Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი მთავარი პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას მოითხოვს


სახალხო დამცველმა მთავარ პროკურატურას მიმართა წინადადებით დაიწყოს გამოძიება მსჯავრდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ არასათანადო მოპყრობის თაობაზე. როგორც სახალხო დამცველის წერილშია ნათქვამი, მსჯავრდებული სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მითითება გამოიგზავნა. სამკურნალო დაწესებულებაში სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ისიც დაერთო, რომ მსჯავრდებულს, შინაგანაწესის დარღვევის გამო, 1-თვიანი ადმინისტრაციული სასჯელიც დაუმატეს. გიორგი ოქროპირიძე სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა 24 დეკემბერს მოინახულეს. მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები ომბუდსმენმა მთავარ პროკურატურას წერილობით აცნობა.

გიორგი ოქროპირიძე სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 1 დეკემბერს გადაიყვანეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ ოქტომბერში გამოგზავნილი მითითების საფუძველზე. სტრასბურგის სასამართლოს მან სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე წლის აპრილში მიმართა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. სამკურნალო დაწესებულებაში მოხვედრის შემდეგ კი მისი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა დაიწყო. გიორგი ოქროპირიძე 2009 წლიდან იხდის სასჯელს და 13 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. როგორც სახალხო დამცველის მიერ მთავარი პროკურატურისთვის გაგზავნილ მიმართვაში ვკითხულოთ:

”მას სისტემატურად აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ დაწესებულების სარეჟიმო სამსახურის უფროსი ალექსანდრე თოლორდავა, დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გიორგი ავსაჯანიშვილი და სხვა თანამშრომლები, ასევე სასჯელის დამატებით ემუქრებოდა სოციალური სამსახურის უფროსი ზურაბ ბულბულაშვილი.”

სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნათია იმნაძე, მსჯავრდებულის მონაყოლზე დაყრდნობით, ამბობს, რომ ზეწოლა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება:

”სოციალური სამსახურის უფროსი ზურაბ ბულბულაშვილი მივიდა მასთან და უთხრა, რომ თუ არ გაჩერდებოდა და იმის გამო, რომ მას სტრასბურგში ჰქონდა სარჩელი, დააკისრებდნენ ადმინისტრაციულ სასჯელს და შემდეგ კიდევ სხვა მუქარები მოჰყვა ამას და რომ ყველა თანამშრომელი მის წინააღმდეგ გამოვიდოდა მოწმედ, რაც სიტყვასიტყვით განხორციელდა. ის ადმინისტრაციულ სასამართლოში წაიყვანეს. გიორგი ავსაჯანიშვილი, რომელიც, ამ ადამიანის თქმით, მასზე ზეწოლას ახორციელებს, გამოვიდა მოწმედ, რომ გიორგი ოქროპირიძემ დაარღვია რეჟიმი და შინაგანაწესი და მას დაეკისრა ერთი თვით ადმინისტრაციული პატიმრობა.”

ნათია იმნაძისავე განმარტებით, სახალხო დამცველი პროკურატურას წინასწარი გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართავს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს კი სთხოვს, სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში, მსჯავრდებული გადაიყვანონ სხვა სამკურნალო დაწესებულებაში ან სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც შეხება არ ექნება არსებულ ადმინიტრაციასთან.

ადვოკატ ლია მუხაშავრიას განცხადებით, იმ მსჯავრდებულების მიმართ, რომელთაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აქვთ სარჩელი შეტანილი, არასათანადო მოპყრობის ფაქტები, მართლაც, სიმპტომატური გახდა. ლია მუხაშავრია იხსენებს, რომ პირველად ასეთი პრაქტიკის შესახებ 2009 წელს შეიტყო და ძალიან გაუჭირდა ამის დაჯერება. მაშინ რამდენიმე პატიმარს სწორედ სარჩელის გამო სცემეს:

„განსაკუთრებით სასტიკად სცემეს იმ პატიმრებს, რომელთაც სტრაბურგში ჰქონდათ საქმე გასაჩივრებული. მე ეს საკითხი სტრასბურგშიც დავსვი და იქ ეს საკითხი ცნობილია. მაშინ ეს იყო პირველი ასეთი ფაქტი და მეც გამიჭირდა ამის დაჯერება. ახლა ეს ტენდენცია გამოიკვეთა. ვფიქრობ, რომ ეს არის სახელმწიფოს ნება და სახელმწიფოს პოლიტიკის გამოხატულება, რაც უნდა იყოს ძალიან მკაცრად დასჯილი, რადგან სახელმწიფოს აკისრია ევროკონვენციით ვალდებულება ხელი შეუწყოს - არათუ შეუშალოს - გასაჩივრების უფლების უზრუნველყოფას.”

ლია მუხაშავრიას განმარტებით, ზეწოლა ან მუქარა იმ პირის მიმართ, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოში აქვს შეტანილი სარჩელი, ევროკონვენციის 34-ე მუხლის დარღვევაა - ეს ცალკე მსჯელობის საგანი უნდა გახდეს და, რაც მთავარია, სტრასბურგის სასამართლოსაც ეუწყოს.

მთავარი პროკურატურიდან კი, რომელიც ომბუდსნების წერილის ადრესატია, კომენტარის მიღება მთელი დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა, მიუხედავად შეპირებისა.

ვითარებაში გარკვევას და შესაბამისი პასუხის გაცემას გვპირდებოდნენ სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროშიც, მაგრამ ამ დრომდე პასუხი ვერც იქიდან მივიღეთ. სახალხო დამცველის ოფისში კი აცხადებენ, რომ, სამწუხაროდ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში მათ მიერ გაგზავნილი წერილები ხშირად უპასუხოდ და რეაგირების გარეშე რჩება.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG