Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გადავურჩეთ 9 მაისს“. სერგეი მედვედევი წმინდა ომის შესახებ


სერგეი მედვედევი
სერგეი მედვედევი

რუსეთმა აღდგომა ისე აღნიშნა, რომ არცერთი დღით არ შეუწყვეტია უკრაინის ქალაქებისთვის ცეცხლის დაშენა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა, ზარების რეკვაში გაატარა აღდგომის შემდგომი კვირა და შეეგება კვირაცხოვლობას, რომელიც წელს საბჭოთა პირველმაისობას დაემთხვა.

დგება მორიგი რელიგიური დღესასწაული, 9 მაისი - გამარჯვების დღე. ხალხი მსვლელობებს მართავს, დაატარებენ დაღუპული ჯარისკაცების პორტრეტებს (ახლა უკრაინაში ომში დაცემულებისაც), მართავენ შეკრებებს მემორიალებთან, ბავშვებს „პილოტკებს“ დაახურავენ და „გიმნასტიორკებში“ გამოაწყობენ.

9 მაისის რელიგიურ კულტად გადაქცევის შესახებ ბევრს დაუწერია, მაგრამ გაურკვეველი რჩება, რა რწმენაა ეს, რომელ ღმერთს ეთაყვანებიან გაზაფხულის ამ დღეს?

ეს რომ გაიგოთ, საჭიროა ესტუმროთ ამ კულტის მთავარ წმინდა ადგილს, შეიარაღებული ძალების ავის მომასწავებელ და პომპეზურ ტაძარს, რომელიც სამხედრო პოლიგონზე ააშენეს, მოსკოვის მახლობლად, კუბინკასთან.

ამ ნაგებობას ბევრი უცნაური რამ ახასიათებს: გროტესკული არქიტექტურული იერ-სახე ბერძნული ორდერის ნაკვთებიდან (მოსკოვში მაცხოვრის ტაძრის ტიპის „ბრინჯაოს სამელნე“) და ალბრეხტ შპეერის ნაცისტური სტილიდან დაწყებული (მასიური ლამპიონები ტაძრის გარშემო), პროექტში ჩადებული მისტიკური რიცხობრივი შესაბამისობებით დამთავრებული (სამრეკლოს სიმაღლე, 75 მეტრი - ომის დამთავრების წლისთავი, მთავარი გუმბათის დიამეტრი - 1945 - ომის დამთავრების წელი, მცირე გუმბათის დიამეტრი - 14,18 - ომის დღეების რაოდენობა და სხვა). ამ პანოპტიკუმს ასრულებს საფეხურები, რომელიც ნაალაფევი, ნაცისტური ჯავშანტექნიკის გადადნობის შემდეგ ჩამოასხეს, და საეჭვო რელიკვიები, როგორიცაა ადოლფ ჰიტლერის ფარაჯა და ქუდი.

მაგრამ ყველაზე უცნაური იწყება შიგნით. ხელოვნების ისტორიკოსი მიხაილ სიდლინი, რომელმაც ტაძრის იკონოგრაფია შეისწავლა, აღნიშნავს, რომ ის შორდება ქრისტიანულ ნორმას. მაგალითად, არსადაა გამოსახული „განკითხვის დღე“: „მას გამოსახავენ ხოლმე დასავლეთის კედელზე, იქ წმინდა არმიაა: აღლუმებზე, ცხენებზე, შუბებით და შარავანდედით, გარშემო მთელ კედელზე - ჯარისკაცები და პარტიზანები, მატროსები და „სპეცრაზმელები“ ცეცხლმოკიდებული ქალაქების და ცეცხლოვანი გარიჟრაჟების ფონზე. ისინი ანგელოზებს გაუთანაბრეს. პატრიოტულ საკერპოში ისინი - ავტომატებით და შაშხანებით, ბამბის ქურთუკებსა და შინელებში, მაისურებსა და ხაკისფერ ფორმაში, სოციალიზმის სივრციდან ახალი რწმენის სამყაროში გადასახლდნენ“.

აქ ჩანს ამ ჰიბრიდული კულტის ჭეშმარიტი არსი: ეს არა ქრისტიანული ღმერთის, ან თუნდაც გამარჯვების ტაძარია, როგორც მას ოფიციალურად ჰქვია (ქრისტიანობაც არსებითად გამარჯვების კულტია - სიცოცხლისა სიკვდილზე, სულისა სხეულზე), ეს არის ტაძარი ომისა, დაუსრულებლისა და დაუნდობლისა.

ერთადერთი რამის იმედიღა მქონდა, რომ წელს, 9 მაისს - გამარჯვების დღეს, რუსეთი საზეიმო ბირთვული სალუტით არ აღნიშნავდა.

როგორც სიდლინი აღნიშნავს, დიადი გამარჯვების საბჭოთა რელიგიაში იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ელემენტი: მარადიული ცეცხლი, დედა-სამშობლო, წმინდა ომი და მუდამ ცოცხალი გმირები, მაგრამ ეს კომპონენტები მხოლოდ ახლა იკვრებიან ერთ სურათად და იძენენ სახელმწიფო რელიგიის სტატუსს. ისინი სინკრეტულია და რაღაცით სინტოიზმის რელიგიურ რიტუალს გვახსენებს, რაღაცით წარმართულ კულტებს (ცეცხლის თაყვანისცემა, მებრძოლი ქალწულის სახე, რომელიც ბისმარკის თუ ვაგნერის ეპოქიდან შეიძლება იყოს აღებული), რაღაცით - მართლმადიდებლობის სამხედრო-პატრიოტულ ვერსიას. მაგრამ ყველაზე მეტად, ამ რელიგიას აღწერს ისლამური ჯიჰადის იდეა თავისი ყველაზე რადიკალური გაგებით, როგორც ომი ურჯულოთა წინააღმდეგ.

„წმინდა ომის“ სახე ვასილი ლებედევ-კუმაჩის ტექსტიდან აქ გადააზრებულია და გაფართოებულია ფუნდამენტურ ონტოლოგიამდე და თანამედროვე რუსეთის არსებობის აზრამდე.

ეს უკვე აღარ არის ომი გამარჯვების მიზნით, ეს არის ომის ომისთვის, ომი, როგორც მუდმივი მდგომარეობა, ესთეტიკური განცდა, რუსეთის მუდმივი მამოძრავებელი.

უკრაინა ამ ომში არის არა მიზანი, არამედ საშუალება. ნამდვილი მიზანი მსოფლიო წესრიგის გარდაქმნაა და ის კიევისკენ კი არ არის მიმართული, არამედ ვაშინგტონისა და დასავლეთისკენ.

რუსეთის გლობალური წყენა სამყაროს მიმართ მოითხოვს გლობალურსავე პასუხს, ომს მთელ გარე სამყაროსთან. ამ კანონის მიხედვით ხდება „სამამულო ომის“ ისტორიის ახლებურად დაწერა, მოკავშირეების გარეშე, აშშ-ის დახმარების გარეშე, „მეორე ფრონტის“ და ელბაზე შეხვედრის გარეშე.

ისტორიის ახალი გაგების თანახმად, საბჭოთა კავშირი ფაშიზმს მარტო ებრძოდა: ეს ეხება სიტყვას, რომელიც პუტინს განზრახ წამოსცდა, რომ „საბჭოთა ხალხი გამარჯვებისკენ გზაზე იყო მარტო“, მისი გამოსვლიდან შარშან 9 მაისს (კრემლის საიტზე ტექსტში წერია „იყო მარტო“), და ამასწინანდელ ფანტასტიკურ აზრს, რომელიც პეტერბურგის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბეგლოვმა გამოთქვა: ლენინგრადის ბლოკადა ევროპის 13-მა ქვეყანამ მოაწყო.

ეს ერგება ალყაშემორტყმული სიმაგრის რელიგიურ, ესქატოლოგიურ სურათს, რომ რუსეთი, როგორც 1941-1945 წლებში, ისევე დღესაც, მარტო უდგას წინ გარე სამყაროს, ტოტალური ომი აქვს გარშემო მყოფი ბოროტების წინააღმდეგ.

როგორც „პირველ არხზე“ განაცხადა თანამედროვე რუსული ფაშიზმის მთავარმა იდეოლოგმა, ზახარ პრილეპინმა, „უნდა ყველამ შეიგნოს, რომ წინ არის მობილიზაცია და გლობალური ომი გადარჩენისთვის, ჩვენი ყველა მტრის დასაძლევად. ჩვენი ეროვნული იდეოლოგია ომია. ჩვენი, ჩვენი ხელისუფლების ერთადერთი ამოცანაა, ავუხსნათ და გავაგებინოთ რუსეთის მთელ ხალხს ჩვენი მომავლის ეს გმირული სურათი, რომ ჩვენ „ვკუსკვილის“ მაღაზიაში ხაჭოს კი არ ვყიდულობთ, როცა ჩვენი ჯარისკაცები გაცვეთილი ბერეტებით, იხოცებიან, არამედ იმავე ბერეტებს თავზე ვიხურავთ“.

ერთადერთი რამის იმედიღა მქონდა, რომ წელს, 9 მაისს - გამარჯვების დღეს, რუსეთი საზეიმო ბირთვული სალუტით არ აღნიშნავდა.

ბერეტიანი ლიტერატორი, რა თქმა უნდა, თავს იწონებს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს აგრესიული ნარცისიზმი კრემლის პოლიტიკურ დღის წესრიგს წარმოადგენს.

და აქ კიდევ ერთხელ გამოგვადგება გამარჯვების რუსული კულტის აღწერისთვის „ისლამური ჯიჰადი“, წმინდა ომი, რომლის დროსაც, პოლიტოლოგ ვლადიმირ პასტუხოვის ზუსტი აღწერით, პუტინი კოოპერატივ „ოზეროს“ მოქურდო თავმჯდომარიდან გადაიქცევა აიათოლად, რომელიც თავის გონებაში წინასწარმეტყველებს ესაუბრება და მარადიულობაზე ფიქრობს.

გამარჯვების საკრალიზებამ მიგვიყვანა ტრანსცენდენტურისა და მითის სივრცეში, მისტიკისა და „ბედისწერის“ ტერიტორიაზე. მათ, ვისაც დღეს უხარია უკრაინის „დენაციფიკაციის“ შესახებ კრემლისეული გეგმების წარუმატებლობა, უნდა გაიგონ, რომ ეს არის მხოლოდ ეპიზოდი დასუსტებულ დასავლეთთან გლობალური ომის უფრო ფართო სტრატეგიისა, რომელსაც რუსი სტრატეგები ხედავენ, როგორც გარდაუვალს - და მით უფრო განაღდებული ჩანს კრემლიდან რუსეთის გამარჯვება.

მეტიც, უკრაინის კამპანიაში მიმდინარე წარუმატებლობები, თითქმის ცხადია, რომ პუტინს მხოლოდ განუმტკიცებს დასავლეთთან გლობალური დაპირისპირების იდეას, აერთიანებს რუსული ელიტის მწვერვალს, რომელნიც თავიანთი განცხადებებით სისხლისმსმელობაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, თითქოს უსწრებდნენ და გამოიცნობდნენ მეფის სურვილებს, და ამძაფრებს აპოკალიფსურ პერსპექტივას ადამიანთა იმ ვიწრო წრის თავებში, რომლებიც სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს იღებენ.

ამ მესიანურ პარადიგმაში გამარჯვების დღე მემორიალური მოვლენიდან და პირადი თუ საოჯახო ან საზოგადოებრივი ხსოვნის ფაქტიდან, გადაიქცევა გარე სამყაროსთან ტოტალური ომის კონცეფციად, კაცობრიობის დაშინების სტრატეგიად, სახელმწიფო ტერორიზმის აქტად.

სხვადასხვა ქვეყანაში ხალხი შიშით მოელოდა 9 მაისს - გამარჯვების დღეს რუსეთში. მათ ჰქონდათ იმის საფუძველი, ევარაუდათ, რომ ამ დღეს რუსეთი წამოიწყებდა განსაკუთრებით დაუნდობელ საომარ მოქმედებებს, განახორციელებდა მოულოდნელ იერიშებს (მოლდოვის -დნესტრისპირეთის ან ბალტიის მიმართულებით) ან - ბირთვულ მუქარას, რათა თავისი აღგზნებული აუდიტორიისთვის ეჩვენებინა „გამარჯვება“, რასაც ის მიაჩვიეს პროპაგანდის ათწლეულების განმავლობაში. ამ გაზაფხულის მთავარ ლოზუნგად იქცა „გადავურჩეთ 9 მაისს“.

ორი წლის წინ, პანდემიისა და ლოკდაუნების პერიოდში, კრემლს ჩაუშალეს გამარჯვების 75-ე წლისთავის აღნიშვნა, რაც მრავალთვიანი პროპაგანდისტული კამპანიის კულმინაცია უნდა ყოფილიყო.

არშემდგარი ზეიმის მასშტაბების კომპენსაცია უნდა მომხდარიყო მოსკოვში მძლავრი სალუტით, რაშიც ორგანიზატორებმა აშკარად გადააჭარბეს.

სალუტს 2020 წლის 9 მაისს ვუყურებდი მოსკოვის დასავლეთ გარეუბანში მდებარე ჩემი ბინიდან. ზოგიერთი ზალპი ქალაქის ცალკეულ არეალებში ცეცხლოვან ნიაღვრად ეშვებოდა, 1812 წლის ხანძარი გეგონებოდათ, სანახაობა იყო შემაშინებელი, ჯოჯოხეთური, და მაშინ გამახსენდა ალექსანდრ ბლოკის სიტყვები - „მსოფლიო ხანძარი გულში“ და პირველად გავიფიქრე, რომ თავიანთი 9 მაისისთვის მზად არიან, სამყარო მოსპონ-მეთქი.

ერთადერთი რამის იმედიღა მქონდა, რომ 2022 წლის 9 მაისს - გამარჯვების დღეს რუსეთი საზეიმო ბირთვული სალუტით არ აღნიშნავდა.

სერგეი მედვედევი - ისტორიკოსი, რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის პროგრამის „არქეოლოგიის“ წამყვანი

სტატიაში - „ავტორის უფლება“, გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის თვალსაზრისს.

XS
SM
MD
LG