Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფარულ ჩანაწერებს გამოიძიებენ


ფარულ ჩანაწერებზე მომუშავე კომისიის სხდომა
ფარულ ჩანაწერებზე მომუშავე კომისიის სხდომა
შს სამინისტროს საცავებში შენახული ფარული ჩანაწერებიდან, რაც 24 ათასზე მეტ ფაილს ითვლის, განადგურდება მხოლოდ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები - ისევე როგორც ეს სექტემბრის დასაწყისში მოხდა; დარჩენილ მასალებზე კი ჩატარდება გამოძიება - დანაშაულის კვალის აღმოჩენის მიზნით. ამგვარი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 29 იანვარს, ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის სხდომაზე. გამოძიების გზით დამნაშავეთა გამოვლენის იდეას საქართველოში საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

გადაწყდა, რომ განადგურებას დაექვემდებარება მხოლოდ პირადი ხასიათის ფარული ჩანაწერები, რომლებიც, დიდწილად, ადამიანების სექსუალურ ცხოვრებას ასახავს. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამ ტიპის ჩანაწერები შს სამინისტროს საცავებს ჯერ ისევ შემორჩენია, მედიის წარმომადგენლებს 29 იანვარს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა მიაწოდა:

”მხოლოდ მცირე ნაწილი განადგურდება ვიდეომასალის, რაც შეიცავს ინტიმური ხასიათის ჩანაწერებს. ეს არის მცირე ნაწილი. როგორც ცნობილია, ძირითადი მასალა უკვე განადგურდა... მაგრამ დარჩენილ ფაილებშიც აღმოჩნდა რამდენიმე და ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია მათი განადგურება”.
სახეზეა ორგანიზებული დანაშაულის ნიშნები და ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ზუსტად ის შემთხვევაა, საიდანაც გამოძიება უნდა გავიდეს იმ ადამიანებზე, რომლებმაც, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით და გადამეტებით, დანერგეს სისტემა, რომელიც ემსახურებოდა ადამიანების იძულებას, შანტაჟს...
კახა კახიშვილი

თამარ ქალდანი ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის წევრია და ის, სახელისუფლებო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, ჩართული იყო პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების პირველი, დიდი ნაწილის განადგურების პროცესში. გასული წლის 5 სექტემბერს მედიის თანდასწრებით, საჯაროდ გაანადგურეს 2007-2012 წლებში ჩაწერილი 181 საათის ხანგრძლივობის 144 ფაილი. მას შემდეგ აღმოჩენილი დამატებითი მასალები, კომისიის 29 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, 31 იანვარს განადგურდება. სწორედ ამ დღეს იწურება გასული წლის ივნისში დაარსებული ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე კომისიის უფლებამოსილების ვადაც. ამ კომისიას შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს.

კომისიის კიდევ ერთი წევრი, ”საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის” დირექტორი კახა კახიშვილი, ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების განადგურების გადაწყვეტილებას, გამოძიების ჩატარების გარეშე, მაგრამ რადგანაც ეს მაინც მოხდა, კახიშვილი ამჯერად კმაყოფილებას გამოხატავს იმ ფაქტის გამო, რომ გამოძიებას დაექვემდებარება ფარული ჩანაწერების დარჩენილი ათასობით ფაილი:

”სახეზეა ორგანიზებული დანაშაულის ნიშნები და ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ზუსტად ის შემთხვევაა, საიდანაც გამოძიება უნდა გავიდეს იმ ადამიანებზე, რომლებმაც, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით და გადამეტებით, დანერგეს სისტემა, რომელიც ემსახურებოდა ადამიანების იძულებას, შანტაჟს”.

ის, რომ შესაძლოა ფარული ჩანაწერების დარჩენილი ფაილები გამოძიების პროცესს წაადგეს, 29 იანვარს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმაც ივარაუდა. როგორც რიჩარდ ნორლანდმა უთხრა მედიის წარმომადგენლებს, ზოგადად მისასალმებელია, რომ საქართველოში ფარული ჩანაწერების განადგურების პრაქტიკა დაინერგა, მაგრამ უკანონოდ მოპოვებული მასალები შესაძლოა გახდეს მნიშვნელოვანი მტკიცებულება გამოძიებისთვის, დანაშაულის დადგენის მიზნით.

ლაშა ტუღუში
ლაშა ტუღუში
იმისათვის, რომ მომავალში აღარ განმეორდეს, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რა ხდებოდა ადრე, - ამბობს კომისიის წევრი, გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, რომელიც მიესალმება გამოძიების ჩატარებას დარჩენილი ფარული ჩანაწერების გარშემო. თუმცა, როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, საგამოძიებო პროცესი, რომელმაც შემსრულებელთა გარდა, დანაშაულის დამკვეთებიც უნდა გამოავლინოს, არ უნდა გაჭიანურდეს, რათა არ გაჩნდეს ეჭვი, რომ ვიღაცები ვიღაცებს ხელს აფარებენ.

”ჯერ ერთი, უნდა ჩატარდეს ეფექტური გამოძიება; მეორე - უნდა გაკეთდეს პოლიტიკური შესაფესებები, პირველ რიგში - პარლამენტის მხრიდან; და მესამე - უნდა შეიქმნას ახალი კანონმდებლობა იმისათვის, რომ გარდავტეხოთ ვითარება და ახალი რეალობა შევქმნათ ამ ქვეყანაში” , - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა 29 იანვარს.

შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია განმარტავს, რომ ფარული ჩანაწერების არქივში ბოლო პერიოდში ნაპოვნია ”ინტიმური სცენების” ამსახველი 2 დისკი, რომელიც 5 სექტემბერს განადგურებული იმავე ტიპის 110 დისკის ბედს გაიზიარებს. სამომავლო პრევენციისთვის კი, მინისტრის მოადგილის თქმით, უკვე მომზადებული პროექტის თანახმად, შევა ცვლილებები ”სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 158-ე და 159-ე მუხლებში და გამკაცრდება სანქცია ასეთი დანაშაულის შემთხვევაში”.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG