Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როზა ლუქსემბურგის თუ „ქართული ოცნების“ შრომის კოდექსი


შრომის კოდექსის წინააღმდეგ მიმართული აქცია, 29 თებერვალი 2012 წ.
შრომის კოდექსის წინააღმდეგ მიმართული აქცია, 29 თებერვალი 2012 წ.
საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული შრომის კოდექსის სრულ ამოქმედებამდე კიდევ ორი მოსმენა რჩება. სხვადასხვა ექსპერტის აზრით, საბოლოო დამტკიცებამდე შესაძლოა კანონპროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდეს. ეს ვარაუდი კიდევ უფრო გაამძაფრა განათლების მინისტრისა და ვიცე-პრემიერის გიორგი მარგველაშვილის მიერ გამოთქმულმა კრიტკამ.

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები ჯერ კიდევ განხილვის სტადიაზე გახდა მწვავე კრიტიკისა და დაპირისპირების საფუძველი. ოპოზიციის გარდა, კანონპროექტის პრინციპები სხვადასხვა ექსპერტმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ გააკრიტიკა. ორიოდე დღის წინ მათ რიგებს განათლების მინისტრი და ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილიც შეემატა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა „საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ სტუდენტებთან გიორგი მარგველაშვილის შეხვედრის ვიდეოფრაგმენტი. განათლემის მინისტრი და ვიცე-პრემიერი სტუდენტებთან პირველი მოსმენით მიღებულ შრომის კოდექსზე საუბრობს:

როზა ლუქსემბურგის ოცნებას თუ ვახდენდით, ეგ არ ვიცოდი, მაგრამ შიგნით ისეთები წერია, საერთოდ დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება...
გიორგი მარგველაშვილი
”ისეთი შრომის კოდექსია შესული, ვერავინ ვეღარ გაინძრევა. ესე იგი როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსი არის შესული. როზა ლუქსემბურგის ოცნებას თუ ვახდენდით, ეგ არ ვიცოდი, მაგრამ შიგნით ისეთები წერია, საერთოდ დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება, რა, საქართველოში, - ვერც სახელმწიფო, ვერც ბიზნესი, - ისეთი შრომის კოდექსი შევიდა”.

გიორგი მარგველაშვილის ამგვარმა განცხადებამ "საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების" თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი აღაშფოთა. მისი განცხადებით, განათლების მინისტრისა და ვიცე-პრემიერის მიერ შრომის კოდექსის უარყოფითი შეფასება ”შოკის მომგვრელი” იყო:

”თუ ამ განცხადების მიზანი ის იყო, რომ საზოგადოება შოკში ჰყოლოდა, ეს მიზანი მიღწეულია, მიღწეულია იმ კუთხითაც, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ვინც მოისმინა ეს კომენტარი, ისინიც შოკირებულები არიან”.

პროფკავშირების ლიდერის გარდა, გიორგი მარგველაშვილის აზრი არც საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის იმ წევრებმა გაიზიარეს, რომლებიც შრომის კოდექსის ცვლილებათა პროექტზე მუშაობდნენ. მათ შორისაა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე:

ის მუხლები, როგორც ახლა არის წარმოდგენილი კანონპროექტში, საკმაოდ უარყოფითი შედეგის მომტანი შეიძლება გახდეს...
გიორგი ციმინტია
”სინამდვილეში ეს არის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა საოცნებო შრომის კოდექსი და ეს არის შრომის კოდექსი, რომელსაც „ქართული ოცნება“ დაჰპირდა ამომრჩეველს წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ეს არის კოდექსი, რომელიც აბალანსებს უფლებებს და მოვალეობებს დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის. ამას გარდა, ის არის სრულ შესაბამისობაში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან”.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძისა და შრომის კოდექსის ცვლილებების სხვა მომხრეთა არგუმენტებს არ იზიარებს ეკონომისტთა უმრავლესობა. მაგალითად, „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ ლიდერის გიორგი ციმინტიას აზრით, ახალი კოდექსის ბევრი მუხლი ბუნდოვანია და ორაზროვანი:

”ის მუხლები, როგორც ახლა არის წარმოდგენილი კანონპროექტში, საკმაოდ უარყოფითი შედეგის მომტანი შეიძლება გახდეს, იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული მუხლები ბიზნესისგან ადეკვატურ რეაქციას გამოიწვევს და შეიძლება თუნდაც უმუშევრობა გაიზარდოს”.

ანალოგიურ აზრს გამოთქვამს ეკონომიკის საკითხთა კიდევ ერთი ექსპერტი, ნათია სამუშია. მისი განცხადებით, დამსაქმებელი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, თუ ის დაქირავებული მოქალაქის გათავისუფლებას გადაწყვეტს:

ქუთაისის სამკერვალო ფაბრიკა
ქუთაისის სამკერვალო ფაბრიკა
„იმ ცვლილებებს, რაც უნდა განხორციელდეს დღევანდელ შრომის კოდექსში, არც ერთს არ ვეთანხმები, რადგან ვთვლი, რომ ეს ძალიან გაართულებს დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის ურთიერთობებს. ფაქტობრივად, გამოდის, რომ დასაქმება არის დასჯადი, იმიტომ რომ დამსაქმებელი თუ აიყვანს დასაქმებულს სამსახურში, ფაქტობრივად ძალიან რთული იქნება მისი სამსახურიდან გაშვება“.

პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის მიხედვით, დამსაქმებელმა უნდა დაასაბუთოს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი. თუმცა, ნათია სამუშიას ინფორმაციით, ეს არ არის ერთადერთი, რაც დამსაქმებელს რთულ ვითარებაში აყენებს:

„დამსაქმებელი თუ ეტყვის დასაქმებულს, რომ სამსახურიდან გიშვებ, დასაქმებულს შეუძლია გაიფიცოს და გაფიცვის დროს შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა დაუშვებელია და, შესაბამისად, შეიძლება დამსაქმებელს სამუდამოდ ჰყავდეს დასაქმებული, რომელიც იქნება გაფიცული და ვერასოდეს ვერ გაუშვას სამსახურიდან“.

ზუგდიდის ბაზარში დასაქმებული მოქალაქენი
ზუგდიდის ბაზარში დასაქმებული მოქალაქენი
ნათია სამუშიას განმარტებით, კოდექსში არის ისეთი მუხლები, რომლებიც დასაქმების მსურველთა ინტერესებს ზღუდავს. მაგალითად, ორი პიროვნების კოლექტიური დასაქმება შეუძლებელი ხდება პროფკავშირების გაერთიანების ნებართვისა და ჩარევის გარეშე. სანაცვლოდ, კოლექტიურად დასაქმებულმა პროფკავშირს თავისი ჯამაგირის ერთი პროცენტი უნდა გადაუხადოს.

ექსპერტები სხვა პრობლემებზეც საუბრობენ, რომელიც შეიძლება დასაქმებულს გაუჩნდეს. მაგალითად, კოდექსის მძიმე მოთხოვნებიდან თავის დაღწევის მიზნით, დამსაქმებლები დასაქმებულებს შრომითი ხელშეკრულების ნაცვლად მომსახურების ხელშეკრულებას გაუფორმებენ. ეს კი დასაქმებულს შრომის კოდექსის მიღმა ტოვებს და მასა და დამქირავებელს შორის ურთიერთობა სამოქალაქო კოდექსით დარეგულირდება, რომელიც მკაცრ შეზღუდვებს არ აწესებს.

პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის ოპონენტები ვარაუდობენ, რომ შრომის კოდექსის ამგვარი ფორმით დამტკიცების შემთხვევაში შრომითი ურთიერთობების უმეტესობა კანონის გარეთ, ჩრდილში გადაინაცვლებს.
XS
SM
MD
LG