Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომი ჩემი ფანჯრიდან


ომი ჩემი ფანჯრიდან
please wait

No media source currently available

0:00 0:12:03 0:00

22 მარტს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ კურატორი მარიამ ნატროშვილი და ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი. მარიამ ნატროშვილის, დეთუ ჯინჭარაძისა და ნატუკა ვაწაძის კურატორობით 22 მარტს "მწერლის სახლში" გაიმართება თანამედროვე ქართველი ხელოვანების ჯგუფური გამოფენა სახელწოდებით "ომი ჩემი ფანჯრიდან." გამოფენა აერთიანებს საქართველოს უახლეს ისტორიაში მომხდარი ომების პერიოდებში (90-იანი წლები და 2008 წელი) შექმნილ ნამუშევრებს, რომლებშიც პირდაპირ ან ირიბად იჩენს თავს ომის თემატიკა, თავად სახელწოდება კი კოკა რამიშვილის 1991-1992 წლებში შექმნილი ერთ-ერთი ნამუშევრის სახელს იმეორებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებელ საქართველოში ხელოვნებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ხშირია გამოფენები, პერფორმანსები, აქციები. ხელოვნება ისტორიის ახალ საფეხურზე ახალი სააზროვნო სივრცის შექმნას ცდილობს. ომების დროს სახელოვნებო პროცესები არ შეწყვეტილა, კვლავ იმართებოდა გამოფენები, მხატვრები განაგრძობდენ მუშაობას. იქმნება ნამუშევრები, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოში ხელოვნების და ახალი ისტორიის გასააზრებლად. 90-იანმა წლებმა გადამწვარი ქალაქები, დაკარგული ტერიტორიები, ათიათასობით დევნილი, ათასობით მსხვერპლი დაგვიტოვა. ომი დამთავრდა დაპირებით, რომ ადრე თუ გვიან, ჩვენ მოვიგებთ ომს. ხელოვნება მეხსიერებაა, რომელიც ისტორიის განსხვავებულ ნარატივს გვთავაზობს. ომის დროს თუ შემდეგ შექმნილ ნამუშევრებში მხატვრები აკვირდებიან, აფიქსირებენ და აღწერენ ყოველდღიურობას. ცდილობენ გაიაზრონ ან დაივიწყონ ომი. დასვან დღემდე უპასუხოდ დარჩენილი კითხვები.

XS
SM
MD
LG