Accessibility links

ფინანსური შემოწირულებების ოდენობით „ქართული ოცნება“ დიდი უპირატესობით ლიდერობს


სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიების შემოწირულებების ოდენობით მმართველი პარტია კონკურენტებთან დიდი უპირატესობით დაწინაურდა. კერძოდ, 2017 წლის 1ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, „ქართულ ოცნებას“, ფინანსური შემოწირულებების სახით, 7 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული, მაშინ, როდესაც დანარჩენი პარტიებისთვის გადარიცხული დახმარება, მთლიანობაში, ნახევარ მილიონ ლარს არ აღემატება. პარტიების შემომწირველთა ნაწილს, მათ მიერ განხორციელებული შემოწირულებების კანონიერების დასადასტურებლად, აუდიტის სამსახურში დამატებითი ინფორმაციის წარდგენა მოუწევს. ამ თემაზე ნონა მჭედლიშვილი ისაუბრებს.

პოლიტიკური პარტიების ფინანსებისა და შემოწირულებების მონიტორინგის შედეგები აუდიტის სამსახურმა 13 სექტემბერს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო. აუდიტის სამსახურის ხელთ არსებული მონაცემების თანახმად, 1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ განხორციელებულმა შემოწირულებამ 7 მილიონ 300 ათასი ლარი შეადგინა. პირობით რეიტინგში, 323 675 ლარით მეორე ადგილზე აღმოჩნდა „ევროპული საქართველო“, 15 600 ლარით მესამეზე – „პატრიოტთა ალიანსი“, შემდეგ 15 300 ლარით – ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“, 12 204 ლარი მიიღო „ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ“, 9 215ლარი – „ეროვნულმა ფორუმმა“, 5432 კი – „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ფინანსური შემოწირულებების ოდენობის მიხედვით ასე დაჯგუფდა პოლიტიკური პარტიების პირველი შვიდეული. აუდიტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, აღნიშნულ სამსახურს პარტიების შემომწირველი 101 პირის შემოსავლებთან დაკავშირებით გაუჩნდა კითხვები და მათგან ნაწილი პასუხების გასაცემად დაბარებულია:

ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

„ამ ეტაპზე, ჩვენ დაბარებული გვყავს 14 ფიზიკური პირი. აქედან 6 არის „ევროპული საქართველოს“, ხოლო 8 არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი, რომელთა შემოსავლებთან დაკავშირებით ჩვენ გაგვიჩნდა კითხვის ნიშნები. ვინაიდან, ცალკეულ შემთხვევაში, მათი შემოსავალი მიმდინარე წელს ნაკლები არის მათ მიერ განხორციელებული შემოწირულების ან მცირედით აღემატება. შესაბამისად, ჩვენ ამ პირებთან ვაპირებთ გასაუბრებას, რომ მათ მივცეთ შესაძლებლობა, წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულება და დასაბუთება მათ მიერ განხორციელებული შემოსავლების წარმომავლობის“ – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

პარტიებში განხორციელებული შემოწირულებების მონიტორინგს, თავის მხრივ, აწარმოებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც“. აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი მონაცემები, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პროექტის კოორდინატორის, გიგი ჩიხლაძის ცნობით, მოკვლევის სრულ საფუძველს იძლევა.იგი არ გამორიცხავს, რომ, ცალკეულ შემთხვევაში, საქმე საეჭვო შემოწირულებებსა და კანონის დარღვევასთანაც გვქონდეს, ისევე, როგორც წინა არჩევნებზე.

„ჩვენ მაშინ ვამოწმებდით თანამდებობის პირების შემოწირულებებს. მოგეხსენებათ, დეკლარაციაში მითითებულია შემოსავალი და გასავალი, რაც მას გააჩნია და ამას ვადარებდით მის მიერ განხორციელებულ შემოწირულებას და ვაფასებდით, რამდენად შეეძლო ეს შემოწირულება განეხორციელებინა და ხომ არ გვქონდა სახეზე ფიქტიური შემოწირულება, ანუ, რეალურად, სხვა წყაროდან განხორციელებული შემოწირულება. მაშინ ჩვენ რამოდენიმე განსაკუთრებული საეჭვო შემთხვევა გამოვავლინეთ. რაღაც ნაწილზე ამ საქმეებიდან მოკვლევა დღემდე მიმდინარეობს აუდიტის სამსახურში, მათ შორის, საკმაოდ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირზეც არის ლაპარაკი ერთ-ერთი“.

კანონის თანახმად, პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისგან მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისაგან მიღებული შემოწირულების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 120 000 ლარს...

გიგი ჩიხლაძე აქვე აღნიშნავს იმასაც, რომ დაუსრულებელი საქმეების გარდა, არის ასევე დასრულებული საქმეებიც, სადაც კანონდამრღვევები გამოვლინდნენ და დაჯარიმდნენ კიდეც. ზოგადად კი, ფიქტიური შემოწირულებები ქართული საარჩევნო რეალობისთვის, მისი შეფასებით, უცხო არ არის. შემოწირულებების საკითხს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი არეგულირებს, რომელიც შემოწირულებებისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ლიმიტს უწესებს. ამასთან დაკავშირებით, საინტერესოა სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოების იურისტის, ნინო რიჟამაძის განმარტება:

„კანონის თანახმად, პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისგან მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისაგან მიღებული შემოწირულების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 120 000 ლარს. ასევე ლიმიტი არის დაწესებული იმ კომპანიებზე, რომლებიც პირდაპირი ტენდერების მიხედვით იღებენ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებით მოგებას“.

რაც შეეხება უშუალოდ შემოწირულებების მოცულობას – მმართველ პარტიაში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადარიცხულ სოლიდურ შემოწირულებას, ერთი მხრივ, თანხების დეკლარირების გამჭვირვალობით ხსნიან, მეორე მხრივ კი – „ქართული ოცნებისადმი ბიზნესმენების მიერ გამოხატული ნდობის მაღალი ხარისხით. მმართველი პარტიის სასარგებლოდ ბიზნესმენების უანგარო და ნებაყოფლობითი ქველმოქმედების კი ოპონენტებს არ სჯერათ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG