Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია „საპროტესტო რეჟიმში“


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან

წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა - 3 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ ბრალდებით წარდგნენ წინადღით მერიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები. სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ექვსივე მომხრე შემდეგ სასამართლო პროცესამდე, 17 ოქტომბრამდე დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლე ნინო ჭალიძის გადაწყვეტილებით, მერიამ სასამართლოს აქციის ამსახველი სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები უნდა გაუგზავნოს, რისთვისაც მას ხუთდღიანი ვადა აქვს. ამ ფონზე „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ „საპროტესტო რეჟიმზე“ გადადის. „ნაციონალების“ აქცია და მოთხოვნები უპასუხოდ არც მმართველ პარტიას დაუტოვებია.

ოპოზიცია „საპროტესტო რეჟიმში“
please wait

No media source currently available

0:00 0:06:28 0:00
გადმოწერა

თვითმმართველობის არჩევნებამდე დაახლოებით 20 დღით ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოცხადებული ე.წ. საპროტესტო რეჟიმი იმასაც გულისხმობს, რომ ოპოზიციური პარტია არ დაუშვებს ერთ ლარად ბიძინა ივანიშვილისათვის თბილისის კუთვნილი ტერიტორიის გადაცემას. საუბარია თბილისის საკრებულოს 29 სექტემბრის სხდომის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, სოლოლაკის ქედისა და თავისუფლების მოედნის მახლობლად მდებარე მიწის ნაკვეთს ლანდშაფტური ზონის სტატუსი ეცვლება. როგორც თბილისის მერობის პოსტზე პარტიის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი და მისი თანაგუნდელები აცხადებენ, ისინი არ შეეგუებიან თბილისის ერთ ლარად გასხვისებას ბიძინა ივანიშვილზე:

„ჩვენ არ შევეგუებით იმ ფაქტს, რომ თბილისი გასხვისდეს 1 ლარად. როგორც ხედავთ, ბიძინა ივანიშვილი, როგორც უნდა და რასაც უნდა, იმას იზამს და ეს არის თბილისელების შეურაცხყოფა. თბილისი აუცილებლად გასცემს პასუხს ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, ამიტომ გადავდივართ „საპროტესტო რეჟიმზე“, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოვიყენებთ კანონით არსებულ ყველა მეთოდს, რომ საკრებულოს ეს უკანონო გადაწყვეტილება შევაჩეროთ“, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი. მისი განცხადებით, ”ნაციონალური მოძრაობა” ყველაფერს გააკეთებს, რათა თბილისის მერიამ შეაჩეროს საკრებულოს გადაწყვეტილების აღსრულება.

მას მხარს უბამს მისი თანაგუნდელი და, ამავე დროს, დაკავებულების ადვოკატი გოგა ონიანიც, რომელიც აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ აქციის მონაწილეებს კანონი არ დაურღვევიათ. სამაგიეროდ, ისინი პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. მისი თქმით, ყველას ელის იგივე, ვინც გაბედავს და ივანიშვილის მიზნებს რაიმე სახის პროტესტით დაუპირისპირდება

2 ოქტომბრის ხმაურიან აქციას სამშაბათს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც და იქ მომხდარს „პოლიტიკური უსინდისობა უწოდა“ და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ ეს ხმაური ოპოზიციური პარტიის მხრიდან მხოლოდ ყურადღების მიპყრობის მცდელობაა:

„არსებობს პოლიტიკური უსინდისობა და არსებობს ადამიანური უსინდისობა და არსებობს ზღვარი ყველაფერი ამის. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ყველაფერი ამ ზღვარს იქეთ გადასული ადამიანები. მე მათ პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ ისინი არიან აშკარად წარსულის პოლიტიკოსები, გაკოტრებული პარტიისა და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები, რომლებიც ცდილობენ, რომ ამ ტყუილებით და უსინდისობით მიიპყრონ კიდევ ყურადღება“.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აბსოლუტურად უსაფუძვლოა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს ბიძინა ივანიშვილს პუშკინის სკვერისა და ბოტანიური ბაღის ნაწილის მითვისება სურს, რასაც აპროტესტებს ოპოზიცია.

„პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკინგი უნდა აშენდეს. დღეს მერია სანთლით ეძებს ადამიანებს, რომლებიც თბილისში 10 პარკინგს მაინც ააშენებს. სამწუხაროდ, პარკინგი ვერ გახდა ბიზნესი, რადგან მისი ღირებულება არ არის ისეთი, როგორიც მსოფლიოს სხვა წამყვან ქალაქებში. ამ დროს - პარკინგი ძალიან გვჭირდება. ეს ადამიანი (ივანიშვილი) აბსოლუტურად არაკომერციულ საწყისებზე აშენებს ორჯერ მეტ პარკინგს, ვიდრე ეს სჭირდება იქ მშენებარე სასტუმროს. რაც შეეხება ბოტანიკურს, არა ბოტანიკურ ბაღში, არამედ მის მიმდებარე ტერიტორიაზე საჭიროა სულ რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრის დამატება იმისთვის, რომ ეს გახრიოკებული ფერდობები, რომელიც არის ბოტანიკური ბაღიდან წავკისამდე, სადაც გათვალისწინებულია ამ პროექტის მშენებლობა, გამწვანდეს და ამ ახალი ტერიტორიის ირიგაცია მოხდეს“.

აქციაზე მომხდარის შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თუმცა აცხადებს, რომ თუ დეპუტატების უფლებები შეიზღუდა, ის ამ საკითხით დაინტერესდება. პარლამენტის ვიცე- სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის, განცხადებით, აქციის მონაწილეებმა კანონი დაარღვიეს.

მერიასთან მომხდარს გამოეხმაურა თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, რომელმაც თქვა, რომ აქციას მერიასთან ადგილობრივი ინფრასტრუქტურის დაზიანება მოჰყვა. ამის გამო, მისი განცხადებით, 3 ოქტომბერს ვერ შევიდნენ შშმ პირები, რადგან მერიის შესასვლელის ადაპტირებული ნაწილი დაზიანდა:

გუშინდელი აქციის მიმდინარეობისას დაზიანდა მერიის შესასვლელი, სრულიად განადგურდა ნარგავები, ასევე მერიის შესასვლელის ადაპტირებული ნაწილი. ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო, თუმცა უნდა გაირკვეს დეტალები. როდესაც ადამიანთა ჯგუფი ცდილობს შენობაში შესვლას, ცხადია, რომ შესაბამისი უწყებები შეეცდებიან შენობა და, შესაბამისად, სტრუქტურები დაიცვან“.

აქციაზე დაშავებული პირები საქართველოს სახალხო დამცველმაც მოინახულა. უჩა ნანუაშვილმა დაადასტურა, რომ რამდენიმე მათგანს სხეულზე დაზიანებები მართლაც აღენიშნება. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ის ყურადღებით დააკვირდება საგამოძიებო პროცესს:

”ჩემმა წარმომადგენლებმა მოინახულეს დაკავებულები. მათ აღენიშნებათ დაზიანებები სხეულზე, თუმცა, ექიმის თქმით, ეს დაზიანებები არ არის სერიოზული. ჩვენ მიერ გამოთხოვილია დოკუმენტაცია, მაგრამ ის ფაქტი, რომ ერთ-ერთ მათგანს გაუკეთეს ფიქსატორი, რომელიც 10 დღის განმავლობაში უნდა ატაროს, ადასტურებს, რომ დაზიანებები მათ რეალურად დაკავების დროს მიადგათ. ეს ფაქტი საგამოძიებო უწყებებმა უნდა შეისწავლონ და ჩვენ პროცესს ყურადღებით დავაკვირდებით”.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG