Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაზოლინის ქუჩის ბიჭები რომანტიზმის მიღმა


გამომცემლობა "დიოგენემ" წელს პიერ პაოლო პაზოლინის რომანი "ქუჩის ბიჭები" დაბეჭდა. 1956 წელს გამოცემული ეს წიგნი იტალიურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ. კი ვიცოდით, რომ პაზოლინი ისეთივე მნიშვნელოვანი მწერალია, როგორიც რეჟისორი, მაგრამ ამ წიგნით ქართველ მკითხველს პირველად გაუჩნდა ამ ფაქტის გადამოწმების შესაძლებლობა.

გადმოწერა

ვინც პაზოლინის ფილმები კარგად იცის, წიგნის სათაური ეგრევე გაახსენებს რეჟისორის ადრეულ პერიოდს, ვთქვათ, "აკატონეს". მართლაც, რომანის კითხვას რომ დაიწყებ, "აკატონეში" რომ სუფევს, იმის მსგავსი ატმოსფერო დაგხვდება: ნეორეალისტურ ფილმებში რომ გინახავთ ღატაკი, ლუკმაპურის მაძებარი იტალია, თითქოს ისეთივე იტალიაა ამ წიგნში ნაჩვენები. ფაშისტური და მერე ომში დამარცხებული. კუჭგამხმარი 12-13 წლის ბიჭები დაწანწალებენ აღმა-დაღმა, ხან რაღაც ნივთებს დაითრევენ მიგდებული საწყობებიდან, ხან ვიღაცას ფულს ასწაპნიან, მერე გასართობს ეძებენ, თუ ვერ იპოვეს, ისევ ერთმანეთით ერთობიან, კინკლაობენ, უწმაწურად დასცინიან ერთმანეთს, მაგრამ რაღაცნაირად გემოს ატანენ ყველაფერ ამას და ამიტომ მათი ეს ბედკრული ცხოვრება მაინც თავისებურად ლამაზია, რაღაცნაირ რომანტიკულ საბურველშია გახვეული. მაგრამ იზრდებიან ბიჭები და საბურველიც ნელ-ნელა ქრება, სისასტიკე მატულობს, ყოველგვარი ხიბლი ეკარგება პურის ფულისთვის ყოველდღიურ ბრძოლას. თავისი დაუწერელი კანონები აქვს ამ კომუნას: შეუძლიათ ერთმანეთს უკანასკნელი ლირები ამოაცალონ ჯიბიდან ან ერთმა მეორეს, მძინარეს, ახალნაყიდი ფეხსაცმელები გახადოს, მან კი სხვა მეგობარს გააძროს დაგლეჯილი ბოტასები. აბა, რა ქნას, ფეხშიშველი ხომ არ ივლის? ეს დაუწერელი კანონები ყველამ იცის და ყველა იღებს - ეს მათი ცხოვრების წესია, თავისთავად რომ მოვიდა, გაჩნდა, ჩამოყალიბდა.

რომანზე საუბარი ვთხოვე პროზაიკოს ცოტნე ცხვედიანს.

ცოტნე ცხვედიანი
ცოტნე ცხვედიანი

ცოტნე ცხვედიანი: პაზოლინის ეს წიგნი მოგვითხრობს საზოგადოების ყველაზე დაბალ ფენებზე. შეგვიძლია ვუწოდოთ ლუმპენპროლეტარიატი ან შეგვიძლია გამოვიყენოთ ანტონიო გრამშის ტერმინი სუბალტერნი. როცა ასეთ ფენებზე ვსაუბრობთ, ალბათ, სულ არის საფრთხე, რომ საუბრისას ჩვენ რომანტიზაცია ვცადოთ ან რაღაც შეცოდება გამოვხატოთ ამ ადამიანების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როცა პაზოლინი საზოგადოების თითქმის ყველა ფენაში არის პოპულარული, ელიტებშიც პოპულარულია და მათგან სხვანაირი ინტერპრეტაციები მოდის, ალბათ, და ეს რომ ავირიდოთ თავიდან, ისევ პაზოლინის ერთი ფილმი შეგვიძლია გავიხსენოთ, "რიკოტა". იქ არის ერთი პერსონაჟი, სტრაჩი, რომელიც არის ჯვარზე გაკრული. სტრაჩი არის ბოგანო, მისი სახელიც ამას ნიშნავს, და სხვა ადამიანებს, უფრო მაღალი ფენის წარმომადგენლებს ის ეცოდებათ, ებრალებათ და რადგან სტრაჩის მუდმივად შია, ისინი მას მუდმივად აწვდიან ნუგბარს, საჭმელს და სტრაჩი ზომას ვეღარ პოულობს და, საბოლოოდ, ამ ბევრი ჭამისგან იღუპება ჯვარზე გაკრული. ეს სასტიკი და, ამავდროულად, კომიკური სცენაც, კარგი ილუსტრაციაა იმის, თუ რაოდენ არასწორია ყალბი ქველმოქმედების ჟესტები, რომლებიც მიემართება მაღალი ფენებიდან დაბალი ფენებისაკენ, რომელიც ემყარება მხოლოდ შებრალებას და არ იაზრებს რეალურ ვითარებას. მე მინდა, რომ როცა ჩვენ ამ დაბალ ფენებზე ვსაუბრობთ, სულ რაღაც შეხსენებასავით იყოს ეს, რომ სხვა უკიდურესობაში არ გადავვარდეთ.

პაზოლინი თითქოს თავადაც ცდილობს, რომ მკითხველში ეს განცდა არ გაჩნდეს. ის აქცენტს არ აკეთებს. წიგნს მთავარი გმირი არ ჰყავს. ავტორი ხან ერთ ბიჭს აეკიდება და მის ცხოვრებას მიაყოლებს თვალს, გვანახვებს, სად, ვისთან ცხოვრობს, როგორ სცემს მისი ლოთი მამა ყოველდღე დედამისს ანდა როგორ ენანება პურის ლუკმა ანჩხლ დედას თავისი ჯიბგირი შვილისთვის... მერე მეორეს გაჰყვება, მის ყოფაში შეგვახედებს და ასე, ბოლომდე. ანუ გამოკვეთილი ნარატივი არა აქვს „ქუჩის ბიჭებს“, რადგან კოლექტიური პროტაგონისტი მოქმედებს აქ. პაზოლინი თითქოსდა განგებ ამ ბიჭების სახეებსაც არ ძერწავს ისე, რომ ისინი ერთმანეთისაგან იოლად განასხვაო. ერთ კოლექტიურ „მე“-ს გვაჩვენებს და ეს კოლექტიური „მე“ როგორ დაწანწალებს რომში, მის გარეუბნებში. ეს ადგილები კი ისეა აღწერილი, ნათლად ხედავ. პოეტური სახეებით, შედარებებით, მეტაფორებით ხატავს ის იმ ლამაზ თუ უგვან პეიზაჟებს, სადაც ეს ბიჭები დაეთრევიან.

სისასტიკეზე გითხარით, რომელიც თანდათან იზრდება. კინორეჟისორის ხერხებს იყენებს აქ პაზოლინი. აი, ერთი ბიჭი, მეტსახელად ტარაკანა, რომელსაც ყველა დასცინის "პიდარასტობისთვის", თუმცა არც ჩანს, მართლა ასეთია თუ მოუგონეს. ქუჩის ბიჭები უცებ წარმოუდგენლად სასტიკები ხდებიან. ამ დაცინვა-გართობაში ისინი ტარაკანას ძელზე აკრავენ, მერე ფეხებთან ხის ტოტებს დაუყრიან, ცეცხლს წაუკიდებენ და ცეკვა-ცეკვით უვლიან გარს... აი, ალდუჩო, რომელსაც დედამისი სულ უღრენს და საჭმელს არ აჭმევს. ბოლო-ბოლო, მოთმინებას კარგავს, მაგიდიდან გადმოვარდნილ დანას იღებს და... დედამისს კლავს. ანუ, ფიქრობ, რომ მწერალმა ბოლო კადრები მოჭრა, მკვლელობის სცენა, დაწვის სცენა არ გვანახვა ბოლომდე, დაგვინდო. თუმცა მერე ირკვევა, რომ ცოცხალი გადარჩა ალდუჩოს დედაც და ტარაკანაც...

მოვუსმინოთ კვლავ ცოტნე ცხვედიანს.

ცოტნე ცხვედიანი: აქ იშლება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თემა: ბავშვების პროსტიტუციის თემა. პაზოლინის ამის გამო კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს, რამდენიმე სასამართლო პროცესიც ჰქონდა. ყველაზე მძიმე ის არის, რომ ერთ ეპიზოდში, როდესაც ეს ბიჭები თავიანთ სხეულს გაყიდიან და რაღაც ფულს იშოვიან, საროსკიპოში მიდიან ამ ფულით. ლოკალურ კონტექსტში რომ არ ვილაპარაკოთ, მთელ თაობაზე შეიძლება ვთქვათ, რომ 80-იანი წლებიდან მოყოლებული, ევროპაშიც, ახალგაზრდების ჯგუფი მთელ კვირას ატარებდა, მაგალითად, მომსახურების სფეროში, მერე ამ აღებული ფულით მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდათ, რომ წასულიყვნენ კლუბებში, დარქ-რუმებში და ა.შ. ახალგაზრდა მთელ თავის დროს კარგავს შრომაში, რომ მერე რამდენიმე საათით მაინც ყველაფერი დაივიწყოს და დაიკმაყოფილოს რაღაც სიმულაციური მოთხოვნილებები, რომ მოჩვენებითად გაერიდოს ყოველდღიურობას. რას სთავაზობს სახელმწიფო ან საზოგადოება ამ ახალგაზრდებს? ერთია რაღაც ინდივიდუალურ თავისუფლებაზე და ინდივიდუალური წარმატების საიდუმლოებაზე აგებული რეცეპტები, რომ თუ შენ ისწავლი, იშრომებ, ამ გეტოდან გაიქცევი და შენს თავს მიხედავ, მაგრამ ერთი ადამიანის გაქცევა არ ნიშნავს არაფერს. გეტო ისევ უცვლელი რჩება. უბრალოდ, იმ გაქცეულის ადგილს სხვა იკავებს. გეტოდან გაქცევა არ არის გამოსავალი, გამოსავალია მისი არსებობის ლოგიკა ამოვხსნათ, მისი საფუძველი დავინახოთ და მთლიანად შევცვალოთ.

ერთია რაღაც ინდივიდუალურ თავისუფლებაზე და ინდივიდუალური წარმატების საიდუმლოებაზე აგებული რეცეპტები, რომ თუ შენ ისწავლი, იშრომებ, ამ გეტოდან გაიქცევი და შენს თავს მიხედავ, მაგრამ ერთი ადამიანის გაქცევა არ ნიშნავს არაფერს. გეტო ისევ უცვლელი რჩება. უბრალოდ, იმ გაქცეულის ადგილს სხვა იკავებს...
ცოტნე ცხვედიანი

ის პრობლემატიკა, რომელიც პაზოლინიმ "ქუჩის ბიჭებში" მთელი სიმწვავით წამოჭრა, ცოტნე ცხვედიანმა საინტერესოდ განაზოგადა და დღევანდელობის პრობლემებამდე მიიყვანა. რა ხდება თავად რომანში? გარბიან ეს ბიჭები ამ "გეტოდან"? ან იშლება "გეტო"? მთელი რომანის განმავლობაში ისინი ჩადიან მდინარეზე და ბანაობენ. ძალიან უყვართ იქ ყოფნა. არ ვიცი, რამდენად გააზრებულად ჰქონდა ეს პაზოლინის გაკეთებული, მაგრამ რაღაც სიმბოლურობა მე ამაში დავინახე. ეს თითქოს ბიჭების განბანვის რიტუალია, არაცნობიერი სურვილი იმ ჭუჭყის მოშორებისა, რომელიც ცხოვრებისგან აქვთ. ისინი შედიან და შედიან ამ მდინარეში, მაგრამ გამოდიან და ისეთივენი რჩებიან. და ფინალშიც ერთ-ერთ ბიჭს მდინარე წაიღებს, მორევი ჩანთქავს.

წიგნი რთული სათარგმნი იყო, რადგან რომაულ დიალექტზეა დაწერილი და რაღაც მიდგომა მოსაძებნი იყო. მთარგმნელი არ წავიდა პირდაპირი გზით, მას რომელიმე ქართულ, თუნდაც ქალაქურ დიალექტზე არ გადმოუტანია ტექსტი - სხვა ხერხები გამოძებნა იმისათვის, რომ ბიჭების ეს მეტყველება, ეს დიალოგები ბუნებრივი ყოფილიყო და, ამავე დროს, არც ავლაბრელი და არც ვაკელი ბიჭების ლაპარაკს არ დამსგავსებოდა. და, მთლიანობაში, თარგმანი, ფაქტობრივად, უნაკლოა, შესანიშნავად იკითხება.

დაბოლოს: „ქუჩის ბიჭები“ ესაა წიგნი, რომელიც მიგახვედრებთ, თუ რატომ იყო პაზოლინი ისეთი რეჟისორი, როგორიც იყო, ხოლო თუ მის ფილმებს გაიხსენებთ, მიხვდებით, თუ რატომ იყო პაზოლინი ისეთი მწერალი, როგორიც იყო. აქ პირველადი და მეორადი არ არსებობს. ერთი ესთეტიკა, ხედვა, პოზიციაა.

XS
SM
MD
LG