Accessibility links

გასულ კვირაში ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული აქციებით და დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგებით აღნიშნეს 2008 წლის აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავი. ტრადიციულად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გვირგვინებით შეამკეს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი. საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, თქმით, დაღუპულმა გმირებმა ქვეყნის მიმართ საკუთარი ვალი სისხლით გადაიხადეს:

„9 წლის წინ რუსეთის ფედერაციის ჯარებმა გადმოკვეთეს სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნის საზღვარი და მოახდინეს ჩვენი რეგიონების ოკუპაცია. რეალურად, ეს ოკუპაცია, ჰიბრიდული ომის სახით, 90-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო, იმ მომენტიდან, როდესაც ქართველმა ერმა კაცობრიობის წინაშე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აქვს თავისი დამოუკიდებელი, თავისუფალი არჩევანი და დამოუკიდებელი განვითარების გზა. მაშინვე საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა გაეროში 1992 წელს იქნა აღიარებული. საქართველოს საზღვრების ურყეობა, მსოფლიო თანამეგობრობამ აღიარა. 2008 წლის უსამართლობის შედეგად რუსეთი ცდილობს ამ საზღვრების შეცვლას. რუსეთი ცდილობს, რომ ის ისტორიული უსამართლობა, რომელიც იყო საქართველოს ოკუპაციის სახით, გაამართლოს რაიმე სახის შეცდომით, თუ რაღაცით ახსნას ეს უსამართლობა. ამ მცდელობაში რუსეთი არის სრულიად მარტო“.

რუსეთ-საქართველოს შორის აგვისტოს ხუთდღიან ომში საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 14 პოლიციელი და 169 სამხედრო. 8 ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე. 8 აგვისტოს საქართველოს მოქალაქეების ერთმა ნაწილმა აქცია გამართა სოფელ ყარაფილასთან, სადაც მათ, დეოკუპაციის მოთხოვნით, ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. აქციის მონაწილის, ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქაცარავას განცხადებით, ეს აქცია არის კიდევ ერთი მცდელობა სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებისა დეოკუპაციის მოთხოვნით:

ყარაფილა-ხურვალეთის გზის მონაკვეთზე სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ, რომ ოკუპაცია გავაპროტესტოთ, რომელიც არ ჩერდება 2008 წლის აგვისტოს შემდეგ. გვინდა სამოქალაქო საზოგადოებაც გავაერთიანოთ და პროტესტის და ბრძოლის იმ ლიანდაგზე დავაყენოთ, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს საქართველოს დეოკუპაციამდე“.

ომის წლისთავზე ომის მოგონებების მუზეუმი გახსნა თავისი სახლის სარდაფში ერგნეთელმა ლია ჩლაჩიძემ. მუზეუმში გამოფენილია ომის შედეგად დარჩენილი ნივთები: ტყვიები, კასეტური ბომბის ნამსხვრევები, დამწვარი თოჯინები და ფოტოები. ომის შემდეგ ეს ნივთები სხვადასხვა სახლში მოაგროვეს. მუზეუმის დამაარსებლის თქმით, ეს ადგილი ემსახურება მშვიდობას და არა კონფლიქტის გაღვივებას.

განსხვავებულად აღნიშნეს ომის წლისთავი საქართველოს ოკუპირებულ ნაწილში, რომელსაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი სტუმრობდა. ბიჭვინთაში რაულ ხაჯიმბასთან გამართული შეხვედრის დროს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი უზრუნველყოფს აფხაზეთის უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას ახლაც და მომავალშიც. პუტინი ასევე დაპირდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობას, რომ 2017-2019 წლებში რუსული საინვესტიციო პროგრამის მოცულობა 6 მილიარდი რუბლი, ანუ, დაახლოებით, 100 მილიონი დოლარი იქნება. პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილის თქმით, ამ სვლით რუსეთის პრეზიდენტი ეუბნება მსოფლიოს, რომ იგნორირებას უკეთებს საერთაშორისო სამართალს:

„მე მგონია, რომ ეს არის ცინიზმი და იმის ჩვენება, რომ რუსეთი არაფერს ნანობს და არ არსებობს შესაძლებლობა, რომ გადაიხედოს ის, რაც აქამდე მოახდინეს: ოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეალური ანექსია... ხდება იმის აშკარა დემონსტრირება, რომ ეს არის მათთვის სავსებით ნორმალური მოვლენა, რომ ისინი არიან მართლები და ამასთან დაკავშირებით არანაირი კომპლექსები არა აქვთ“.

რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავს დაამთხვიეს საოკუპაციო ზოლის გადმოწევა აფხაზეთში დისლოცირებულმა რუსმა სამხედროებმა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მავთულხლართები გაავლეს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩასა და გალის რაიონის სოფელ ნაბაკევს შორის. შედეგად, ადგილობრივი მცხოვრებლების საყანე ტერიტორია - დაახლოებით, 2 ჰექტარი მიწა - მოექცა საოკუპაციო ზოლს მიღმა. ხურჩის მკვიდრის, დოდო ბუკიას, თქმით, ორი თვის წინ ხურჩა-ნაბაკევის საზღვარზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხის ბოძების ჩასმის შემდეგ მოსახლეობა ისედაც ერიდებოდა იქ მისვლას:

„იმ ბოძებზე გაუშვეს მავთულხლართები, რომლებიც ორი-სამი თვის წინ ჩაამწკრივეს. გახსოვთ, ალბათ, მანამდე მოსახლეობამ იქ ყანა დათესა, მაგრამ მერე გასათოხნად აღარ შეუშვეს. მართალია, მოსავალს მაინც ვერაფერს აიღებდნენ, მაგრამ ახლა მთლად გადასვლა გახდა შეუძლებელი. წელს თხილის შემოსავალიც არ არის და ჩალას მაინც გამოიყენებდა ხალხი, საქონელს გამოკვებავდა“.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ეს ფაქტი წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რაც ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და პირდაპირ აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს. მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, რომელსაც გასულ კვირაში ახალგორის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების შეზღუდვის გამოც მოუწია კომენტარის გაკეთება. საქმე ისაა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ახალი სასწავლო წლიდან ახალგორის რაიონის სკოლებსა და ბაგა-ბაღებში სწავლება მხოლოდ რუსულ და ოსურ ენებზე წარიმართოს. შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ამ ინფორმაციას ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს:

​„გალის რაიონში, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს ქართულ მოსახლეობაზე ზეწოლის პოლიტიკა, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია. ეს გამოიხატება, პირველ რიგში, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვით. ანალოგიური პოლიტიკის განხორციელება, როგორც ჩანს, არის ცხინვალის რეგიონის მიმართულებითაც, რაც არის აბსოლუტურად უკანონო, მიუღებელი ნაბიჯი, თუ ეს განხორციელდება. ჩვენთვის ეს საკითხი იქნება და არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ყველა ფორუმში კიდევ უფრო აქტიურად, იმისათვის, რომ დავიცვათ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები, დავიცვათ ისინი დისკრიმინაციისაგან, დავიცვათ რუსიფიკაციის მცდელობისგან და უზრუნველყოფილი იქნეს მათი ფუნდამენტური უფლებები“.

გასულ კვირაში დასრულდა მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებმა. სწავლების ბოლო დღეს ვაზიანის მე-11 სასროლეთზე გამართულ საჩვენებელ საველე სწავლებას საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. ლევან იზორიამ განაცხადა, რომ ამ ტიპის სწავლებები კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ნატოს სტანდარტებთან და ხელს უწყობს რეგიონალურ სტაბილურობას:

„ამ უმნიშვნელოვანეს სწავლებას წელს კიდევ უფრო დიდი დატვირთვა შესძინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის, ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტმა. „ღირსეული პარტნიორისადმი“ ყოველწლიური მზარდი მხარდაჭერა, ისევე როგორც ბატონი პენსის ვიზიტი, ხაზს უსვამს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერას საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ჩვენი გაცხადებული საგარეო პოლიტიკის მიმართ. აგვისტოს ბოლოს ვაპირებთ ჩვენს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად გავხსნათ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომელიც ორი კომპონენტის ერთობლიობას წარმოადგენს: ტაქტიკური წვრთნები და ინსტიტუციური განვითარება“.

მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა და მაღალი რანგის მიწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ავღანეთში დაღუპული უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის, ხსოვნას. ქართველი სამხედრო გასულ კვირაში მხედრული პატივით დაკრძალეს მშობლიურ სოფელ მარტოთუბანში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG