Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და რამდენი უნდა დააცადოს ნოდარ ხადურს?


უმთავრესად ეკონომიკური შინაარსის მიმართ არის პრეტენზიები, რომლებსაც ”ნაციონალური მოძრაობა”უყენებს ”ქართულ ოცნებას” ახალი მთავრობის დამტკიცების წინ. შესაბამისად, კრიტიკის საგანგებო სამიზნეა ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ხადური, რომელიც 19 ნოემბერს, მწვავე დისკუსიის ფორმატში, საპარლამენტო უმცირესობის შეკითხვებს პასუხობდა. რას ფიქრობენ ექსპერტები - რატომ არ იზრდება საქართველოს ეკონომიკა?

”ციფრებით ხალხი არ იკვებება, ხალხს უნდა რეალური ეკონომიკა”, - ამ სიტყვებით უპასუხა ნოდარ ხადურმა ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელთა შენიშვნებსა და რეპლიკებს ეკონომიკური ზრდის ტემპებთან დაკავშირებით. ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დარწმუნებულია, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” მთავრობა ეკონომიკური ზრდის ილუზიას ქმნიდა, ანუ ზრუნავდა პროცენტული მაჩვენებლების გაზრდაზე და სულაც არ ადარდებდა, რომ საზოგადოება ამ პროცესში ვერანაირ სარგებელს ვერ ღებულობდა. ამ კონტექსტის მაგალითებს შორის ნოდარ ხადური ასახელებს პარლამენტის ახალ შენობასაც, რაც 340 მილიონი ლარი დაჯდა:

”იმით, რომ ეს შენობა აშენდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ... მათ შორის, იუსტიციის სახლები, შეიქმნა ილუზია იმისა, რომ ეკონომიკაში არის სერიოზული ზრდა. სამწუხაროდ, ეს ასე არ იყო. 3,5%-ია საშუალო ზრდა ბოლო 9 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში, რეალურად”.

თუკი ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ლოგიკა მართებულია და წინა წლებში ეკონომიკის ზრდას ის მართლაც ”ილუზორულად” მიიჩნევს, მაშინ ”ნაციონალურ მოძრაობას” აინტერესებს, რატომ არ აიღო ათვლის წერტილად ”ქართულმა ოცნებამ” ასეთი დაბალი მაჩვენებელი და რატომ დაგეგმა 6%-იანი ზრდა, რაც შემდეგ რეალურად ვეღარ შეასრულა? გავიხსენოთ, რომ 2013 წლის ეკონომიკური ზრდის რეალური მაჩვენებელი ბევრად ჩამორჩება საპროგნოზო მაჩვენებელს და ის, პირველი ცხრა თვის მონაცემებით, 1.7%-ს შეადგენს.

შარშან 100 მილიონ ლარამდე იყო არადეკლარირებული საგადასახადო შეთანხმებები. ეს იყო ბიზნესისთვის შეწერილი ფული. მათ შორის - საშემოსავლოში იყო, სხვათა შორის. აი, ასე იყო...
ნოდარ ხადური
საკითხის ამგვარად დასმის საპასუხოდ, ნოდარ ხადურს, მაგალითად, მანამდეც არაერთხელ უთქვამს, რომ ახალ ხელისუფლებას სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის შეჩერება და გადახედვა მოუხდა, რადგანაც კომპანიებთან ტენდერების გაფორმების პროცესში კორუფციული გარიგებების მაღალი რისკი შეიმჩნეოდა. ამ ყველაფრის შედეგად, ვერ დაიხარჯა რამდენიმე ასეული მილიონი ლარი. ამასთან, ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ობიექტური მიზეზებით, შემცირდა სახელმწიფო დაფინანსების წილი სამშენებლო სექტორში.

19 ნოემბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გამართულ მოსმენაზე უმცირესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა დასვა შეკითხვა, რატომ შემცირდა საგადასახადო შემოსავლები 100 მილიონი ლარით წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. ნოდარ ხადური კლების ამგვარ ტენდენციას უკანონო შემოსავლების შემცირებით ხსნის:

”შარშან 100 მილიონ ლარამდე იყო არადეკლარირებული საგადასახადო შეთანხმებები. ეს იყო ბიზნესისთვის შეწერილი ფული. მათ შორის - საშემოსავლოში იყო, სხვათა შორის. აი, ასე იყო... ”

ნოდარ ხადურის მისამართით ერთ-ერთი მწვავე პრეტენზია პენსიების ზრდის თემასაც უკავშირდება. ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ ”ქართულმა ოცნებამ” შეასრულა დაპირება პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრების თაობაზე და რომ შემდგომი ზრდა 2015 წლიდან გაგრძელდება. ეს აქცენტები 19 ნოემბერს საკომიტეტო მოსმენაზეც დაისვა და ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი დეპუტატის გიორგი ვაშაძის შეკითხვებმა ნოდარ ხადურის ემოციური შეპასუხება გამოიწვია. ის შეეცადა ოპონენტისთვის შეუსრულებელი დაპირებაც შეეხსენებინა:

ვაშაძე: რატომ არ არის პენსიების ზრდა მომავალი წლის ბიუჯეტში? და როდის აპირებთ 230-ლარიანი პენსიის დაპირების შესრულებას მოქალაქეებისთვის?

ხადური: როდის გახადეთ 100 დოლარი პენსია, ბატონო გიორგი?

ვაშაძე: დავასრულებ, თუ შეიძლება...

ხადური: არა, არა, მითხარით, როდის გახადეთ 100 დოლარი პენსია? რამდენი წლის წინ?

ვაშაძე: ნუ ნერვიულობთ, ბატონო ნოდარ, დამშვიდდით.

ხადური: არა, კი არ ვნერვიულობ, ისევ ტყუილებს ამბობთ და ეგრე არ გამოვა...


პრეზიდენტი საზღვარგარეთ არასასურველ განცხადებებს აკეთებდა, რომ ქვეყანა ბრუნდება წარსულში და ასე შემდეგ. ეს, საბოლოო ჯამში, ინვესტორთა განწყობაზე, რა თქმა უნდა, აისახა. ამან განაპირობა ინვესტორების გადაყვანა მოლოდინის რეჟიმში...
ირაკლი ლექვინაძე
რეალობა, რომელიც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შემცირებით ხასიათდება, გასაკვირი არ არის ექსპერტისთვის ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძისთვის. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს პროცესი, დიდწილად, ინვესტიციების შეფერხებამ გამოიწვია, რაც, თავის მხრივ, შიდაპოლიტიკური დაპირისპირებით იყო განპირობებული:

”იყო ძალიან მძიმე წინასაარჩევნო პოლიტიკური გარემო 2012 წელს. ამას დავამატოთ ის, რომ იყო კოჰაბიტაციის რეჟიმი: პრეზიდენტი იყო ოპოზიციაში, ხოლო მთავრობა იყო სხვა გუნდი და ისინი მწვავედ აკრიტიკებდნენ ერთმანეთს. პრეზიდენტი საზღვარგარეთ არასასურველ განცხადებებს აკეთებდა, რომ ქვეყანა ბრუნდება წარსულში და ასე შემდეგ. ეს, საბოლოო ჯამში, ინვესტორთა განწყობაზე, რა თქმა უნდა, აისახა. ამან განაპირობა ინვესტორების გადაყვანა მოლოდინის რეჟიმში”.

ახლა, როცა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, კოჰაბიტაცია დასრულებულია და ეკონომიკური ზრდის ხელშემშლელად დასახელებული მიზეზებიც მოხსნილია დღის წესრიგიდან, ნოდარ ხადურს ფინანსთა მინისტრის პოსტზე მუშაობა გარკვეული დროით კვლავ უნდა აცალონ, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ბიზნესადმინისტრირების დოქტორი გიორგი აბაშიშვილი მავანთა იმ მოლოდინის საპასუხოდ, რომ ნოდარ ხადურს აღარ იხილავდნენ ახალ მთავრობაში. გიორგი აბაშიშვილი ფიქრობს, რომ რეალური შედეგები რამდენიმე თვეში გამოჩნდება და სწორედ ამის შემდეგ უნდა განვიხილოთ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის წარმომადგენლების და, მათ შორის, ნოდარ ხადურის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხიც.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG