Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისში სიმშვიდეა, დაძაბულობა განიმუხტა


ქისტებსა და ქართველებს შორის გამოვლენილი თითქმის ერთდღიანი დაძაბულობის შემდეგ, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში ამჟამად სიმშვიდეა. დუისისა და მატნის მკვიდრი მოსახლეობა ყველაფერს ახალგაზრდებს შორის ჩხუბს მიაწერს და უფრო ღრმა დაპირისპირების არსებობას გამორიცხავს, თუმცა ჩხუბში მონაწილე მხარეები დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, დაპირისპირება 17 აგვისტოს, საღამოს, დაიწყო. სოფელ დუისის ცენტრში შეკრებილ ქისტ ახალგაზრდებს სოფელ მატნისკენ, შინ მიმავალი შეზარხოშებული ქართველი ახალგაზრდების საქციელი არ მოეწონათ, უკან გამოედევნენ, დაეწივნენ და მუშტი-კრივიც გაიმართა. პირველ ჩხუბში მონაწილეებს ოდნავ მოგვიანებით სხვა ახალგაზრდებიც შეემატნენ, რასაც ფიზიკური ანგარიშსწორების კიდევ რამდენიმე ეპიზოდი მოჰყვა, თუმცა როგორც ახმეტის რაიონის სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი, 22 წლის სულხან ბორძიკაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა მეორე დღეს, როცა სოფელ მატნის მოსახლეობამ, ქისტებთან ანგარიშსწორების მიზნით, პანკისის ხეობისკენ მიმავალი გზა გადაკეტა:

”გამოსვლები დაიწყეს მაგათ, ყველა ეთნიკურად ქისტის დაჭერა, მანქანებისთვის ქვების სროლა... სამარშრუტო ტაქსი, რომელიც მოძრაობს პანკისიდან თელავის მიმართულებით, გააჩერეს, ავიდნენ, ეძებდნენ ბიჭებს... იპოვნეს ბიჭები, რომლებიც მანქანით ბრუნდებოდნენ და აზრზე არ იყვნენ რა ხდებოდა აქ. გააჩერეს, ჩამოსვეს და მაგათაც სცემეს. გუშინ მთელი დღე გრძელდებოდა ეს ამბები აქ, მანქანებს ურტყამდნენ და პოლიცია ამ დროს არაფერს არ აკეთებდა. იმდენი ძალა არ იყო, რომ მოსულიყვნენ, ეს ხალხი გაეყვანათ და თავისუფალი მიმოსვლა მაინც ყოფილიყო”.

არავითარი „მარშრუტკების“ გაჩერება არ ყოფილა, ეგ არის სიცრუე. ვითომ იქ ქალებს შეურაცხყოფა მიაყენეს, ვიღაცას სცემეს - ეს ყველაფერი ყურით მოთრეულია და ღმერთმა იცის, ვის ინტერესებს ემსახურება...
გოჩა ქიტესაშვილი
პოლიციელების უმოქმედობასა თუ უშედეგო მოქმედებებთან დაკავშირებულ ვერსიებს არ ეთანხმება სოფელ მატნის რწმუნებული გოჩა ქიტესაშვილი, რომლის თქმითაც, რომ არა პოლიციელების აქტიური ჩარევა, ემოციებით დატვირთულ ადამიანებს შორის შესაძლოა უბედურებაც დატრიალებულიყო. სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, 5-მდე ადამიანმა მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება.

გოჩა ქიტესაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აცხადებს, რომ არაფერი ისეთი არ მომხდარა და რომ დეზინფორმაციაა მატნელების აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებული ვერსიებიც. სოფლის რწმუნებული ვარაუდობს, რომ ასეთი ჭორების მიღმა არეულობის მოსურნე გარკვეული ძალებიც იდგნენ:

ისტორიულად, მატნელი ხალხი ყოველთვის ჩვენი ხალხის გვერდით იდგა. ძალიან ვაფასებთ, ძალიან დიდი ძმობა გვაქვს, ძალიან დაგვხმარებიან. თუკი გასულ საუკუნეებში ჩვენი ინტეგრირება ნორმალურად მოხდა ამ საზოგადოებაში, ეს მატნელების დამსახურებაა...
მექა ხანგოშვილი
”არავითარი „მარშრუტკების“ გაჩერება არ ყოფილა, ეგ არის სიცრუე. ვითომ იქ ქალებს შეურაცხყოფა მიაყენეს, ვიღაცას სცემეს - ეს ყველაფერი ყურით მოთრეულია და ღმერთმა იცის, ვის ინტერესებს ემსახურება. ეგ არის პროვოკაციული განცხადებები, არ მომხდარა ეგეთი რამე. ვიღაცას აწყობდა, რომ ქისტები აეყოლიებინა გარკვეულ ჯგუფს, რომ ვითომ მატნელებმა „მარშრუტკები“ გააჩერეს, დაამტვრიეს, ქალებს შეურაცხყოფა მიაყენეს... - ეს არის სიცრუე”.

ინციდენტი რომ ამ დროისთვის ბოლომდე ამოწურულია, გოჩა ქიტესაშვილის მსგავსად, დარწმუნებულია მექა ხანგოშვილიც - რეინტეგრაციის საკითხებში
სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარი მრჩეველი, რომელიც ამჟამად პანკისის ხეობაში იმყოფება. როგორც ხანგოშვილი ამბობს, სიტუაცია დაძაბული იყო და მას ნამდვილად შეეშინდა, რომ დაპირისპირება რელიგიურ ჭრილში არ გადაზრდილიყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც 18 აგვისტოს თელავში გაიმართა შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრსა და ადგილობრივ უხუცესებს შორის, ვნებათაღელვა დაცხრა:

”ისტორიულად, მატნელი ხალხი ყოველთვის ჩვენი ხალხის გვერდით იდგა. ძალიან ვაფასებთ, ძალიან დიდი ძმობა გვაქვს, ძალიან დაგვხმარებიან. თუკი გასულ საუკუნეებში ჩვენი ინტეგრირება ნორმალურად მოხდა ამ საზოგადოებაში, ეს მატნელების დამსახურებაა... ახლა კი ახალგაზრდები ძველ თაობას არ უსმენენ (ორივე მხარეზე მაქვს საუბარი), სულ სხვა თაობა წამოვიდა... მაგრამ, როგორც კვირას გამოჩნდა, უხუცესებმა ეს საქმე მოაგვარეს. ინციდენტი ამოწურულია. არანაირი საშიშროება იმისა, რომ განმეორდება, არ არსებობს. ძალოვანმა სტრუქტურებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მსგავსი რამე არ განმეორდეს”.

იმისათვის, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს, მექა ხანგოშვილიც დამნაშავეთა დასჯას ელოდება და ამგვარ აუცილებლობას ამ დღეებში ინციდენტის მონაწილე მხარეთა არაერთმა სხვა წარმომადგენელმაც გაუსვა ხაზი. ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის. წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება და საქმე ხულიგნობის მუხლით არის აღძრული.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG