Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპონდენტის უბედურება


ისინი, ვინც ჩემს შეტყუებას ცდილობენ ხოლმე რომელიმე ადგილობრივ სატელევიზიო თოქ-შოუში, ჩემს უარს - “არა, ვერ მოვალ”, ქედმაღლობის ან სნობიზმის გამოვლინებად მიიჩნევენ, სინამდვილეში კი მათთან სტუმრობაზე უარის თქმის მიზეზი არა კუდაბზიკობა, არამედ სტრესის შიშია, რადგან საქართველოში რესპონდენტად ყოფნა ტელემაყურებლად ყოფნაზე ბევრად სტრესულია.

შეხედეთ, რა დღეში ჰყავთ ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუებში საწყალი რესპონდენტები, რა კმაყოფილები და მოწესრიგებულები შეჰყავთ სტუდიაში და რა დაბეჩავებულებს, გაქუცულებსა და გაწამებულებს უშვებენ იქიდან.

საწყალ რესპონდენტს არავინ ეპყრობა ადამიანურად.

ნეტა ეს ეგზოტიკური “20\30” თუ რაღაც ამდაგვარი არ მენახა: საბრალო სტუმრები (რომლებიც, როგორც მიხვდი, ამ გადაცემაში რეგულარული სტუმრის სტატუსისთვის არიან განწირულები) შეცდომის დაშვების შიშით ატანილები სხედან სპირიტისტული სეანსებისთვის განკუთვნილი მაგიდის გარშემო და რის ვაივაგლახით ცდილობენ ავტონომიური და არასაკამათო საუბრის ილუზიის შექმნას. თან, რაც ყველაზე მტანჯველია, როგორც ჩანს, არავინ იცის, რა შეიძლება ჩაითვალოს შეცდომად, რადგან ერისა და ბეჩავი მთავრობის მთავარი “დამსტრესავიც” იქ ზის და, სავარაუდოდ, შენიშვნასაც გეტყვის, თუკი, ღმერთმა ნუ ქნას და, მოვლენების არასწორ ანალიზს შესთავაზებ, ანდა თუკი შეკამათების შესაძლებლობას არ მისცემ, როცა ის მსუბუქი კამათით სიამოვნების მიღებას გადაწყვეტს.

რაც არ უნდა ქნას ამ გადაცემაში რესპონდენტმა, ყველაფერი მარცხით დასრულდება: თუკი მშვიდად და დაუძაბავად ილაპარაკებს, ხსენებული გადაცემისა და რესპუბლიკის უმთავრეს ავტორიტეტს მოჰგვრის მოწყენილობას, მაგრამ ვაითუ რაიმე შეუსაბამო თქვას, ეს კაცი სიტყვას არ შეარჩენს, ყველა “კაპეიკს” დაუთვლის და საბოლოოდ ამოაგდებს სასაუბრო კალაპოტიდან…

კარგი, ვთქვათ, უარს იტყვი იქ “დასტრესვაზე” და უფრო აქტიურ გადაცემაში, “იმედის კვირაში” მიხვალ, უკეთესად არც აქ დაგხვდებიან: ერთდროულად ხუთი თუ ექვსი წამყვანი დაგესევა თავზე და ისე გიყვირებენ, ისე დაგიცაცხანებენ, ისე გაგამათრახებენ, რომ შეიძლება სულიც გააცხო შიშისგან. აუდიტორიაც ისე ფეხებზემკიდიურად და შიზოფრენიულად ხშირ-ხშირად დაუკრავს ტაშს, რომ ეს კიდევ ცალკე გამოგალაყებს, ხოლო წამყვანთაგან ერთ-ერთი იმგვარად დაგისვამს შეკითხვას, რომ როგორც არ უნდა მოინდომო, აზრს მაინც ვერაფრით გამოიტან: “ანუ ხომ ხვდებით, რას გეკითხებით?”

მაშასადამე, თუკი “20\30-ში” ფატალურ კატასტროფად აღიქმება შეცდომის დაშვება, აქ პირიქით, რაც მეტი კატეგორიული სისულელე ითქმება, რაც უფრო აირ-დაირევა ყველაფერი, მით უფრო მეტი ოვაცია შეგხვდება სტუდიაში მსხდომი სადისტურად სელექციური და ინფანტილური პირტიტველა გოგო-ბიჭებისგან.

ესტუმრები მერე იმავე შენობაში არსებულ “გ. ჯაჯანიძის შოუს” და სასჯელად იდენტობის კრიზისს მიიღებ: რესპონდენტმა შეიძლება კაცად მოაშუროს აქაურობას, მაგრამ სარეკლამო ჭრის დროს მოულოდნელად აღმოაჩინოს, რომ თურმე ქალად მოუწვევიათ, ანდა იმ ზომამდე მიიყვანონ რომელიმე გაწამებული ტრანსგენდერი რესპონდენტი, რომ გადაცემის დასასრულისთვის უშვერი სიტყებით ლანძღოს თავად ტრანსგენდერიზმის მრავალტანჯული ინსტიტუტი.

მიხვალ გადაცემა “პროფილში” და აქ ცალკე დიდ სტრესს შეგაგებებენ: წამყვანი ისე უხერხულად ახლოს მოგიჯდება და ისეთ ზომამდე მიგიყვანს, რომ აუცილებლად აგატირებს დასასრულისთვის, რაიმე უბედურებას გაგახსენებს შენი ცხოვრებიდან (“გამზრდელი მამიდა მომიკლა ‘ატმორმა’” - რაღაც ასეთს), რაიმე უთქმელ დაავადებას აღმოგაჩენინებს შენში და მერე ამის გამხელასაც მოგთხოვს: “მართალია, რომ შარდის შეუკავებლობა გჭირს? თუ გინდა, ნუ ვისაუბრებთ ამაზე…”

წახვალ მერე აქედან ინტელექტუალურ “თეორემაში” და აქაც დაძაბული უნდა იყო, რადგან შეიძლება გულსატკენად აგდებულად და არცთუ პატივისცემით მოგმართოს მომხიბვლელმა წამყვანმა. რესპონდენტები აქ ყველანაირად ცდილობენ, რომ წამყვანის კეთილგანწყობა მოიპოვონ, თორემ იმან შეიძლება უეცრად კისკისით მოგკადროთ შეურაცხყოფა: “ფუფ, ლევან რამიშვილი თქვენზე ასჯერ ჭკვიანია!”

თან აქ ისიც პრობლემაა, რომ შესაძლოა ძალაუნებურად გაქებინონ წინა ხელისუფლება, რომლის ქებაც “თეორემაში” მისვლამდე სულაც არ გინდოდა. უფრო პირიქით.

“ობიექტივზე” ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს ტელევიზია უკვე ის ფაზაა, რომელიც მძიმე სტრესის შემდგომ დგება… სტრესი აქ განვლილი ეტაპია.

მაგრამ მივა თუ არ მივა აქ ან სადმე სხვაგან რესპონდენტი, შედეგი მაინც ყველგან ერთია: ის ნებისმიერ შემთხვევაში გალანძღულ-გათათხული, მორალურად გათელილი და ფრუსტრირებული რჩება.

შესაბამისად, არ არსებობს რესპონდენტი, რომელიც გადაცემებში სტუმრობის შემდეგ ერთხელ მაინც არ დაუსვამს საკუთარ თავს ამ სევდიან შეკითხვას: “რა მინდოდა? რას მივეთრეოდი…”

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG