Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მათ ხომ მხოლოდ პოლიტპატიმრების მხარდაჭერა სურდათ"


луп канск2.mp4

ავტორი: ვიქტორ ბორისოვი

10 თებერვალს აღმოსავლეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ განაჩენი გამოუცხადა სამ მოზარდს რუსეთის ქალაქ კანსკიდან, რომლებსაც ტერორისტულ საქმიანობაში ედებოდათ ბრალი. ორ მათგანს პირობითი სასჯელი მიუსაჯეს. 16 წლის ნიკიტა უვაროვს კი, რომელმაც უარი თქვა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა აღმზრდელობით კოლონიაში. უვაროვმა არ აღიარა ბრალი და ოპერატიული თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური ძალადობის შესახებ იჩივლა. მის წინააღმდეგ ბრალდება აგებულია ჩვენებებზე, რომლებიც მისცეს მისმა ამხანაგებმა და მოწმემ, რომელსაც მანამდე ასევე მიესაჯა პირობითი პატიმრობა.

„ნიკიტა, არ დაიჩოქო“

„მაგრად იყავი. სულელი არ ხარ, ყველა ჩვენგანზე უფრო ჭკვიანი ხარ ზოგიერ საკითხში. მაპატიე, რომ ვერ გაგათავისუფლე. მაგრამ ყველაფერი გავაკეთე, რაც ვიცოდი,“ ეუბნება ადვოკატი ვლადიმირ ვასინი 16 წლის ნიკიტა უვაროვს, რომელსაც „რუსეთის ყველაზე ახალგაზრდა ტერორისტად“ მოიხსენიებენ.

„ნიკიტა, არასოდეს არავის არ დაუჩოქო და მაშინ პატივს გცემენ!“ - იძახის ვიღაც შეკრებილთაგან, როცა უვაროვს ბადრაგი მანქანაში სვამს და მიჰყავთ.

კანსკელი მოზარდების ამბავი საზოგადოებრიობისთვის „Minecraft-ის საქმის“ სახელითაა ცნობილი. კანსკის 21-ე სკოლის მერვეკლასელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა იმ ბრალდებით, რომ მათ კომპიუტერულ თამაშში, Minecraft-ში, სურდათ ფსბ-ს შენობის აგება და აფეთქება. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია. ნიკიტა უვაროვი და მისი ორი ამხანაგი 2020 წლის ზაფხულში დააკავეს, როცა ისინი პროკლამაციებს აკრავდნენ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტის, აზატ მიფტახოვის მხარდასაჭერად. მიფტახოვს ექვსი წლით კოლონიაში პატიმრობა მიესაჯა მმართველი პარტიის, „ედინაია როსიის“ ოფისისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის.

ერთ-ერთი პროკლამაცია მოზარდებმა გააკრეს ფსბ-ს ქალაქის სამმართველოს შენობის კედელზე. დაკავების შემდეგ სამართალდამცავებმა ყმაწვილებს ჩამოართვეს ტელეფონები და მათ შორის მიმოწერის შესახებ ინფორმაცია მოიპოვეს (დაცვა მიიჩნევს, რომ ეს უკანონოდ გაკეთდა). ტელეფონში იპოვეს რამდენიმე ჩეტი, სადაც მოზარდებს მოჰყავდათ, მაგალითად, კურტ კობეინის, პიოტრ კროპოტკინის, ეგორ ლეტოვის ციტატები ან ასეთი ფრაზები: „ჩვენ სახელმწიფოს წინააღმდეგი ვართ. ის ჩვენ არ გვჭირდება. ისევე, როგორც არ გვჭირდება ფული“. ასევე იყო ციტატები წიგნებიდან, რომლებიც რუსეთში ექსტრემისტულად მიიჩნევა. ექსპერტიზის თანახმად, ნიკიტა უვაროვი ინტერნეტში ათავსებდა მასალებს, რომლებიც „შეიცავს უიმედობას, განადიდებს ამბოხების მნიშვნელობას და მასში მტრული დამოკიდებულებაა გამოხატული რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ“.

მაგრამ ყველაფერი ონლაინ არ ხდებოდა. ბიჭები პიროტექნიკას აფეთქებდნენ უკაცრიელ ადგილებში, მაგრამ, როგორც მოგვიანებით თავადაც თქვეს, ამას მხოლოდ და მხოლოდ გასართობად აკეთებდნენ. ჩხრეკისას მათ აღმოუჩინეს ქიმიკატები, რომლების ყიდვა აფთიაქში შეიძლება, თავად ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოუჩენიათ.

სამივეს ბრალი დასდეს „ტერორისტული საქმიანობის მიზნით სწავლებებში“, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებაში, შენახვასა და ტარებაში. აგრეთვე გაიხსნა საქმე „ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის“ შესახებ, მაგრამ ის სასამართლომდე დახურეს მტკიცებულებების არარსებობის გამო.

გამოძიების ვერსიით, ნიკიტა უვაროვი ანარქისტულ იდეოლოგიას მისდევდა და კანსკში ტერორისტულ აქტს გეგმავდა, რისთვისაც დახმარება სთხოვა თავის ორ მეგობარს. ამ ვერსიით, ისინი თითქოს დათანხმდნენ და შემდეგ სავარჯიშოდ დაამზადეს ორი „მოლოტოვის კოქტეილი“ და ოთხი სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობა.

კანსკელი მოზარდების დაპატიმრება
კანსკელი მოზარდების დაპატიმრება

ანარქისტებისა და პოლიტპატიმრების მხარდამჭერი

საქმესთან დაკავშირებით მთავარი მტკიცებულებები გახდა უვაროვის ამხანაგების, ბოგდან ანდრეევისა და დენის მიხაილენკოს ჩვენებები. გარდა ამისა, გამოძიება აგებული იყო მოწმის, ბარნაულში მცხოვრები 18 წლის არტიომს ჩვენებებზე.

ისიც მონაწილეობდა კანსკელ მოზარდებთან ჩეტში, 2021 წლის დეკემბერში კი პირობითი პატიმრობა შეეფარდა დანაშაულის დაფარვისთვის, თუმცა მაშინ თავად დანაშაულის ფაქტი ჯერ არ იყო დამტკიცებული - განაჩენი მხოლოდ 10 თებერვალს გამოიტანეს. ჩვენებებში არტიომმა დაწერა, რომ ნიკიტამ მასთან პირად მიმოწერაში გამოთქვა „ფსბ-ს შენობის აფეთქების სურვილი“. მაგრამ სასამართლოს მსვლელობისასა არტიომმა დააზუსტა, რომ ეს მისი პირადი წარმოდგენაა, რომელიც უვაროვთან მიმოწერით შეექმნა.

პროკურატურამ 9 წლით კოლონია მოითხოვა ნიკიტა უვაროვისთვის და ექვს-ექვსი დანარჩენი ორი ბრალდებულისთვის. უვაროვს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს აღმზრდელობით კოლონიაში. ბოგდან ანდრეევისა და დენის მიხაილენკოს წინააღმდეგ შეწყვიტეს სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის ბრალდებით და მათ ოთხი და სამი წელი მიიღეს პირობით. უვაროვმა დანაშაული არ ცნო. წინასწარი დაკავების იზოლატორში მან გაატარა 11 თვე, რასაც მას პატიმრობის ვადიდან გამოუქვითავენ. სასჯელის გამოცხადების შემდეგ ის ბადრაგმა გაიყვანა სასამართლოს დარბაზიდან.

„ვღელავ, განვიცდი, არ ვიცი, რას უნდა ველოდო,“ უთხრა ნიკიტამ ჟურნალისტებს სასამართლოს დღეს. „იმის დიდი ალბათობაა, რომ რეალურ ვადას მომისჯიან და ამიტომ მისთვის მზად ვარ. უარვყოფ, რომ ტერაქტებს ვამზადებდით და უარვყოფ ზოგიერთ მტკიცებულებას, რომელიც წარმოადგინა გამოძიებამ. ჩვენ მხარს ვუჭერდით ანარქისტებს, ანტიფაშისტებს და, საერთოდ, პოლიტპატიმრებს, რომლებიც არიან ჩვენს ქვეყანაში. დიახ, ჩემი მრწამსით ანარქისტი ვარ. ეს სიმართლეა. დროის უკან გადახვევა რომ შეგვეძლოს, ასეთ რამეებს აღარ გავაკეთებდით, რასაც კომპრომეტირება შეუძლია - პიროტექნიკას, არ გადავიღებდით ამას ვიდეოზე. ძალზე მკვეთრ განცხადებებს არ გავაკეთებდით. მაგრამ მაინც არ ვიტყოდი უარს ჩემს აქტივისტურ საქმიანობაზე.“

უვაროვის თქმით, პიროტექნიკით ისინი ერთობოდნენ. ბოგდანს უკვე ჰქონდა ცოდნა ამ სფეროში, თავად მასაც აინტერესებდა.

„ციხით და ხანგრძლივი პატიმრობით გვემუქრებოდნენ, თუ არ ვაღიარებდით. ასევე პირადად ჩემზე ფიზიკურ ძალადობასაც მიმართავდნენ. ერთხელ მანქანაში კეფაში დამარტყეს, ვინაიდან თანამშრომელს არ მოეწონა, რომ ვახსენე პიროტექნიკა და არა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები, როგორც მას სურდა მოესმინა. კიდევ ერთი თანამშრომელი ყელში მიჭერდა, როცა სახელს და გვარს არ ვამბობდი. ფაქტობრივად, მოგვიტაცეს. საკუთარი ვინაობა არანაირად არ წარმოგვიდგინეს. უბრალოდ აგვიყვანეს, გაგვჩხრიკეს, მანქანაში ჩაგვტენეს და წაგიყვანეს,“ ჰყვება უვაროვი.

„უმაღლესში შესვლასაც კი შეძლებენ“

ბოგდან ანდრეევის ადვოკატის, ანტონ კოლოსოვის თქმით, ადვოკატებს იმედი ჰქონდათ, რომ ორი მოზარდის წინააღმდეგ საქმე წინასწარი გამოძიების სტადიაზევე შეწყდებოდა, მაგრამ საქმე მაინც მივიდა სასამართლომდე.

„ბიჭები მთლიანად გაათავისუფლეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ვინაიდან თავდაპირველად აქტიურად ეხმარებოდნენ გამოძიებას და დანაშაულის გახსნას... მაგრამ წინასწარი გამოძიების ორგანოებმა არ შეწყვიტეს საქმე, თუმცა ჯერ კიდევ ამ სტადიაზე იყვნენ ვალდებული, ეს გაეკეთებინათ,“ თქვა კოლოსოვმა.

მისი თქმით, მთავარი იყო, ბიჭები არ ჩაესვათ. „ვინაიდან მალე უმაღლესში აპირებენ სწავლის გაგრძელებას და სასამართლო და ორი წლის საცდელი ვადა საიმისო დროა, რომ დაამტკიცონ, რომ გამოსწორების გზაზე დადგნენ, რათა უმაღლესში მოხვდნენ. არ გაუფუჭეს ბედი, სასამართლო ძალიან სამართლიანად მოიქცა,“ დასძინა კოლოსოვმა.

კანსკი
კანსკი

ნიკიტა უვაროვის მეგობრებიც ჩიოდნენ ფსბ-ს თანამშრომლების უკანონო მოქმედებებზე მოზარდების დაკავების დროს. ფსბ-მ საგამოძიებო საქმიანობა ადვოკატებისა და კანონიერი წარმომადგენლების მისვლამდე დაიწყო.

„ვიფიქრებთ, გავასაჩივროთ თუ არა განაჩენი,“ ამბობს კოლოსოვი. „ამისთვის ათი დღე გვაქვს. ვფიქრობ, პროკურორი აუცილებლად გაასაჩივრებს და რომ არ გამოვიდეს ისე, რომ სამხედრო სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ პროკურორის არგუმენტებმა გაიჟღეროს, ჩვენც შევიტანთ სააპელაციო სარჩელს. მაგრამ ეს ასი პროცენტით ზუსტი არ არის, ვინაიდან ყველაფერი დამოკიდებულია კლიენტის სურვილზე.“

არც მეორე მოსწავლის დაცვაა დარწმუნებული, გაასაჩივრებს თუ არა განაჩენს. ჯერჯერობით ადვოკატები უნდა გაეცნონ განაჩენის დასაბუთების ნაწილს, რაც 100 გვერდამდეა.

როგორც დენის მიხაილენკოს ადვოკატმა ვლადიმირ ილკოვმა უთხრა ჟურნალისტებს, დანაშაულის მომენტისთვის ბიჭები 14 წლის იყვნენ და უბრალოდ ვერ აცნობიერებდნენ, რომ ასაფეთქებელ მოწყობილობებთან ჰქონდათ საქმე. „მათი მიზანი არ ყოფილა ყოველივე ამის რაიმე ტერორისტული მიზნებისთვის გამოყენება. საჭირო იყო ლამაზად აფეთქება, ვიდეოზე გადაღება, ქსელში გამოქვეყნება, ლაიკების მიღება,“ აცხადებს ილკოვი.

„ჩვენგან განსხვავებით, მათ აინტერესებდათ ვითარება“

ნიკიტას დედამ, ანა უვაროვამ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სააპელაციო სასამართლოში აპირებს საჩივრის შეტანას. უახლოეს დღეებში ის ვაჟს წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულებს.

სასამართლო პროცესის შესახებ ის ამბობს, რომ ნიკიტას ამხნევებდა და ეუბნებოდა, რომ მის მხარდასაჭერად მრავალი ადამიანი რეკავს და იწერება.

„იქნებ არ იყო სწორი, მაგრამ მე მას გამამართლებელი განაჩენისთვის ვამზადებდი. და სასამართლოში კარგ ხასიათზე მიდიოდა. ოპტიმისტურად იყო,“ ამბობს ნიკიტას დედა.

ნიკიტა უვაროვის წიგნები და რვეულები
ნიკიტა უვაროვის წიგნები და რვეულები

ანა უვაროვამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ნიკიტას ორ ამხანაგს, რომლებსაც პატიმრობა არ მიუსაჯეს, ციხეს არ უსურვებს, მაგრამ უკმაყოფილოა, რომ მათ სწრაფად მისცეს აღიარებითი ჩვენებები, რამაც მისი ვაჟის საქმე დაამძიმა.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკიტა უვაროვს ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა, დედამისი არ ნანობს, რომ მან თავი დამნაშავედ არ ცნო.

„ასეთი საქმე საერთოდ არ უნდა აღძრულიყო. ყველაფერი სწორად გავაკეთეთ. გვეჭირა პოზიცია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა საკუთარი აზრის გამოხატვა. მათ ხომ მხოლოდ პოლიტპატიმრების მხარდაჭერა სურდათ. ისინი უბრალოდ ხედავდნენ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და აინტერესებდათ ის, ჩვენგან, უფროსებისგან განსხვავებით. ამის მერე რომ თქვა, არაფერს ვაღიარებ, შეცდომა მომივიდაო? არა, ბატონო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ტყუილად არაფერს ჩაუვლია. არაფრის აფეთქებას არ აპირებდნენ და, ვფიქრობ, ეს ჩვენ დავამტკიცეთ, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის მიუხედავად. სასამართლოს შეწყალება სთხოვო და უარყო, რათა უბრალოდ შეგიმცირონ ვადა? არა, ნიკიტა ასეთი არ არის,“ განაცხადა ანა უვაროვამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG