Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორპოლუსიანი პოლიტიკური სივრცის შეცვლა - არასაპარლამენტო ოპოზიციის გეგმა


ჩვენი მიზანია შეიქმნას ერთიანი ოპოზიციური საარჩევნო ბლოკი, რომელიც გაარღვევს ორპოლუსიან პოლიტიკას ქვეყანაში, განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ, 23 დეკემბერს გამართულ პრესკონფერციაზე. რა დასკვნებამდე მივიდნენ პარლამენტს მიღმა დარჩენილი პარტიები და როგორია მათი სამომავლო გეგმები?

ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდმა ახალ პოლიტიკურ ცენტრს, „გირჩს“, უჩვენა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ მუშაობს კლასიკური პოლიტიკური ბრძოლის გზა, რაც ძირითადად მტრის ხატის შექმნით გამოიხატება, ამბობს „გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, და დასძენს, სწორედ ასე ცდილობდნენ პარტიები საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას წარმოსახვითი საფრთხის წინააღმდეგ, რამაც იმუშავა წელსაცო. ამას, მისი თქმით, ცხადყოფს საპარლამენტო ძალთა წარმომადგენლობა, ჩანს, რომ საზოგადოება კვლავ არ ინტერესდება პარტიების პროგრამებით, იდეოლოგიით, ხედვებითო. ამისდა მიუხედავად, პარტია თავისი სტრატეგიის შეცვლას არ აპირებს:

„ჩვენ რაც გვაკლია, არის საპარლამენტო ტრიბუნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია პოლიტიკური ბრძოლის თვალსაზრისით. თუმცა ამის კომპენსაციას ვცდილობთ იმითი, რომ ვართ გაცილებით უფრო კრეატიულები, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ ქვეყანაში არის. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას იმ მიმართულებით, რომელზეც არაერთხელ გვისაუბრია თუ გვიომია. ეს არის ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყო მთავრობის ხარჯები, რაც შეიძლება დაბალი იყოს გადასახადები, რაც შეიძლება თავისუფალი იყოს ეკონომიკა და მსგავსი საკითხები, თუმცა არის კიდევ რაღაც თემები, რომელთა უფრო აქტიურად წამოწევაც გვინდა, მათ შორის, ეს ეხება განათლების სისტემას და იმას, თუ რა არის გასაკეთებელი განათლების სისტემაში“.

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთ ლიდერი, მამუკა კაციტაძე, ამბობს, რომ მათი პარტიის საქმიანობის მთავარი ხაზი იქნება საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 11 თვით ადრე, ანუ, დაახლოებით, თებერვლის ბოლოს, ცვლილებების პაკეტის წარდგენა, რათა თვითთმმართველობის არჩევნები ჩატარდეს ახალი საარჩევნო კოდექსით. ამ ყველაფრის მიღწევა კი მამუკა კაციტაძეს თანამოაზრეთა გაერთიანებით წარმოუდგენია, რამაც, საბოლოო ჯამში, ორპოლუსიანი პოლიტიკური ვითარება უნდა შეცვალოს:

„ქართული პოლიტიკა ისევ ორპოლუსიანია. შუა ისევ გაკრეფილია. დემოკრატია განულებულია. ამ ორპოლუსიანობის ფონზე საჭიროა მაქსიმალური კონსოლიდაცია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, ვისაც ერთად დაედგომება, ვისაც ერთად ეცხოვრება, და ჩვენ ამ ფორმით თუ შევძლებთ ორპოლუსიანობის დარღვევას. „ახალი მემარჯვენეების“ ამოცანა საპარლამენტო არჩევნებამდე 6 თვით ადრეც და დღესაც, 11 თვით ადრე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, არის ერთი რამ - შეიქმნას ძლიერი ერთობა“.

„თავისუფელი დემოკრატების“ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ბლოკად ან სხვა სახით გაერთიანებაზე საუბარი ძალიან ნაადრევად მიაჩნია შალვა შავგულიძეს, პარტიის წარმომადგენელს. მისი თქმით, ამის აუცილებლობა რეალობამ უნდა დაანახვოს. თუმცა ლიბერალურ და პროდასავლურ ძალებთან მჭიდრო კოორდინაციის მომხრე პარტიაში მიიჩნევენ, რომ მთავარი მიზანი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციაა და ამ მიზნის მისაღწევად პარტია ეცდება თავისი წვლილი შეიტანოს, ამბობს შალვა შავგულიძე:

„მოვემზადებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ისევე როგორც შემდგომ - საპარლამენტო არჩევნებისთვის და, უპირველეს ყოვლისა, პირველი საზრუნავია საარჩევნო კოდექსის ცვლილება; ამასთან, პარტიის ახალი სახეებით შევსება, ვინაიდან პარტიამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დიდ დანაკლისი განიცადა“.

რადიო თავისუფლების პროგრამა „დილის საუბრებში“ 22 დეკემბერს მარიამ გრიგალაშვილმა, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) მკვლევარმა, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ქართველი და უცხოელი ექსპერტების გამოკითხვის შედეგებზე ილაპარაკა და თქვა, რომ ექსპერტები წინასაარჩევნოდ „თავისუფალი დემოკრატებისა“ და რესპუბლიკელების კოალიციაში გაერთიანების აუცილებლობას ხედავდნენ და ამას მათი ლიბერალური და პროდასავლური ღირებულებების ერთიანობით ხსნიდნენ, ახლა კი გამოკითხული ექსპერტები ლიბერალური ძალების მომავალს შემდეგნაირად აფასებენ:

„ექსპერტების 52 % აცხადებს, რომ მათი პოპულარობა ამ დონეზე დარჩება, ისეთ დაბალ დონეზე დარჩება, როგორც მათ დღეს აქვთ, თუ რამე ძირეული ცვლილება არ მოხდა ამ პარტიებში. 26 % მიიჩნევს, რომ, პირიქით, კიდევ უფრო დასუსტდება, ხოლო 22 % მიიჩნევს, რომ არსებობს გარკვეული ოპტიმისტური მოლოდინები, რომ ეს ლიბერალური პარტიები გამოცოცხლდებიან და ერთიანი ძალებით ან ცალ-ცალკე მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უკეთეს შედეგს დადებენ“.

უახლოეს მომავალში არასაპარლამენტო ოპოზიციის უმრავლესობა თავისი დღის წესრიგის მთავარ ამოცანად საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მანაწილეობას მიიჩნევს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG