Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლას გროს-ვერედი: საქართველოს მკაფიო არჩევანის გაკეთება მოუწევს


ნიკოლას გროს-ვერედი
ნიკოლას გროს-ვერედი

ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს ბრიუსელში გამომავალი სამხედრო გაზეთ „B2”-ის მთავარი რედაქტორი, ნატოსა და ევროკავშირის საკითხების ექსპერტი, ნიკოლას გროს-ვერედი, რომელმაც თავისი აზრი გაგვიზიარა ასევე საქართველოსა ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე. ჩემი კოლეგის აზრი საქართველოსათვის ამ მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიზანზე უშუალოა და, როგორც თავადაც დარწმუნდებით, განსხვავდება იმ ოპტიმისტური დიპლომატიური განმარტებებისაგან, რომლებიც ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებისგან ისმის. ინტერვიუ ჩაწერილია 9 ივნისს პრაღაში გამართულ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თავდაცვის კონფერენციაზე, რომელზეც ევროკავშირის ლიდერებმა გამოხატეს მზადყოფნა უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ ევროპის თავდაცვის გაერთიანების შესაქმნელად.

რადიო თავისუფლება: ნიკოლას, ფედერიკა მოგერინიმ დღეს ახსენა სამი მიმართულება, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროპის ერთიანი თავდაცვის სისტემის მშენებლობას. ესაა სამეთაურო შტაბი, სასწავლო ცენტრი და სპეციალური ფონდი. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სარდლობაა. თქვენ რა იცით ევროკავშირის ამ სამხედრო სარდლობის შესახებ, რომელიც ბრიუსელშია, ქალაქში, სადაც ნატოს შტაბბინა მდებარეობს?

ნიკოლას გროს-ვერედი: ესაა მცირე სარდლობა მხოლოდ სამხედრო მისიებისათვის და არ გააჩნია აღმასრულებელი მანდატი. ევროკავშირს აქვს სამი სამხედრო მისია აფრიკაში: სომალიში, მალიზე და ცენტრალურ აფრიკაში. ესენია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილები და ეს, როგორც გითხარით, მცირე სარდლობა, დაახლოებით, 30 კაცისაგან შედგება. ოფიციალურად ეს შტაბი გაიხსნა გუშინ, 8 ივნისს. რაც შეეხება ნატოს შტაბს, რომელიც მონსში მდებარეობს, მისი დანიშნულებაა სხვა ალიანსის ეგიდით მიმდინარე სამხედრო მისიების კონტროლი და მართვა.

რადიო თავისუფლება: მაგრამ ამ ორი სამეთაურო ცენტრის არსებობა ხომ არ გამოიწვევს ფუნქციათა დუბლირებას და შესაძლებლობების დაქსაქსვას?

ნიკოლას გროს-ვერედი: ეს კარგი შეკითხვაა. თუმცა ნატოს არ ჰყავს და არ აპირებს ჰყავდეს საწვრთნელი ცენტრი აფრიკაში, რადგან აფრიკის ქვეყნებს არ სურთ ნატო. მათ სურთ ევროკავშირი, რადგან ევროპას ჰყავს სამხედრო შტაბი, რომელიც კოორდინაციას უწევს მისიებს და აქვს ფული. რაც შეეხება დუბლირებას, ეს შეუძლებელია. ნატოს სამხედრო შტაბში, მონსში, 800-ზე მეტი კაცია, ევროკავშირის სამხედრო სარდლობაში კი - მხოლოდ 30.დუბლირება როლებისა გამორიცხულია, რადგან ნატოს სარდლობა ატარებს ნატოს ოპერაციებს, ევროკავშირის სარდლობა კი - ევროკავშირის ოპერაციებს

რადიო თავისუფლება: ფედერიკა მოგერინიმ ახსენა საწვრთნელი სკოლა სარაგოსაში, ესპანეთში. თქვენ, მგონი, იქაც ხართ ნამყოფი. რას წარმოადგენს ეს ობიექტი?

ნიკოლას გროს-ვერედი: ეს არის სკოლა, სამხედრო სკოლა, რომელიც წვრთნის სამხედრო მფრინავებს ტაქტიკური ავიაციისათვის. ტაქტიკურში იგულისხმება მფრინავის უნარი, განახორციელოს ფრენა და დაშვება ნებისმიერი სირთულის ნიადაგზე - იქნება ეს უდაბნო თუ ნახევრად უდაბნო.ეს ძალიან რთულია. მანამდე ევროპელი მფრინავები იძულებულნი იყვნენ წასულიყვნენ წასულიყვნენ აშშ-ში, რასაც ძალიან დიდი დრო და ბევრი თანხა სჭირდებოდა, რის შესაძლებლობაც ყველა ევროპულ ქვეყანას არ გააჩნდა. იდეა ამ საწვრთნელი ცენტრისა არის ის, რომ გააერთიანოს რესურსები და მოამზადოს ევროკავშირში შემავალი ყველა ქვეყნის მფრინავები. ამ ცენტრის შექმნას სჭირდება მხოლოდ 10 % იმ თანხისა, რაც ამერიკის სამხედრო სასწავლებლებში მომზადებას სჭირდებოდა. ეს ძალიან მცირე ბიუჯეტია, რომელიც ყველა ევროპული ქვეყნის აქტივების გაერთიანებით იქმნება“.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება ბიუჯეტს, ეს არის სწორედ ევროპის უსაფრთხოების მესამე მიმართულება, რომელსაც ევროკავშირის ლიდერებმა უწოდეს „ევროპის თავდაცვის ფონდი“. რა თანხებია ამ ფონდში აკუმულირებული?

ნიკოლას გროს-ვერედი: ეს ფონდი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკომისიამ მისი შექმნის შესახებ განაცხადა. ფონდი ჯერჯერობით პროექტია, რომელიც 2018 წლის შემდეგ, უფრო ზუსტად, 2019 ან 2020 წელს დაიწყებს მოქმედებას. მაგრამ უკვე არსებობს ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, 500 მილიონი ევრო გამოიყოფა თავდაცვის ინდუსტრიის პროექტის შესაქმნელად. ეს არ არის ძალიან ბევრი, მაგრამ არც უმნიშვნელოა, რადგან აღემატება იმ ბიუჯეტს, რომელსაც მსგავს პროექტზე ხარჯავს, მაგალითად, გერმანია. ერთი სიტყვით, ევროკომისიამ ეს თანხა, 500 მილიონი ევრო, უკვე გამოყო, ახლა კი ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, რას მოხმარდეს ეს თანხა.

რადიო თავისუფლება: ევროპის თავდაცვის პროექტს რომ დავუბრუნდეთ... კულისებში ამბობენ, რომ არცთუ ისე ბევრია იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებსაც შეიძლება სურდეთ დამატებითი ფინანსური ტვირთის ტარება ევროპის არმიის დასაფინანსებლად. ამბობენ, რომ ეს იდეა დიდი მოწონებით არ სარგებლობს ბერლინში, რომელსაც არ სურს თავდაცვითი ხარჯების გაზრდა. რა იცით ამის შესახებ? რამდენად ეთანხმება გერმანია ევროპის თავდაცვითი პროექტის შექმნას?

ნიკოლას გროს-ვერედი: შესაძლოა, ევროკავშირის ყველა ქვეყანა არ ეთანხმებოდეს ყველა საკითხს ყველა პუნქტში, მაგრამ არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი ძირითად საკითხებში: საჭიროა უფრო მეტი ერთობლივი მოქმედება, უფრო მეტი თანხების ერთობლივი მობილიზება და უფრო მეტი შესაძლებლობებით ბრძოლა უკანონო მიგრაციის, ტერორიზმის, ჰიბრიდული ომის საფრთხისა დაკიბერსაშიშროების წინააღმდეგ. და გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და ევროკავშირის ძირითად წამყვანი ქვეყნები ამას ეთანხმებიან. შესაძლოა, ზოგიერთი ქვეყანა დიდი ხალისით არ ეკიდებოდეს ევროპის თავდაცვის გაერთიანების შექმნას, მაგრამ ისინი უმცირესობაში არიან. მეტსაც გეტყვით, თუ გერმანია და საფრანგეთი იქნებიან თანახმა, ევროპის თავდაცვის სისტემა აუცილებლად ჩამოყალიბდება.

რადიო თავისუფლება: მინდა გკითხოთ, როგორც ჟურნალისტს, ვინც ბევრს წერთ ჰიბრიდულ ომზე. კონფერენციაზე ევროპის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ დასახელდა ჰიბრიდული ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს აღმოსავლეთ უკრაინაში,ყირიმის ანექსია კი ითვლება ლამის შემობრუნების მომენტად რუსეთ-ევროპის ურთიერთობაში. მაგრამ ფაქტია, რომ ევროკავშირი არ აპირებს არც შეიარაღებით და არც პირადი შემადგენლობით უკრაინის დახმარებას. განა უპრიანი არ იქნებოდა, განა ევროპა უფრო დაცული არ იქნებოდა, რომ ევროკავშირს საფრთხე შეეჩერებინა მის სათავეშივე, ფრონტის ხაზზე, რომელსაც დღეს უკრაინა წარმოადგენს? აღარაფერს ვამბობ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომზე, რომელსაც საერთაშორისო ტრიბუნაზე თითქმის აღარ ახსენებენ?

ნიკოლას გროს-ვერედი: დიახ, ეს დავიწყებული კონფლიქტია, თქვენ მართალი ხართ. სინამდვილეში, კონფლიქტი უკრაინაში არ წარმოადგენს საფრთხეს ევროკავშირისათვის. ეს არის საფრთხე, დიდი საფრთხე უკრაინისათვის, მაგრამ არა ევროკავშირისათვის, აშშ-ისა და ნატოსთვის. შეიძლება სამომავლოდ იქცეს საფრთხედ, მაგრამ არა დღეს. რეალური საფრთხე ევროკავშირისა და ნატოსთვის ესაა დაეში, ექსტრემისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფო“.სირია, ერაყი, სომალი, მალი და ლიბია - ესაა დღეს ევროკავშირის მთავარი თავსატეხი და არა უკრაინა, რომელიც საფრთხეთა ჩამონათვალში შეიძლება სადღაც მე-15 ადგილზე იდგეს.ევროკავშირისათვის უფრო დიდი საფრთხეა ტერაქტები, რომლებიც ლამის ყოველ კვირას ხდება ევროპის 5 ან 6 სახელმწიფოში.

რადიო თავისუფლება:დაბოლოს, თქვენ საუბარში რამდენჯერმე ახსენეთ ნატო და მე ვიცი, რომ თქვენი გამოცემა, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებს აშუქებს, ბევრს წერს ალიანსში მიმდინარე პროცესებზეც. აგერ ახლახან, 7 ივნისს, ჩერნოგორია, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყანა, ნატოს 29 -ე წევრი ქვეყანა გახდა. და ამით, როგორც ჩანს, არ დასრულდება ალიანსის გაფართოების ისტორია. ჩემს ქვეყანაში, საქართველოში, პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ კარი ღიაა საქართველოსთვისაც და ეს არცთუ ისე შორეული პერსპექტივის საქმეა. თქვენ რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ საქართველოს ამ სურვილის, ამ მისწრაფების რეალიზება?

ნიკოლას გროს-ვერედი: სურვილი შეიძლება ყველას ჰქონდეს, მაგრამ გადაწყვეტილებას ნატო ღებულობს. ნატოში გაწევრების ერთ-ერთი პირობა კი ითვალისწინებს საკუთარი ტერიტორიების სრულ კონტროლს, რაც, როგორც ვიცით, საქართველოსათვის პრობლემას წარმოადგენს. საქართველომ, ჩემი აზრით, მკაფიო არჩევანი უნდა გააკეთოს: ან გახდეს ნატოს წევრი და შეელიოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ანდა უარი თქვას ნატოს წევრობაზე. შესაძლოა, ნატოს წევრებმა სამომავლოდ შეცვალონ წესები, მაგრამ „სამომავლოდ“ არ ნიშნავს „ხვალ“. წესი კი ასეთია: ნატოს ყველა წევრი ქვეყნის საზღვარი - ეს არის ნატოს საზღვარი. ისმის კითხვა: ხვალ სად იქნება ნატოს საზღვარი საქართველოში -აფხაზეთის ჩათვლით, თუ აფხაზეთის გარეშე?

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG