Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

51-ე სკოლის პედაგოგები დირექტორის გათავისუფლებას აპროტესტებენ


28 იანვარს თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან დილიდან ხმაური იყო. სკოლის 150-მდე პედაგოგი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებას აპროტესტებდა ამავე სკოლის დირექტორის, დავით ლაგვილავას, გათავისუფლების შესახებ. განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობამ დირექტორის გათავისუფლების გადაწყვეტილება შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე მიიღო. დასკვნაში კი წერია, რომ 51-ე სკოლაში ფინანსური და სხვა სახის დარღვევები გამოვლინდა. 51-ე სკოლის დირექტორი დავით ლაგვილავა და სამეურვეო საბჭოს სრული შემადგენლობა კი აცხადებს, რომ აუდიტის დასკვნა ტენდენციური და უსამართლოა და ხელახალი აუდიტის ჩატარებას მოითხოვს.

51-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 12 გვერდიანი დასკვნის ბოლოს ვკითხულობთ, რომ ეს სკოლა სწორედ დავით ლაგვილავას დირექტორობის პერიოდში იქცა საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო სკოლად და რომ უსამართლობა იქნება წვრილმანი ხარვეზებისათვის დირექტორს უფლებამოსილება შეუწყდეს. დასკვნას, რომელიც განათლების სამინისტროს 25 იანვარს გადაეგზავნა, ხელს აწერს საბჭოს 11 წევრი და, შესაბამისად, დოკუმენტში მოყვანილ მოსაზრებებს ეთანხმება. თუმცა ის, რაც დავით ლაგვილავასა და 51-ე სკოლის პედკოლექტივისათვის წვრილმანი ხარვეზია, განათლების მინისტრისათვის საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა დირექტორის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად. დავით ლაგვილავა მიიჩნევს, რომ განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი შეცდომაში შეიყვანეს - 2012 წლის ზაფხულში სკოლის აუდიტი არაკეთილსინდისიერად ჩატარდა:
ვფიქრობ, ეს ამბავი შესაძლებელია დაკავშირებული იყოს წლების განმავლობაში ერთადერთი განაწყენებული მშობლის ქმედებებთან: ის სკოლიდან განაწყენებული წავიდა, ბავშვიც სხვა სკოლაში გადაიყვანა ...
დავით ლაგვილავა

”სამწუხაროდ, აუდიტის თანამშრომლები ვერ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, ზეწოლას ახდენდნენ მასწავლებლებზე. როცა აუდიტის თანამშრომელი მე მეტყვის, თუ მინდა, ისეთ დასკვნას დავწერ, რომ სამსახურიდან გაგათავისუფლებო, ბუნებრივია, უსამართლობის განცდა გაგიჩნდება”.

აუდიტის დასკვნა დეკემბერში მომზადდა, თუმცა მანამდე, როგორც ლაგვილავა ამბობს, სკოლაში არსებული ხარვეზები გამოსწორდა. მისი თქმით, არც ის არის სიმართლე, თითქოს სკოლამ გარკვეული თანხები არამიზნობრივად დახარჯა. ლაგვილავა ვარაუდობს, რომ შესაძლოა მისი გათავისუფლების მიზეზი უკავშირდებოდეს ერთ-ერთი განაწყენებული მშობლის, ზვიად ნატრიაშვილისა და განათლების მინისტრის მოადგილის, ქეთევან ნატრიაშვილის ნათესაურ კავშირს:

”ვფიქრობ, ეს ამბავი შესაძლებელია დაკავშირებული იყოს წლების განმავლობაში ერთადერთი განაწყენებული მშობლის ქმედებებთან: ის სკოლიდან განაწყენებული წავიდა, ბავშვიც სხვა სკოლაში გადაიყვანა, რადგან ჩათვალა, რომ ზეწოლას ვახდენდით მის შვილზე და სკოლაში მომხდარი ერთ-ერთი ინციდენტის დროს, როდესაც მან კალამი ჩაარტყა მეორე მოსწავლეს, ის უფრო მკაცრად დავსაჯეთ. მას შემდეგ ამ ადამიანმა პირად მტრად გამომაცხადა და ყველა შესაძლო უწყებაში გვიჩივლა, მათ შორის, პროკურატურაში, შემოსავლების სამსახურში. მარტო აუდიტის სამსახურში მისი ოთხი განცხადებაა შესული. ეჭვს ისიც გვიძლიერებს, რომ განათლების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი მისი ბიძაშვილია. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი იყოს ერთმანეთთან კავშირში”.

სკოლის პედაგოგები მიიჩნევენ, რომ განათლების მინისტრი კარგად ინფორმირებული არ არის და ის შეცდომაში შეიყვანეს, აუდიტის დასკვნა კი უსამართლოა. პედაგოგებმა საპროტესტო აქცია, ხელახალი აუდიტის ჩატარების მოთხოვნით, სკოლის წინ გამართეს:
ეს საკითხი დადის კონკრეტული პიროვნების განხილვამდე - ის კარგი პიროვნებაა თუ ცუდი. არადა, ჩვენ გვინდა, რომ ასეთი პერსონალური საკითხები მაქსიმალურად გამოირიცხოს ...
ალუდა გოგლიძე

”გვინდა, რომ სიმართლე გაირკვეს და ხელახალი აუდიტი ჩატარდეს. იმ დასკვნას, რაც არსებობს, ჩვენ არ ვეთანხმებით დ არასწორად მიგვაჩნია”, - გვითხრა 51-ე სკოლის პედაგოგმა ნანა გიორგობიანმა.

განათლების სამინისტროს პასუხი ცალსახაა. 28 იანვარს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ განაცხადა, რომ არსებობს კანონდარღვევების ამსახველი ოფიციალური დოკუნტი, რომელზეც მათი უწყება თვალს ვერ დახუჭავს:

”ეს საკითხი დადის კონკრეტული პიროვნების განხილვამდე - ის კარგი პიროვნებაა თუ ცუდი. არადა, ჩვენ გვინდა, რომ ასეთი პერსონალური საკითხები მაქსიმალურად გამოირიცხოს. როცა კანონი არის დარღვეული, ჩვენ ამაზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებთ. თანაც, აქ არ არის საუბარი მხოლოდ ხარვეზებზე - დარღვევა და ხარვეზი ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ. აქ საუბარია ფინანსურ დარღვევებზე, რომელიც უკავშირდება იჯარის საკითხებს და მშობლებისგან თანხების მობილიზებას”.

განათლების სამინისტროს პოზიცია ასეთია: სამეურვეო საბჭომ ვერ შეასრულა თავისი ფუნქცია და წინ ვერ აღუდგა დარღვევებს სკოლაში.

რაც შეეხება მინისტრთან შეხვედრას, ალუდა გოგლიჩიძე აცხადებს, რომ იმაზე მეტს, რაც დოკუმენტში წერია, განათლების სამინისტრო ვერაფერს იტყვის. შესაბამისად, განათლების სამინისტრო ამ ეტაპზე შეხვედრის საჭიროებას ვერ ხედავს.

51-ე სკოლის დირექტორი დავით ლაგვილავა მინისტრის ბრძანების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს, სკოლის პედაგოგები კი მშობლებთან ერთად საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავენ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG