Accessibility links

20 ოპოზიციური პარტია ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დაწყებას ელოდება


პოლიტიკური ოპოზიცია მზადაა ხელისუფლებასთან დიალოგი აწარმოოს და ორმხრივი კომპრომისების საფუძველზე მიაღწიოს შეთანხმებას კონსტუტიციის ცვლილებების პროექტზე. 20 ოპოზიციური პარტიის ძირითად მოთხოვნად რჩება შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წლიდან. ოპოზიცია ხელისუფლებისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელის, თუმცა მმართველი ძალის წარმომადგენელთა განცხადებებიდან ირკვევა, რომ წითელი ხაზი „ქართული ოცნებისთვისაც“ პროპორციული საარჩევნო სისტემის მხოლოდ 2024 წლიდან ამოქმედების გადაწყვეტილებაზე გადის.

20 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები კონსტიტუციის ცვლილებების პროექტზე ხელისუფლებასთან დიალოგის საგნად ძირითადად მიიჩნევენ პროექტს, რომელიც ვენეციის კომისიას გაეგზავნა განსახილველად. მმართველი პარტიის თვითნებურ ჩარევამდე, ამ პროექტში ასახული იყო პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო საზოგადოების შეთანხმებული გადაწყვეტილება, სამართლიანი საარჩევნო სისტემა, პროპორციული სისტემის სახით, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ამოქმედებულიყო. თუმცა, როგორც „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ, განუცხადა მედიას 20 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა ორსაათიანი თათბირის შემდეგ, ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე წინასწარი მოთხოვნების გარეშე მიდის:

სამართლიანი პროპორციული სისტემა რა არის, როგორ გვესმის, ამაზე ვილაპარაკებთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ამასთან დაკავშირებით პარტიებს გვაქვს ჩვენ-ჩვენი პოზიციები...
თამარ კორძაია

“შეხვედრა როცა წინ არის, წინასწარი დეკლარირება ჩაითვლება ჩვენი მხრიდან ან ულტიმატუმად, ან პირობების დაყენებად. ჩვენ არ ვაყენებთ ულტიმატუმებსა და პირობებს, ჩვენ მზად ვართ ყველა საკითხზე გავმართოთ მსჯელობა და ორიენტირებული ვიყოთ შეთანხმებისკენ“.

შეთანხმება კი, „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივნის, თამარ კორძაიას, თანახმად, უნდა შედგეს სამართლიან საარჩევნო სისტემაზე, ანუ პროპორციულ სისტემაზე, არა გადავადებით, არამედ დაუყოვნებლივ გადასვლასთან დაკავშირებით:

“სამართლიანი პროპორციული სისტემა რა არის, როგორ გვესმის, ამაზე ვილაპარაკებთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ამასთან დაკავშირებით პარტიებს გვაქვს ჩვენ-ჩვენი პოზიციები. მაგრამ ყველანი ვთანხმდებით ერთ რამეზე, რომ მოლაპარაკება უნდა დაიწყოს, ხელისუფლებამ უნდა გადმოდგას კონკრეტული ნაბიჯები და საუბრის თემა უნდა იყოს, ნომერი პირველი, სამართლიან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ხელისუფლებამ შეიყვანა ჩიხში ქვეყანა, ხელისუფლებამ მოატყუა ყველა აქტორი ამ პროცესში, მან შექმნა კრიზისული ვითარება. ამ კრიზისული ვითარებიდან გამოსავალიც მისი მოსანახია“.

ჩვენ 70-80 პროცენტზე მეტი გავითვალისწინეთ ოპოზიციური პარტიების, ექსპერტების, დამოუკიდებელი ექსპერტების - მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების - შენიშვნები და ჩვენი ქმედითი ნაბიჯები გადავდგით კონსენსუსის მიღწევის საქმეში...
მამუკა მდინარაძე

მეორე მხრივ, თამარ კორძაია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, ბოლოდროინდელი განცხადებების გამო, მოლაპარაკებების პროცესის შედეგიანობას სკეპტიკურად უყურებს. ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ კონსტიტუციის პროექტი მეორე მოსმენით განხილვას აღარ დაუბრუნდება, შემოდგომაზე იგი უმრავლესობის კონსენსუსით მოწონებული ფორმატით დამტკიცდება, ოპოზიციასთან შეთახმების შემთხვევაში კი ახალი პროექტის ინიცირება მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება. ის, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლება დათმობას არ აპირებს, ხელისუფლების წარმომადგენელთა 14 ივლისს გაკეთებულ განცხადებებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

„ზემოქმედება შესაძლებელია კონსტიტუციის ამ პროექტზე, მაგრამ არა პროცედურების დარღვევით...არის გარკვეული სეგმენტი, სადაც შესაძლებელია კონსენსუსის მიღწევა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კი ამბობს, რომ მომავალი არჩევნების შერეული სისტემით გამართვის გადაწყვეტილება გუნდის შიგნითაა მიღებული და, სავარაუდოდ, არ გადაიხედება:

“ჩვენ 70-80 პროცენტზე მეტი გავითვალისწინეთ ოპოზიციური პარტიების, ექსპერტების, დამოუკიდებელი ექსპერტების - მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების - შენიშვნები და ჩვენი ქმედითი ნაბიჯები გადავდგით კონსენსუსის მიღწევის საქმეში. ახლა არის ჯერი მათზე, იქნებ დიალოგის ფორმატში მაინც გავიგოთ პასუხი მთავარ კითხვაზე, რა შემთხვევაში დაუჭერენ ისინი კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს მხარს. ერთ-ერთი წითელი ხაზი, შემიძლია დაგიდასტუროთ, პროპორციულზე გადასვლაა და ეს საკითხი არ გადაიხედება. 2020-ის საკითხს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ, თუმცა გუნდის შიგნით ამაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია და, ალბათ, ეს საკითხი არ გადაიხედება“.

მამუკა მდინარაძე აღნიშნავს იმასაც, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგის ფორმატის შესახებ გადაწყვეტილებას შიდა კონსულტაციების - მათ შორის, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის კონსულტაციების - შედეგად მიიღებს. გავრცელებული ცნობით, შეხვედრა მომავალ კვირაში გაიმართება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG