Accessibility links

რუსეთი და საქართველო: 6-პუნქტიანი შეთანხმების მეცხრე უშედეგო წელი


რუსეთის ავიაციის მიერ დაბომბილი საქართველოს სამხედრო ბაზა

ცხრა წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის კვალდაკვალ ევროკავშირის შუამავლობით გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსეთსა და საქართველოს შორის. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე რუსეთი მიზანმიმართულად უკეთებდა იგნორირებას საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებას - შეესრულებინა 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და, მათ შორის, გაეყვანა თავისი არმია საქართველოს ტერიტორიიდან, ამ შეთანხმებას თავისი მნიშვნელობა არ დაუკარგავს და ის მუდმივად ფიგურირებს საერთაშორისო სარბიელზე დამტკიცებულ დოკუმენტებში. რუსეთის მხრიდან განგრძობადი აგრესიისა და მცოცავი ოკუპაციის ფონზე, საქართველოს კვლავაც საერთაშორისო თანამეგობრობის იმედი აქვს და უცვლელია ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსი.

ევროკავშირი, ევროსაბჭო, ეუთო, ნატო, გაერო თუ დასავლეთის ქვეყნების ლიდერები სხვადასხვა ტრიბუნიდან და სხვადასხვა დროს დამტკიცებულ საერთაშორისო დოკუმენტებში მუდმივად შეახსენებდნენ რუსეთის ფედერაციას, რომ აუცილებელია საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და, მათ შორის, აუცილებელია 2008 წლის აგვისტოში ევროკავშირის შუამავლობით რუსეთსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულება. ეს აქცენტი მკაფიოდ დაისვა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ დამტკიცებულ ახალ საკანონმდებლო აქტში, რომელიც ამკაცრებს სანქციების რეჟიმს რუსეთისთვის და რომელსაც აგვისტოს დასაწყისში პრეზიდენტმა ტრამპმაც მოაწერა ხელი:

რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება განაგრძობს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოთხოვნათა იგნორირებას საქართველოსთან მიმართებით. ამ მოთხოვნათა თანახმად, რუსეთის ფედერაციამ უკან უნდა გაიყვანოს თავისი არმია, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში თავისუფალი შესვლის უფლება უნდა ჰქონდეთ ჰუმანიტარულ ჯგუფებს და კონფლიქტის ზონების მონიტორინგის საშუალება უნდა მიეცეს ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიას“.

2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გეგმა გულისხმობდა: ძალის გამოყენებაზე უარის თქმას, სამხედრო მოქმედებებზე უარის თქმას, ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალ ხელმისაწვდომობას ოკუპირებული ტერიტორიებისთვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების დაბრუნებას მათი დისლოკაციის ადგილებში, რუსეთის შეიარაღებული ძალების უკან დაბრუნებას სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე, საერთაშორისო მექანიზმის შემუშავებას და საერთაშორისო დისკუსიების დაწყებას უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პირობების შესახებ.

საქართველოს ხელისუფლებამ პირობა უნდა დადოს, რომ ძალას არ გამოიყენებს და ჩვენი რუსი მეგობრები უნდა დასთანხმდნენ ევროპელი მეთვალყურეების შეშვებას...
ნიკოლა სარკოზი

ამ ვალდებულებებს რუსეთი უკვე 9 წელიწადია იგნორირებით პასუხობს. მეტიც, რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმება აბსოლუტურად შესრულებულად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 2010 წლის 18 ოქტომბერს საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დატოვა. მართალია, პერევიდან გასვლის ფაქტმა იმხანად საერთაშორისო თანამეგობრობის კმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ რადიო თავისუფლების არქივში ინახება პროცესის უშუალო შუამავლის, - იმ დროისათვის ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, - საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის განცხადება, რომელიც ცხადყოფს, რომ პერევიდან რუსეთის გასვლა საკმარისი სულაც არ იყო:

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საკითხის განხილვა, დიპლომატიური ძალისხმევა, დისკუსიები... მშვიდად... და ვიფიქროთ ტყვეების დაბრუნებაზე. ამას გარდა, საქართველოს ხელისუფლებამ პირობა უნდა დადოს, რომ ძალას არ გამოიყენებს და ჩვენი რუსი მეგობრები უნდა დასთანხმდნენ ევროპელი მეთვალყურეების შეშვებას“.

ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენი ძალისხმევის მაქსიმალური კონსოლიდაციით, გავაგრძელებთ დეოკუპაციის და ამ ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას უფრო მკაფიოდ და მკაცრად იმისთვის, რომ ამას შემდგომი გაგრძელება არ მოჰყვეს...
ლევან იზორია

საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მაშინაც ნათელი იყო და ახლა მით უმეტეს, რომ რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილებით მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი 6-პუნქტიანი გეგმის სულისკვეთებას. ამასთან, რუსეთი სულ უფრო იმყარებს თავის პოზიციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აბსოლუტურად დესტრუქციულად მოქმედებს ჟენევის საერაშორისო მოლაპარაკებათა სარბიელზე და ხელს შეგნებულად უშლის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმის შექმნას.

ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტის მნიშვნელობასა და როლზე შაბათს ოფიციალური კომენტარები არ გაკეთებულა, თუმცა 2008 წლის 6-პუნქტიანი შეთანხმების თემა მუდმივად ფიგურირებს ასევე თბილისის ოფიციალურ კომენტარებში და ასე იყო განცხადებებში, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტის აფხაზეთში უკანონოდ ჩასვლის გაპროტესტებას ისახავდა მიზნად. რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის ჭრილში მწვავე პროტესტია გამოხატული ასევე უკანონო ბორდერიზაციის პროცესის მიმართ, რომელიც ბოლო დღეებში აფხაზეთის მიმართულებითაც გამოვლინდა. თბილისს კვლავ საერთაშორისო თანამეგობრობის იმედი აქვს და 12 აგვისტოს, მრავალეროვანი სამხედრო წვრთნის „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის დახურვის ცერემონიის ფარგლებში, ამის შესახებ კომენტარი გააკეთა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამაც:

„ასეთი ქმედებები არ არის მიმართული ამ ტერიტორიების დეოკუპაციისკენ, არადა ეს აუცილებელი და მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ ზოგადად ვისაუბროთ მშვიდობაზე და უსაფრთხოებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენი ძალისხმევის მაქსიმალური კონსოლიდაციით, გავაგრძელებთ დეოკუპაციის და ამ ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას უფრო მკაფიოდ და მკაცრად იმისთვის, რომ ამას შემდგომი გაგრძელება არ მოჰყვეს“.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მუდმივად უგულებელყოფს 9 წლის წინ გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი დოკუმენტის მნიშვნელობას, ანალიტიკოსებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ სწორედ ეს დოკუმენტი რჩება ერთადერთ საერთაშორისო გარანტიად რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნების კუთხით. როგორც პოლიტოლოგმა გიორგი გობრონიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს არის პირველი ეტაპის მინიმუმი, რისი გაკეთების აუცილებლობაც რუსეთს კვლავაც დიდ ვალად აწევს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე:

„მიუხედავად იმისა, რუსეთის ფედერაცია რას აღიარებს და რას არ აღიარებს, ის ამ დოკუმენტის თანახმად ვალდებულია, სანამ დაიწყება მოლაპარაკებები რეგიონში უსაფრთხოებაზე, დააბრუნოს თავისი შეიარაღებული ძალები იქ, საიდანაც მოიყვანა საქართველოს ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში იგულისხმება როგორც ჩრდილო კავკასიის რეგიონში არსებული სამხედრო ბაზები, ასევე სხვა სამხედრო ბაზებიც... მაგალითად, 42-ე სადესანტო დივიზიის ძირითადი დისლოცირების ადგილია კარელიაში, სადღაც ფინეთის საზღვართან და სხვა ძალებიც აგვისტოს ომის დროს გადმოსროლილი იყო რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებიდან. რუსეთის ფედერაცია ვერ გაექცევა ვალდებულებებს, რომლებიც მან საკუთარ თავზე აიღო, გამომდინარე იქიდან, რომ დოკუმენტს ხელს აწერს რუსეთის ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტი (დმიტრი მედვედევი) და მას ეს ვალდებულებები არ შეუსრულებია“.

გიორგი გობრონიძე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმება წარმოადგენს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და არა სამშვიდობო შეთანხმებას და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი ამოწურულად ვერ ჩაითვლება ამ შეთანხმების სრულად შესრულების შემთხვევაშიც კი. საერთაშორისო თანამეგობრობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა საქართველოს ამის შემდეგაც დასჭირდება, რათა მიღწეული იქნეს ქვეყნის სრული დეოკუპაცია და აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG