Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციურ პარტიათა დატოვების პროცესი გრძელდება


დავით უსუფაშვილი რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე 2011 წელს
დავით უსუფაშვილი რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე 2011 წელს

31 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დავით უსუფაშვილის შემდეგ, რესპუბლიკური პარტიის დატოვება სხვა ლიდერებმაც გადაწყვიტეს და თუკი „თავისუფალი დემოკრატების“ შემთხვევასაც გავითვალისწინებთ, პარტიების დატოვების პროცესმა უკვე ერთგვარი ტენდენციის სახე მიიღო. მოიძებნება თუ არა საერთო კანონზომიერება უკანასკნელი პერიოდის პროცესებში? რა დგას პარტიათა რიგების შეთხელების უკან და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შიდა პოლიტიკურ სარბიელზე?

გადმოწერა

„ხათუნა სამნიძე, დავით ბერძენიშვილი, ლევან ბერძენიშვილი, თამარ ხიდაშელი, დავით ზურაბიშვილი, თამარ კორძაია – ასე რომ, დამრჩენთა სიაც საკმაოდ ვრცელია“ – უთხრა 31 ოქტომბერს ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ. მართალია, მას წამსვლელთა გვარები არ ჩამოუთვლია, მაგრამ ორშაბათს, შუადღისთვის, სანდო წყაროებიდან უკვე ცნობილი იყო, რომ, დავით უსუფაშვილის შემდეგ, რესპუბლიკური პარტიის დატოვების გადაწყვეტილება პარტიის კიდევ არაერთმა ლიდერმა მიიღო, თუმცა ამის შესახებ მათ ჯერ არ გამოუცხადებიათ. პარტიიდან წამსვლელთა სიაში ვხვდებით, მაგალითად: თინა ხიდაშელს, ვახტანგ ხმალაძეს, პაატა ზაქარეიშვილს, თემურ ნერგაძეს თუ ფრიდონ საყვარელიძეს. მიზეზებზე დეტალურად ჯერ არავის უსაუბრია, თუმცა პარტიის შიგნით შეუთანხმებლობის არსებობის ვერსია 31 ოქტომბერს თამარ კორძაიამ შემდეგნაირად დააკონკრეტა:

თამარ კორძაია
თამარ კორძაია

„როგორც ბატონმა დავით უსუფაშვილმა თქვა, ის ხედავდა პარტიის განვითარების სხვა გზას, ის თვლიდა, რომ ჩვენ არ გვაქვს ერთიანი პოზიციები სტრატეგიასთან დაკავშირებით და მან ასევე, ღირებულებით ნაწილს გაუსვა ხაზი. შესაბამისად, მან გადაწყვიტა, რომ წასულიყო პარტიიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა ვყოფილიყავით მკაფიო, მკვეთრ ოპოზიციაში ხელისუფლებასთან და, ალბათ, ამიტომ მოხდა ეს აზრთა სხვადასხვაობა“.

განსხვავებით დავით უსუფაშვილისგან, რომელმაც ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო, პოლიტიკური ცხოვრებისგან შესვენება გადაწყვიტა ირაკლი ალასანიამ, რომლის წასვლის შემდეგაც – პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ კიდევ არაერთმა ცნობილმა წევრმა დატოვა და მათ ფრიად უხერხული სიტუაციაც შექმნეს არა თუ მხოლოდ თავიანთი ყოფილი პარტიის, არამედ ლამის მთელ ოპოზიციურ ფლანგზე. მართალია, მაგალითად, ზურაბ აბაშიძე ირწმუნებოდა, ამიერიდან ჩვენ არც ოპოზიციაში ვართ და არც ხელისუფლებაშიო – მაგრამ, პარალელურად, აბსოლუტურად შესაძლებლად მიიჩნია სახელმწიფო სამსახურში დასაქმება და მეტიც, მან „თავისუფალი დემოკრატების“ ასევე ყოფილ წევრებთან – გიორგი ცაგარეიშვილსა და დავით ონოფრიშვილთან ერთად, მეორე ტურის წინ ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენაც მოუწოდა.

თვლის, რომ ორივე პარტიის წარმომადგენლებმა იჩქარეს პროცესების გამომზეურება, მაგრამ, სხვა მხრივ, რესპუბლიკელთა და თავისუფალ დემოკრატთა შემთხვევებს ურთიერთგანსხვავებულ ფაქტებად განიხილავს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე. ანალიტიკოსის აზრით, მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ დავით უსუფაშვილი (სავარაუდოდ, სხვა ყოფილ რესპუბლიკელებთან ერთად) კვლავაც გეგმავს იმოღვაწეოს ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე, ხოლო ყოფილი „თავისუფალი დემოკრატების“ ნაწილი თითქოს უფრო დიპლომატიური სამსახურისკენ იხრება, ხოლო პარტიას ტოვებს ლიდერი – ირაკლი ალასანია. რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, ვახტანგ ძაბირაძე არ იზიარებს ვარაუდს იმის თაობაზე, რომ ამ ყველაფრის უკან ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის გეგმის ნაწილი იმალებოდეს და სწორედ მისი მართული იყოს ეს პროცესი, თუმცა ჩვენთან საუბრისას მაინც იხსენებს ექსპრემიერის მხრიდან წამოსულ მწვავე კრიტიკას:

„ასეთი მაგიური ხელი ივანიშვილისა, რომ ყველგან მისწვდეს, ასეთი რაღაცების, მაინცდამაინც, არ მჯერა... მაგრამ ერთი რამე ფაქტია – თუკი გავიხსენებთ წინასაარჩევნო კამპანიას, რომელიც მან (ბიძინა ივანიშვილმა) ჩაატარა, იქ სამ პოლიტიკურ ძალას ახსენებდა: რესპუბლიკელებს, ალასანიას პარტიას („თავისუფალი დემოკრატებს“) და „ნაციონალურ მოძრაობას“... ამ სამ პარტიას მან საკმაოდ დიდი დრო დაუთმო და მათ მიმართ მძაფრი კრიტიკით გამოირჩეოდა... თუ ეს იგულისხმება მაგიურ ხელში, მაშინ, კი ბატონო, ეგ არის...“

ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენას, ალბათ უფრო – ლიბერალური ძალების გამოჩენას, – რომლებსაც, ჩემი აზრით, მომავალში უფრო მეტი პერსპექტივა ექნებათ, ვიდრე უკვე არსებულ ძალებს...
ოთარ გრიგოლია

„რესპუბლიკური პარტიისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ რიგებიდან ძალთა გადინების პროცესებში საერთო კანონზომიერებას ხედავს პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხების სპეციალისტი ოთარ გრიგოლია და როგორც ის აღნიშნავს რადიო „თავისუფლებასთან“, ყველაფერი იმის ბრალია, რომ კოალიცია ქართული ოცნების წიაღიდან გამოყოფილმა პარტიებმა სათანადოდ ვერც ელექტორატთან მუშაობა მოახერხეს და ვერც ფინანსების მოზიდვა – რამაც არჩევნებზე მათი მარცხი და შედეგად – გადინების პროცესების პროვოცირება გამოიწვია. თუმცა. ოთარ გრიგოლია ვარაუდობს, რომ წასული ლიდერები მომავალში ისევ გამოჩნდებიან პოლიტიკურ ასპარეზზე:

„ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენას, ალბათ უფრო – ლიბერალური ძალების გამოჩენას, – რომლებსაც, ჩემი აზრით, მომავალში უფრო მეტი პერსპექტივა ექნებათ, ვიდრე უკვე არსებულ ძალებს... ჩემი აზრით, ვინმე, პრინციპულად, ახალი არ შემოვა (შიდა პოლიტიკურ ველზე) და, ძირითადად, ისინი დარჩებიან, ვინც აქამდე იყო... თუმცა გარკვეული ძალთა კონსოლიდირება მოხდება და შესაძლებელია, რომ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში ასევე მოხვდნენ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული კადრებიც და ასევე ცნობილი ლიდერები – დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია... ჩემი მოსაზრებაა, რომ ამ პოლიტიკურ ცენტრში, სავარაუდოდ, თავისი ადგილი ექნება პრეზიდენტსაც“.

გამოჩნდება თუ არა ჰორიზონტზე ახალი პოლიტიკური ძალა, ეს, დიდწილად, იმაზე იქნება დამოკიდებული – ექნება თუ არა ამომრჩეველს მოთხოვნა მესამე ძალის გამოჩენაზე – ეუბნება რადიო „თავისუფლებას“ კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის დაკვირვებითაც ასეთი მოთხოვნა ბოლო არჩევნების წინაც შეინიშნებოდა და სწორედ ამის შედეგია, რომ პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკმა, ბევრისთვის ასე მოულოდნელად, საკმაოდ ბევრი ამომრჩევლის ხმა მოაგროვა. ვახტანგ ძაბირაძე მოელის, რომ, თანდათან, სულ უფრო გაიზრდება მოთხოვნა მესამე ძალაზე და, სავარაუდოდ, ასეთი ძალა გამოჩნდება კიდეც.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG