Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთარ კობერიძის ჩაუმქრალი ვარსკვლავი


12 მარტს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს საქართველოს სახალხო არტისტი ოთარ კობერიძე, რომელიც 9 მარტს, 90 წლის ასაკში, გარდაიცვალა. ოთარ კობერიძე იყო პირველი ქართველი კინოვარსკვლავი, რომელმაც შეძლო როგორც ქართული ლოკალური სივრცის დაძლევა, ასევე საბჭოთა საზღვრების გადალახვა. გამორჩეული ნიჭის, გარეგნობის, ხმისა და ტემპერამენტის მქონე მსახიობმა ხანგრძლივი კარიერის მანძილზე 80-ზე მეტ ფილმში ითამაშა, თუმცა ნამდვილი ვარსკვლავური აღიარება მოუტანა გლახუნას როლმა 1956 წელს ლეო ესაკიას მიერ გადაღებულ მხატვრულ ფილმ „ბაში-აჩუკში“.

„ბაში-აჩუკში“ გადაღებამდე ოთარ კობერიძემ მოასწრო ბესარაბიელი პარტიზანის როლის შესრულება ნიკოლოზ შენგელაიას “შავ მთებში” (1941 წ.), მოხალისედ წასვლა მეორე მსოფლიო ომში, ომიდან დაბრუნების შემდეგ კი თეატრალურ ინსტიტუტში სწავლა. იმუშავა ჯერ სოხუმის, შემდეგ კი მარჯანიშვილის თეატრში, თუმცა, როგორც კინომცოდნე ლელა ოჩიაური ამბობს, მსახიობის ბედის განმსაზღვრელი აღმოჩნდა აკაკი წერეთლის მოთხრობა „ბაში-აჩუკის“ მიხედვით გადაღებულ ამავე სახელწოდების ფილმში განსახიერებული როლი რომანტიკული გმირისა, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა სტალინის ეპოქისათვის დამახასიათებელ ჰეროიკულ, საბჭოურ მონუმენტურ სტილთან.

„იმ დროის გმირებისგან განსხვავებით, რომლებიც იყვნენ კომუნისტური იდეოლოგიით შთაგონებული და თავსმოხვეული საზოგადოებისათვის, - ამ პერსონაჟებისგან განსხვავებით, რა თქმა უნდა, ეს იყო ეროვნული გმირი. არადა, საბჭოთა ეპოქაში ყველაფერი ეროვნული, ნაციონალური იყო აკრძალული და მიჩქმალული და ყველაფერი იყო გაერთიანებული ერთიან საბჭოთა მასაში... და ამ ფონზე ჩნდება ისეთი გმირი, რომელსაც მაყურებელი მიიჩნევს საქართველოს განმათავისუფლებლის სიმბოლოდ - თანაც, გმირი, რომელიც არის საოცარი მომხიბვლელობის“, უთხრა ლელა ოჩიაურმა რადიო თავისუფლებას.

მერაბ კოკოჩაშვილი
მერაბ კოკოჩაშვილი

„ბაში-აჩუკის“ გადაღებიდან ორი წლის თავზე ეკრანებზე გამოვიდა დავით რონდელის „მამლუქი“, რომელშიც კიდევ უფრო მეტად წარმოჩნდა ოთარ კობერიძის მსახიობური ტალანტი და ათლეტურობა. როგორც რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი იხსენებს, მსახიობობასთან ერთად, ოთარ კობერიძე იყო კარგი მხედარი, მოჭიდავე, მოკრივე, მოცურავე და მოფარიკავე, რაც მეტ ხიბლსა და დამაჯერებლობას სძენდა მსახიობის მიერ განსახიერებულ თავისუფლებისათვის მებრძოლ რომანტიკულ გმირებს:

„ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, - როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის, - რადგანაც მაშინ ისეთი პერიოდი იყო, რომ ხსენება ეროვნული გმირისა, რომელიც საზღვარგარეთ იბრძოდა რაღაც პრინციპების გამო, რაც ჰქონდა დაკარგული და რაც აღიდგინა, ანდა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა - გასული საუკუნის 50-იან წლებში ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს ის დროა, როცა იწყებს შეზანზარებას საბჭოთა სისტემა. ასეთი რომანტიკული გმირი, ასეთი სილამაზის ადამიანი - ფიზიკურად ძლიერი, მაღალი, მშვენიერი... ცხოვრებაც ასეთი გაჯერებული ჰქონდა. პატარა წავიდა ომში მოხალისედ, დაიჭრა და 1945 წელს დაბრუნდა. აქედან მოყოლებული (მანამდეც, ცხადია), სულ კინოში იყო და მოჰქონდა საინტერესო ტიპები“.

ეს ტიპები, ანუ მსახიობის მიერ შესრულებული როლები, დღემდე ახსოვთ საქართველოში, ისევე როგორც ახსოვთ თავად ოთარ კობერიძე და მისი განუმეორებელი სილამაზის მეუღლე, ლია ელიავა - ასევე კინოს ნამდვილი ვარსკვლავი.

თუმცა ოთარ კობერიძეს მხოლოდ ეფექტური გარეგნობა როდი ჰქონდა. კინომცოდნე ლელა ოჩიაურის თქმით, მსახიობმა ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ბევრი სახასიათო და ერთმანეთისგან განსხვავებული როლი შეასრულა:

ლელა ოჩიაური
ლელა ოჩიაური

„მას შეეძლო სქემატური პერსონაჟი განესახიერებინა, რადგანაც დრო მოითხოვდა ამ ყველაფერს. შემდეგ ის თავისუფლდებოდა ამ ყველაფრისაგან და მიდიოდა პერსონაჟის გახსნის აბსოლუტურ თავისუფლებამდე და მისი პერსონაჟების მრავალფეროვნებაც, ცახდია, აქედან გამომდინარეობს და არა იმიტომ, რომ იყო ძალიან გამორჩეული გარეგნობის ადამიანი. ალბათ, ამანაც განაპირობა ის, რომ ოთარ კობერიძეს იწვევდნენ არა მარტო ქართველი და საბჭოთა რეჟისორები, არამედ მონაწილეობდა საერთაშოროსო პროექტებშიც“.

ლელა ოჩიაურის მსგავსად, რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილიც მიიჩნევს, რომ ოთარ კობერიძის ფილმოგრაფია გამორჩეულია არ მხოლოდ მრავალრიცხოვნებით, არამედ მრავალფეროვნებითაც:

„შესანიშნავი როლი აქვს თენგიზ აბულაძის „სხვის შვილებში“, რომელშიც მთავარი როლი სწორედ ოთარისაა. ასევე, „დათა თუთაშხიაში“ - პოლკოვნიკი სეხნიევი... ეს მეტყველებს იმაზე, რომ ოთარი მრავალფეროვანი მსახიობი იყო“.

ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ ოთარ კობერიძეს ნათამაშები აქვს თეატრშიც. 1993 წელს მსახიობი მოიწვიეს ესენის გრილოს თეატრში, სადაც სოფოკლეს “ოიდიპოს მეფეში” ტირეზიას როლი შეასრულა. მსახიობი ზანდა იოსელიანი კი იხსენებს ოთარ კობერიძისა და ლია ელიავას მიწვევას მარჯანიშვილის თეატრში.

„ქალბატონი ლია და ბატონი ოთარი თამაშობდნენ ბატონი არჩილ ჩხარტიშვილის დადგმაში „ნოველების საღამო“. ერთ-ერთ ნოველაში მე ვიყავი დაკავებული, მეორეში ბატონი ოთარი და ქალბატონი ლია. ერთად გვიხდებოდა რეპეტიციების ჩატარება და მქონდა ბედნიერება მეყურებინა მისი თამაშისთვის... მერე მოგვიწია ერთად გასტროლებზე წასვლა, სადაც გამოჩნდა მისი სხვა არაჩვეულებრივი თვისებები... და კიდევ, რაც დამამახსოვრდა, პოპულარობის ზენიტშიც კი იყო საოცრად თავმდაბალი“, უთხრა ზანდა იოსელიანმა რადიო თავისუფლებას.

ამ დღეებში უფრო ინტენსიურად ვფიქრობ ჩემს სამშობლოზე, სახელმწიფოზე. ძალიან მიხარია, რომ შეიქმნა ძლიერი ჯარი, ვინაიდან თუ თავისუფლება გინდა, ძლიერი ჯარი უნდა გყავდეს. იმიტომ კი არა, რომ სხვა დაიპყრო, არამედ იმიტომ, რომ თავი დაიცვა...
ოთარ კობერიძე, ნაწყვეტი "თავისუფლების დღიურებიდან"

თუმცა, თავმდაბლობის გარდა, ოთარ კობერიძის ხასიათის მნიშვნელოვანი შტრიხი იყო შრომისმოყვარეობა. ამის შესახებ ილაპარაკა მსახიობის ქალიშვილმა ნანა კობერიძემ 2014 წლის 18 დეკემბერს გოგი გვახარიას საავტორო გადაცემაში:

„საოცრად შრომისმოყვარე იყო, გიჟდებოდა თავის საქმეზე. თითქმის მთელი წლის განმავლობაში წასული იყო. წელიწადში ორ-სამ ფილმში იღებდნენ, იშვიათად თუ გამოჩნდებოდა ხოლმე შინ... ასეთი დატვირთვა ოდნავაც კი არ უქმნიდა დისკომფორტს, არც იღლებოდა და ეს მიუხედავად იმისა, რომ რთული გადაღებები ჰქონდა, დუბლიორის გარეშე მუშაობდა... ასე პათოლოგიურად, ფანატიკურად უყვარდა თავისი საქმე“.

ამასთან, ნანა კობერიძის თქმით, ოთარ კობერიძეს საქმის სიყვარულსა და ნიჭის რეალიზებაში ეხმარებოდა გამორჩეული ფიზიკური ჯანმრთელობა. 90 წლის ასაკშიც კი მსახიობი აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა, ვარჯიშობდა, კითხულობდა, წერდა, ხატავდა და ინტერესდებოდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით, გულწრფელად ხარობდა სამშობლოსთან დაკავშირებული ყველა პოზიტიური სიახლით. ნათქვამის დასტურად გამოდგება ოთარ კობერიძის თავისუფლების დღიურები, რომელიც მსახიობმა 2010 წლის 11 იანვარს რადიო თავისუფლებისთვის ჩაწერა:

„ამ დღეებში უფრო ინტენსიურად ვფიქრობ ჩემს სამშობლოზე, სახელმწიფოზე. ძალიან მიხარია, რომ შეიქმნა ძლიერი ჯარი, ვინაიდან თუ თავისუფლება გინდა, ძლიერი ჯარი უნდა გყავდეს. იმიტომ კი არა, რომ სხვა დაიპყრო, არამედ იმიტომ, რომ თავი დაიცვა. მახსოვს, როდესაც პირველად შევხვდი ამ ჯარს, ჩამოიარეს კუნთმაგარმა ბიჭებმა. მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ და ვიცი, რა არის ვარჯიში. ვარჯიში არის გონების სისუფთავე. ახალგაზრდობაში ვერიდებოდი ჩხუბს, მეშინოდა, ვინმეს რომ გავარტყა, რამე არ დავუშავო-მეთქი“.

ოთარ კობერიძის შემოქმედებაში განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო გასული საუკუნის 60-70-იან წლები, როცა მსახიობის პოპულარობა საქართველოს საზღვრებსაც გასცდა. როგორც კინომცოდნე გოგი გვახარია ამბობს, მსახიობს წილად ხვდა ბედნიერება ეთანამშრომლა მსოფლიო კინოს ისეთ ოსტატებთან, როგორიცაა ჯუზეპე დე სანტისი, კლაუდია კარდინალე, ჯანკარლო ჯანინი, შონ ო,კონორი, პიტერ ფინჩი. მას გადასაღებად იწვევდნენ იტალიიდან, გერმანიიდან, საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა სტუდიიდან, თუმცა, გოგი გვახარიას თქმით, ოთარ კობერიძის ყველაზე დიდ წარმატებად მაინც რჩება “ბაში-აჩუკი” - კეთილი და მოხდენილი გმირი, რომელიც ათავისუფლებს სამშობლოს, განსაცდელიდან ცოცხალი გამოდის და ოპტიმიზმით მუხტავს მაყურებელს ლამის სამოცი წელია.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG