Accessibility links

რას მოგვითხრობს სახალხო დამცველის 843-გვერდიანი ანგარიში


უჩა ნანუაშვილი

პირველ აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა მედიას გააცნო ანგარიში 2016 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. გასულ წელს სახალხო დამცველის აპარატში მოქალაქეების მიერ 8 827 განცხადება/საჩივარი შევიდა. 843-გვერდიან ანგარიშში კი, ტრადიციულად, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისითაა შეფასებული ვითარება ციხეებში, აგრეთვე რამდენადაა დაცული სამართლიანი სასამართლოს და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, ქალთა და ბავშვთა, შშმ პირთა, ლგბტ თემის წარმომადგენელთა, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებები და ა.შ. სახალხო დამცველმა ანგარიში უკვე გაუგზავნა საქართველოს პარლამენტს.

როგორც სახალხო დამცველის 843-გვერდიან ანგარიშში ვკითხულობთ, 2016 წლის მონიტორინგის თანახმად, საქართველოში კვლავ მწვავედ დგას პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრობლემა. 2015 წელთან შედარებით, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებულ პირთა რაოდენობა შემცირებულია, თუმცა გაზრდილია დაზიანებით შესახლებულ და პოლიციის მიმართ პრეტენზიების მქონე პირთა რაოდენობა. 2015 წელთან შედარებით, ასევე გაზრდილია დაკავებისას ან დაკავების შემდგომ სხეულის დაზიანების შემთხვევათა რაოდენობაც.

რაც შეეხება დადებით მხარეს, საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ინსტრუქციის დამტკიცებას, იზოლატორებში შემოსული საჩივრების განხილვის 5-დღიანი ვადის დაწესებას, ასევე ვიდეოჩანაწერის შენახვის მინიმალური ვადის განსაზღვრას.

მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა ოჯახში ძალადობის გამოვლენის მაჩვენებელი, თუმცა ამან, ამავდროულად, გააჩინა დამატებითი სერვისების საჭიროების აუცილებლობა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ რისკების შეფასების მეთოდოლოგია, ასევე თავშესაფრის დატოვების შემდეგ სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერისკენ მიმართული პროგრამების არარსებობა ძალიან მძიმედ აისახება ოჯახში ძალადობის თითოეულ შემთხვევაზე...

„პენიტენციურ დაწესებულებებში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება პატიმართა შორის ძალადობის პრევენცია, ციხის კრიმინალური სუბკულტურის ზეგავლენის წინააღმდეგ ქმედითი ზომების მიღება და წესრიგის დაცვა, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, განპირობებულია დაწესებულებებში პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისკენ მიმართული აქტივობების სიმწირით. დახურული ტიპის დაწესებულებებში არსებული ინფრასტრუქტურა არ აძლევს პატიმრებს საშუალებას დაკავდნენ სპორტით ან სხვა აქტივობით, რაც უარყოფითად აისახება მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე“.

ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, 2016 წელს წითელ ხაზად გასდევდა პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების ხელყოფის ან ხელყოფის მუქარის ფაქტები. რამდენიმე თვის განმავლობაში საჯარო პირთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები პერმანენტულად ვრცელდებოდა სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა ვებგვერდებზე. საქართველოს მთავარ პროკურატურას ჯერ კიდევ არ დაუდგენია აღნიშნული კადრების ინტერნეტსივრცეში გამავრცელებელი ან მუქარის განმახორციელებელი პირები. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ადეკვატური ზომები არ გატარებულა არც აგვისტოში გავრცელებულ წამების კადრებთან დაკავშირებით. საქართველოს სახალხო დამცველი არასაკმარისად მიიჩნევს საქართველოს პროკურატურის საქმიანობას აღნიშნული დანაშაულების გამოძიების საქმეში და მოუწოდებს მას, იმოქმედოს დროულად და ეფექტურად და პასუხისგებაში მისცეს ყველა ის პირი, ვინც შექმნა, მოიპოვა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. უჩა ნანუაშვილმა პირველ აპრილს განაცხადა ასევე, რომ დაგვიანებული იყო სამართალდამცავთა რეაგირება 2017 წლის 11-12 მარტს ბათუმში მომხდარ ინციდენტზე, სადაც საპროტესტო აქცია სწრაფად გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და გადაიზარდა დაპირისპირებაში, რომელსაც შედეგად ძალადობა, ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება და ქონების განადგურება მოჰყვა.

საინტერესოა ისიც, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში არც სახალხო დამცველის მიმართვის შედეგად დაწყებულა რომელიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა.

საქართველოს სახალხო დამცველი საანგარიშო პერიოდში აკვირდებოდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე სასამართლო პროცესს, ისევე როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს. სახალხო დამცველი აღნიშნულ საქმეებს მედიის თავისუფლების კონტექსტში განიხილავს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უნდა გამოირიცხოს ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევის საფრთხე.

სახალხო დამცველის განცხადებით, საჭიროა ცვლილებები რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაშიც. ანგარიშში ამ საკითხზეც არის ყურადღება გამახვილებული:

„სახალხო დამცველმა მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შედეგად ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს და არსებული პრაქტიკის შესაცვლელად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, ე.წ. ქუჩის ნარკოტესტირების რეგულაციების და ნარკოდანაშაულისათვის პატიმრობის, როგორც არაჰუმანური სასჯელის კონსტიტუციურობის, შემოწმების მიზნით“.

რელიგიის თავისუფლების, ტოლერანტობისა და თანასწორუფლებიანობის კუთხით არსებული სისტემური პრობლემები კვლავაც უცვლელი რჩება, განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. ანგარიშის თანახმად, რელიგიურ უმცირესობებს საკულტო თუ სხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისას კვლავ ექმნებათ ბარიერები მშენებლობის ნებართვის გაცემაზე პასუხისმგებელი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან. ეროვნული უმცირესობები კვლავ ნაკლებად იყვნენ ჩართული ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენებსა და მათთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

2016 წელს უმწვავეს პრობლემად დარჩა შრომით უფლებებსა და შრომის უსაფრთხო გარემოს მონიტორინგზე პასუხისმგებელი ეფექტიანი მექანიზმის არარსებობა, რაც საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მხრიდან დაუყოვნებლივ მოქმედებას საჭიროებს. 2016 წლის მონაცემებით, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 ადამიანი. საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, უმნიშვნელოვანესია დაუყოვნებლივ შეიქმნას შრომის უსაფრთხოებისა და შრომის პირობებზე ზედამხედველობის მექანიზმი – შრომის ინსპექცია.

სახალხო დამცველმა ახსენა კორცხელის ინციდენტიც:

„2016 წელს მშვიდობიანი შეკრების უფლების მაშტაბურ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა იყო რამდენიმე გამონაკლისი, სადაც სახელმწიფომ ვერ შეძლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვა, მათ შორის - 2016 წლის 22 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში. ამ ფაქტის გამო პასუხისგებაში დღემდე არავინაა მიცემული“.

ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობა მიმდინარე საანგარიშო წელს არსებითად არ შეცვლილა. კვლავ კრიტიკულად დაბალია ქალთა მონაწილეობის მაჩვენებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თითქმის არაფერი შეცვლილა ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, აცხადებს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე:

„მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა ოჯახში ძალადობის გამოვლენის მაჩვენებელი, თუმცა ამან, ამავდროულად, გააჩინა დამატებითი სერვისების საჭიროების აუცილებლობა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ რისკების შეფასების მეთოდოლოგია, ასევე თავშესაფრის დატოვების შემდეგ სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერისკენ მიმართული პროგრამების არარსებობა ძალიან მძიმედ აისახება ოჯახში ძალადობის თითოეულ შემთხვევაზე. 2016 წელს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, ბავშვის უფლებების გათვალისწინება, დაცვა და ხელშეწყობა კვლავ პრობლემად რჩება. ბავშვთა მიმართ ძალადობის, უკიდურესი სიღარიბისა და ბავშვის უფლებათა სხვა დარღვევების აღმოსაფხვრელად მიღებული ზომები არასაკმარისია. სახელმწიფო ზრუნვის მიღმა დარჩენილ უხილავ ბავშვებთან ერთად არსებითად არც სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა შეცვლილა“.

ეკატერინე სხილაძის თქმით, ისევ გამოწვევად რჩება ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობა. არსებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების საპასუხოდ, სახელმწიფოს მიერ ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები კვლავ მინიმალურია და ფორმალურ ხასიათს ატარებს:

„სამწუხაროდ, ლგბტ თემის წევრებმა გასულ წელს ვერ შეძლეს ესარგებლათ თავიანთი კონსტიტუციური უფლებით და შეკრებილიყვნენ 17 მაისს. მათი ახსნით, მათ არ გააჩნდათ უსაფრთხოების საკმარისი გარანტია სახელმწიფოსგან და სწორედ ამიტომ სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ეფექტიანი ნაბიჯები გადადგას როგორც საზოგადოებაში არსებული განწყობების შეცვლისაკენ, ასევე ყველანაირად უზრუნველყოს ის, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ საკუთარი უფლებებით საჯაროდ სარგებლობის შესაძლებლობა“.

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ 2016 წელს ორი წელი შესრულდა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირებიდან. მიუხედავად ამისა, დღის წესრიგში კვლავ დგას კონვენციის ეფექტიანი განხორციელების მიმართულებით არსებული გამოწვევები. სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, არ მომხდარა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება. არსებითი ცვლილებები არ განხორციელებულა ეროვნული კანონმდებლობის კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.

ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ სახელმწიფი ჯერჯერობით ვერ სთავაზობს თავის მოქალაქეებს ეფექტიან მექანიზმს მათი დარღვეული უფლებების აღსადგენად. ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შეფასებებისას აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ ორ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელსაც ნაკლები ყურადღება ექცევა:

„ერთი, ეს არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც არის ძალიან მოძველებული, საბჭოთა პერიოდის კანონია, 1984 წელს დაწერილი, და ეს კოდექსი ძალიან ხშირად გამოიყენება მშვიდობიანი შეკრების უფლების არაკანონიერად შესაზღუდად. და მეორე მნიშვნელოვანი ჯგუფი, ეს არის დანაშაულით დაზარალებული ადამიანები, რომლებსაც, ჩვენი კანონმდებლობით, არანაირი უფლება არ გააჩნიათ. ხშირად ადამიანებს მკვლელობის გამო დაზარალებულის სტატუსიც კი არა აქვთ მინიჭებულ, მაგალითად, მშობელს, რომელსაც შვილი მოუკლეს და ისიც არ იცის, თუ მიმდინარეობს ან როგორ მიმდინარეობს გამოძიება“.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი არ არსებობს მხოლოდ ხალხისთვის და იმისთვის, რომ პარლამენტს საზოგადოების ხმა მიაწვდინოს. გონიერმა ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ომბუდსმენის შეფასებები და გარედან შეხედოს თავის პოლიტიკას და მასში არსებულ ხარვეზებს.

სახალხო დამცველის ანგარიში, რომელიც 843 გვერდს მოიცავს და რომლის 30 თავში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზეა საუბარი, 31 მარტს უკვე გაეგზავნა საქართველოს პარლამენტს. ანგარიშის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში აპრილის თვის განმავლობაში გაიმართება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG