, რომ, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის მზადყოფნის ფონზე, რაზეც თეთრ სახლში მისვლის შემდეგ არაერთხელ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ბალკანეთი, შესაძლოა, კვლავ გადაიქცეს ერთგვარ კოზირად სხვების თამაშში.

„დარწმუნებული ვარ, რომ რაც ხდება, ეს არის ერთგვარი თამაში დასავლეთ ბალკანეთზე, როგორც ეს ხშირად ხდებოდა ისტორიის განმავლობაში, როცა ჩვენს რეგიონს მხოლოდ ხურდაში გასაცვლელად იყენებდნენ. ასე რომ, როცა რუსეთი ასკვნის, რომ დასავლეთი იჭრება მის ინტერესთა სფეროში ან საფრთხეს უქმნის რომელიმე მეზობლის ინტერესს, - რადგან ხშირ შემთხვევაში ლაპარაკია სწორედ რუსეთის მეზობლად მდებარე სახელმწიფოებზე, - მაშინ რუსები უფრო შორს, ბალკანეთის მიმართულებით ისვრიან ანკესს და ამბობენ, „ახლა ჩვენ გაჩვენებთ, რომ ჩვენ გვაქვს დესტრუქციული პოტენციალიო“. და ასე გრძელდება მანამ, სანამ რუსეთი და დასავლეთი არ მიაღწევენ შეთანხმებას და მათი ურთიერთობა არ გაუმჯობესდება. მაგრამ, სამწუხაროდ, როდესაც მათი ეს ურთიერთობა უმჯობესდება, ბალკანეთი ისევ მიტოვებულია, კიდევ უფრო ჩამორჩენილი, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების ამარა“, განაცხადა მილო ჯუკანოვიჩმა, რომელიც პრემიერ-მინისტრობის დროს აქტიურად ემხრობოდა ნატოში ჩერნოგორიის შესვლას და ამ მხრივ ბევრი რამეს მიაღწია. ნატომ უკვე მოიწონა ჩერნოგორიის განაცხადი გაწევრიანების შესახებ და წლის ბოლოს ჩერნოგორია ოფიციალურად გახდება ალიანსის წევრი.

რუსეთმა ცოტ ხნის წინ კვლავ განაცხადა, რომ ბალკანეთში თავისი ინტერესების სფეროდ განიხილავს სერბიას, ბოსნიას, მაკედონიასა და ჩერნოგორიას, რომლებიც არ უნდა გაწევრიანდნენ ნატოში. ყოფილი იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკები, რომლებიც არასოდეს ყოფილან საბჭოთა ბლოკის წევრები, ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფვიან, თუმცა ამ ჯგუფიდან ნატოში გაწევრიანებას მხოლოდ ჩერნოგორია ელოდება. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უკვე მოიწონა ჩერნოგორიის განაცხადი გაწევრიანების შესახებ და, მიუხედავად გარკვეული ეჭვებისა, რაც აშშ-ის ადმინისტრაციის შეცვლამ გამოიწვია, აშშ-ის წამყვანმა სენატორებმა, ბობ კორკერმა და ჯონ მაკკეინმა, 11 იანვარს სენატის სრული მხარდაჭერა აღუთქვეს ჩერნოგორიას ნატოში გაწევრიანების მხრივ.

ჩერნოგორიის მეზობელ კოსოვოში მყოფმა ნატოს ევროპული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა გენერალმა კიორტის მაიკლ სკაპაროტიმ განაცხადა, დასავლეთ ბალკანეთის სტაბილურობა უმნიშვნელოვანესია ნატოსა და ევროპის უსაფრთხოებისათვისო.

ეს უსაფრთხოება დასავლეთ ბალკანეთში - კერძოდ, ჩერნოგორიაში - ჯერაც სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. გასული წლის ბოლოს ჩერნოგორიის პროკურატურამ გაამხილა იმ რუსი მოქალაქეების ვინაობა, რომლებიც ქვეყანაში მასობრივ არეულობასა და პრემიერ-მინისტრ მილო ჯუკანოვიჩის პოლიტიკურ მკვლელობას გეგმავდნენ. იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინათ ჩერნოგორიის ნატოში გაწევრიანება, პროკურატურის ინფორმაციით, ვლადიმირ პოპოვმა და ედუარდ შიროკოვმა ორგანიზება გაუკეთეს კრიმინალურ ჯგუფს, რომელსაც უნდა მოეკლა პრემიერ-მინისტრი მილო ჯუკანოვიჩი. ამ მიზნით მათ 200 ათასი ევრო გადაუხადეს სერბ ალექსანდრ სინდელიჩს, სერბიული ნაციონალისტური მოძრაობა „მგლების“ ლიდერს. სინდელიჩი გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილ სხვა 19 პირთან ერთად ჩერნოგორიაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

კრემლმა არაერთხელ უარყო ჩერნოგორიის შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდება, თუმცა რუსეთი ღიად უჭერს მხარს ნაციონალისტურ პარტიებსა და ჯგუფებს, რომლებიც ჩერნოგორიის ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან.

21 თებერვალს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდა წევრებთან შეხვედრისას, ჩერნოგორიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მილო ჯუკანოვიმა გააკრიტიკა ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება იმის გამო, რომ ჩერნოგორია ახლა, თურმე, ხელს არ უშლის მოსკოვის მცდელობას გაზარდოს თავისი გავლენა ბალკანეთში, ხოლო პრორუსული ოპოზიციური პარტიები მზად არიან “სისხლისღვრისა და გადატრიალებისათვის“, რათა ხელისუფლების სათავეში ჩადგეს პრომოსკოვური მთავრობა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG