Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: ვაშინგტონი სათანადო პასუხს გასცემს რუსეთის მხრიდან აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მცდელობას


ბარაკ ობამა
ბარაკ ობამა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სათანადო პასუხს გასცემს რუსეთის მხრიდან აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მცდელობას. საზოგადოებრივი რადიოსთვის, ენ-პი-არ-ისთვის, მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 15 დეკემბერს გადაიცა, ობამამ, კერძოდ, თქვა: „ვფიქრობ, ეჭვგარეშეა, რომ, როცა უცხოეთის რომელიმე ქვეყნის მთავრობა ცდილობს, გავლენა მოახდინოს ჩვენი არჩევნების სანდოობაზე, ჩვენ რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ. მოვიმოქმედებთ კიდეც - და საამისოდ თვითონ შევარჩევთ დროსა და ადგილს. ჩვენი ზომებიდან ზოგი, შესაძლოა, აშკარა და საჯაროდ გამოცხადებული იყოს, ხოლო ზოგი - არა. ასეა თუ ისე, ბატონმა პუტინმა კარგად იცის, როგორია ყოველივე ამისადმი ჩემი დამოკიდებულება, რადგან მას დაუფარავად ვუთხარი ყველაფერი.“ ბოლო დღეებში თეთრი სახლის წარმომადგენლებმა რამდენიმეჯერ განაცხადეს, რომ „ჰაკერული შეტევების“ ბრძანება პირადად გასცა რუსეთის პრეზიდენტმა. მაგალითად, 15 დეკემბერს თეთრი სახლის მრჩევლის მოადგილემ ეროვნული უშიშროების საკითხებში ბენ როუდსმა თქვა, რომ იმ მასშტაბის კიბერიერიშს, რომელიც რუსეთის მხრიდან განხორციელდა, აუცილებლად დასჭირდებოდა პრეზიდენტ პუტინის განკარგულება.

XS
SM
MD
LG