Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი, 2014


31 დეკემბერს, შუაღამით, ძველ წელს ვაცილებთ და ახალს ვხვდებით. ამ წუთებში მთელ საქართველოში შეძლებისდაგვარად სადღესასწაულო განწყობაა. ოჯახებში გაშლილია საახალწლო სუფრა. ნაწილი ახალ წელს, ტრადიციულად, საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნავს, ნაწილიც - ქუჩაში გამართულ ღონისძიებებზე. როგორ იცვლებოდა ახალი წლის შეხვედრის ტრადიცია საქართველოში წლიდან წლამდე და რა განწყობით ხვდებიან საქართველოში 2014 წელს?

ესეც 2014.

ახალი წელი საქართველოში, როგორც წესი, მრავალჟამიერით შემოდის ხოლმე. რაც უნდ მძიმე, პრობლემებით დატვირთული იყოს წინა წელი, ახალ წელს მაინც ყველა ცდილობს იმედის თვალით შეხედოს, მოიწყოს დღესასწაული და დაიჯეროს, რომ ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვლება.

ახალი წლის ძველ ტრადიციებს ნელ-ნელა ანაცვლებს ახალი, გვეუბნება ეთნოლოგი გიორგი გოცირიძე, თუმცა სიმბოლოები ჯერ კიდევ რჩება - საახალწლო სუფრა იქნება ეს, ნაძვის ხე თუ ქართული ჩიჩილაკი. ამ სიმბოლოებს ჯერჯერობით ყველაზე კარგად ისევ საქართველოს სოფლები ინახავს:

„ეს სიმბოლოები, ნაძვის ხე იქნება ეს თუ ქართული ჩიჩილაკი, დარჩა, ტკბილეულის მომზადება ახალი წლის ღამისათვის ასევე შენარჩუნებულია. ქალაქში ასევე ამზადებენ საცივს“.

და რაც ყველაზე მთავარია, მეკვლე. უმეკვლეოდ ახალ წელს არაფერი გამოვა. მეკვლე ისაა, ვინც სახლში ფეხს პირველი შემოდგამს. ტრადიციის მიხედვით, რასაც მეკვლე ისურვებს ოჯახისთვის, წელიც ისეთი იქნება:

„მეკვლე არის თვითონ ოჯახის უფროსი საკუთარ ოჯახში და არის კიდევ გარეშე მეკვლე, რომელიც ამ სახლის გარედან შემოდის. მას ხელში უნდა ეჭიროს ე.წ. საკვლევარი, გობი, რომელზეც ტკბილეული აწყვია. მეკვლეობა ჯერჯერობით ქალაქშიც არის შემორჩენილი, თუმცა ნელ-ნელა ირღვევა, რადგან ახალგაზრდობა არჩევს ახალ წელს ქუჩაში შეხვდეს, კონცერტს დაესწროს. ასეთი რამ ადრე ყოვლად დაუშვებელი იყო“.

რამ გამოიწვია ამ საოჯახო დღესასწაულის გადანაცვლება ქუჩაში?- ვეკითხებით გიორგი გოცირიძეს. - ბოლო წლების განმავლობაში ახალ წელს სულ მეტი ადამიანი ხვდება გარეთ, სხვადასხვა ადგილას გამართულ კონცერტსა თუ სხვადასხვა ღონისძიებაზე. - გოცირიძის თქმით, ეს ევროპული ტრადიციების შემოსვლითა და გაზიარებით აიხსნება. მისთვის, როგორც ეთნოლოგისთვის, ტრადიციების ცვლილება-ტრანსფორმაცია მისაღები არ არის, თუმცა ამბობს, რომ ესეც გლობალიზაციამ მოიტანა.

იყო დრო, გვეუბნება ღონისძიებების მართვისა და დაგეგმვის კომპანია „ჯორჯიან ივენთის“ აღმასრულებელი დირექტორი მაკა ყუბუსიძე, როცა ცალკეულმა კომპანიებმა არც კი იცოდნენ, რატომ უნდა დაექირავებინათ ღონისძიების დაგეგმვისათვის სხვა კომპანია, თუმცა გავიდა წლები და კორპორაციული საღამოების გამართვას სულ უფრო ხშირად ანდობენ ასეთ სამსახურებს. განსაკუთრებით კი ასეთი ღონისძიებები ახალი წლის დღეებში იგეგმება. კომპანიები ასე თავის თანამშრომლებს მთელი წლის განმავლობაში გაწეული სამსახურისათვის უხდიან მადლობას:

„ჩვენ იმიტომ გვქირაობენ ხოლმე, რომ რაღაც განსაკუთრებული და განსხვავებული შევთავაზოთ, სურთ ხოლმე, რომ განსაკუთრებით სადღესასწაულო განწყობა იყოს, ისეთ დღედ იქცეს ეს დღე, რომ მთელი წელი გაჰყვეთ ამ დღეს მიღებული ემოციები“.

მაინც როგორ გართობაზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა? მაკა ყუბუსიძე ამბობს, რომ ხანდახან კოსტიუმირებული კარნავალის მოწყობა სურთ, თუმცა ამ გზით ბოლო დროს ძალიან ბევრი ერთობა. ამიტომ ისინი ცდილობენ უფრო ორიგინალურად დაგეგმონ ღონისძიებები. რადგან 2014 ცხენის წელია, თანაც, ლურჯი ცხენის, წელს ეს ფერი ყოფილა აქტუალური ასეთი საღამოების დაგეგმვისას.

გიორგი მარგიანი და ირინა ალიაშვილი სულ რამდენიმე თვეა დაქორწინდნენ. მათთვის ეს პირველი ახალი წელია ერთად, თუმცა მაინც უჩვეულო, რადგან გიორგი ექიმია და 31-ში მორიგეობა უწევს. ახალგაზრდა წყვილმა გამოსავალი მაინც იპოვა:

„11 საათზე მოვა, ერთად შევხვდებით ახალ წელს და მერე ისევ გაიქცევა სამსახურში, თავის პაციენტებთან. სხვანაირად არ გამოდის, თუმცა კი საგანგებოდ მოვემზადეთ, დიდი ნაძვის ხე მოვრთეთ...“

კარგი ფეხის მეკვლის ირინასაც სჯერა. ამბობს, შარშანდელმა მეკვლემ გაამართლა, რადგან წელს ნაყოფიერი წელი მქონდა, დატვირთული და საინტერესოო. ის და გიორგი მათ რიცხვში არიან, ვისაც ახალი წლის სახლში შეხვედრა ურჩევნიათ, შემდეგ კი დღესასწაულის აღნიშვნას მეგობრებთან ერთად გააგრძელებენ - არც ძალიან ტრადიციულად და არც ძალიან თანამედროვედ, ისე, რომ ამ დღეს თავი ყველამ კარგად იგრძნოს.
დღესასწაული მაინც დღესასწაულია.
ახალ წელს გილოცავთ!
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG