Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკარგული ფიროსმანი


ნიკო ფიროსმანი
ნიკო ფიროსმანი
ნიკო ფიროსმანი მეოცე საუკუნის 10-იანი წლების მიწურულს გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მხატვრის შემოქმედებას სიცოცხლეშივე აფასებდნენ როგორც თბილისის ე.წ. აზიურ ნაწილში, ასევე პროფესიონალ მხატვართა წრეში, ქართულმა საზოგადოებამ მისი საფლავის დაკარგვა მაინც მოახერხა. ერთი ვერსიის მიხედვით, ფიროსმანი კუკიის სასაფლაოზეა დაკრძალული, მეორის თანახმად კი – ავლაბარში, პეტრე-პავლეს ეკლესიის გალავნის მახლობლად. ნიშანდობლივია ისიც, რომ ასევე უცნობია მხატვრის გარდაცვალების ზუსტი თარიღი: სახელდება 1918 წლის აპრილი და 1919 წლის მაისი. ბოლო დროს ინტენსიურად საუბრობენ მხატვრის საფლავის მოძიებისა და მთაწმინდაზე მისი გადასვენების შესახებ. ორიოდე წლის წინ მთაწმინდის პანთეონში ნიკო ფიროსმანის კენოტაფიც კი გაკეთდა, თუმცა ამის იქით საქმე არ წასულა. რა აფერხებს დიდი მხატვრის საფლავის მოძიებასა და კენოტაფის მოწყობას?

1916 წლის 24 მაისს „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ მეორე სხდომაზე პირველ საკითხად შეტანილი იქნა მოხსენება ნიკო ფიროსმანაშვილზე, დადგენილებაში კი ერთ-ერთ პუნქტად ჩაიწერა: „გაწეული ხარჯი ფიროსმანაშვილის მოძიებისა და დახმარების აღმოჩენისათვის იკისროს საზოგადოებამ.“ ამ დროს, ანუ 1916 წელს, ცხადია, ფიროსმანი ცოცხალი იყო, ანუ საზოგადოებამ მხატვარი სიცოცხლეშივე დაკარგა. შესაბამისად, როგორც მწერალი და ფიროსმანის ბიოგრაფი გიორგი კაკაბაძე ამბობს, გასაკვირი არ არის, რომ დაიკარგა მხატვრის საფლავიც:

„ჩვენ ზოგადად ვართ ძალიან უყურადღებო ადამიანები. გავიხსენოთ თუნდაც ის, რომ არ ვიცით ჩვენი უდიდესი პოეტის შოთა რუსთაველის ნამდვილი სახელი და გვარი და, რა თქმა უნდა, არც ბიოგრაფიული ცნობები გვაქვს. ჩვენ დაგვეკარგა ასევე შოთა რუსთაველის მეორე პოემა, „იოსებ მშვენიერი“, რომლის შესახებაც მხოლოდ ფრაგმენტები ვიცით, რომ არსებობდა. ჩვენ ვართ ერი, რომელმაც დაკარგა ნიკოლოზ ბარათაშვილის ფოტოპორტრეტი და წარმოდგენა არ გვაქვს როგორ გამოიყურებოდა ის. ასევე არ მიკვირს, რომ დავკარგეთ ნიკო ფიროსმანის საფლავი, რადგანაც ჩვენ ვერ ვაფასებთ სათანადოდ იმას, რაც გვაქვს“.

სავარაუდოდ, ფიროსმანის გარადაცვალების შესახებ ჩანაწერი საავადმყოფოს წიგნში.
სავარაუდოდ, ფიროსმანის გარადაცვალების შესახებ ჩანაწერი საავადმყოფოს წიგნში.
თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხატვრის საფლავის მოძებნის იმედი საბოლოოდაა გადაწურული. ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძის თქმით, ეროვნულ არქივში ინახება წმინდა მიხეილის საავადმყოფოს რეგისტრაციის ჟურნალი, რომელშიც გაკეთებული ჩანაწერი, მაღალი ალბათობით, ნათელს ჰფენს ნიკო ფიროსმანის როგორც გარდაცვალების თარიღს, ასევე გარდაცვალების მიზეზს:

„აქ წერია 1918 წელი, 04.05, ანუ 4 მაისი. შემდეგ რუსულად წერია: ავადმყოფი. უცნობი. რომ აქვს ფილტვების შეშუპება და რომ არ არის გონზე და არ შეუძლია თქვას საკუთარი გვარ-სახელი და ამიტომ გატარებულია როგორც: „мужчина неизвестного звания“.

ეკა კიკნაძის თქმით, სწორედ ეს დოკუმენტი მიიჩნევა ფიროსმანის გარდაცვალების ცნობად:

„ჩვენ გვაქვს მოგონება მისი მეზობლისა, რომელიც ამბობს, რომ ზუსტად აღდგომის პერიოდში შეაკითხა ნიკალას კიბის ქვეშ, სადაც ის ცხოვრობდა და ნახა, რომ იყო ძალიან ცუდად. ძლივს ლაპარაკობდა, ჰქონდა მაღალი სიცხე და ამის გამო გამოიძახა სასწრაფო - ცხენებშებმული დროგი, რომელმაც წაიყვანა საავადმყოფოში, თუმცა ზუსტად არ იცოდა, რომელში. გარკვეული დროის შემდეგ, როცა მკვლევარები დაინტერესდნენ და შეამოწმეს იმ დღეებში საავადმყოფოების მისაღებ ჟურნალებში გაკეთებული ჩანაწერები, მიხეილის საავადმყოფოში მიაკვლიეს ცნობას, რომელიც, მაღალი ალბათობით, გახლავთ ფიროსმანის გარდაცვალების ცნობა“.

ეკა კიკნაძე
ეკა კიკნაძე
წმინდა მიხეილის ეკლესიის წიგნისა და კუკიის სასაფლაოს ჩანაწერების საფუძველზე, ისტორიკოსი მანანა ხომერიკი ამტკიცებს, რომ მხატვარი არა 1918 წელს, არმედ 1919 წლის 4 მაისს, აღდგომის ღამეს, გარდაიცვალა და დაკრძალეს კუკიის სასაფლაოზე, თუმცა ამ ვერსიას არ იზიარებს მკვლევართა მნიშვნელოვანი ნაწილი. ისინი, როგორც წესი, ეყრდნობიან ფიროსმანის თანამედროვის, ვასილ ჩაჩანიძის ნაამბობს, რომლის მიხედვითაც, ფიროსმანის გვამი პეტრე-პავლეს სასაფლაოზე ვინმე „პაჭუა მიშას“ მიუტანია. ჩაჩანიძე იხსენებს:

„მიშამ მითხრა: „ვასო, იცი, საწყალი ნიკალა მომკვდარა და უპატრონოდ ვასაფლავებთო.“ ვუთხარი, თუ არ დაგიმარხია, მაჩვენე-მეთქი. მიშა კარგად იცნობდა ფიროსმანს, რადგან მისი ხაზეინის (საღებავებით მოვაჭრე პოპოვის) მუშტარი იყო. მან ერთ-ერთ შეუღებავ კუბოს ახადა თავი და მაჩვენა ფიროსმანი. იგი ძალზე გამხდარი იყო და ყვითელი ფერი ედო“.

1982 წელს ვასილ ჩაჩანიძის ძმას, 92 წლის დავით ჩაჩანიძეს, ჟურნალისტი ნელი კობიაშვილი ესაუბრა. სწორედ მან უამბო ფიროსმანის ცხოვრების მკვლევარს მხატვრის დასაფლავების შესახებ.
კუკიაზე ერთხელ მინიშნებული საფლავი გათხარეს. ეს იყო ეკლესიასთან ახლოს, მაგრამ საფლავი აღმოჩნდა ქალისა. ამდენად, იმ ვერსიამ არ გაამართლა ...
ნელი კობიაშვილი

„იგონებდა, რომ შეესწრო დასაფლავებას პეტრე-პავლეს სასაფლაოს მარჯვენა კედლის გარეთ, სადაც მიასვენეს საავადმყოფოდან. იქვე იყო მღვდელი ალექსი სამადალაშვილი, რომელმაც წესი აუგო ჩაჩანიძეების თხოვნით. დაკრძალვისას ეცვაო საღებავებით მოსვრილი ტანსაცმელი. ამის შემდეგ დავიწყე ძიება და რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოს საისტორიო არქივში ვნახე ასეთი ჩანაწერი პეტრე-პავლეს სასაფლაოს წიგნში: 14 აპრილით არის დათარიღებული უცნობი ნიკოლოზ. ამ სვეტის ბოლოს ჩანაწერს ხელს აწერს სწორედ მღვდელი ალექსი სამადალაშვილი“, უთხრა ნელი კობიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

თუმცა, ამის მიუხედავად, ნელი კობიაშვილი იმასაც ამბობს, რომ გადაჭრით შეუძლებელია იმის მტკიცება, თუ რომელ სასაფლაოზეა დაკრძალული მხატვარი:

„იმთავითვე, როცა გარდაიცვალა ნიკალა და ორი წლის შემდეგ მას უკვე ეძებდნენ, გაჩნდა ორი ვერსია: კუკია და პეტრე-პავლეს სასაფლაოები. კუკიაზე ერთხელ მინიშნებული საფლავი გათხარეს. ეს იყო ეკლესიასთან ახლოს, მაგრამ საფლავი აღმოჩნდა ქალისა. ამდენად, იმ ვერსიამ არ გაამართლა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფიროსმანის საფლავი მაინცდაიმაინც პეტრე-პავლეზე ან კუკიაზეა“.

მისი თქმით, საჭიროა იმ ადგილზე გათხრების ჩატარება, რომელიც დავით ჩაჩანიძემ მიუთითა, ანუ სასაფლაოს მარჯვენა კედლის გარეთა მხარეს, სადაც უპატრონო მიცვალებულებს ასაფლავებდნენ. გათხრების აუცილებლობის შესახებ საუბრობს მწერალი გიორგი კაკაბაძეც:

„ჩვენ - თქვენ და მე - არ შეგვიძლია მივაკვლიოთ ფიროსმანის საფლავს, მაგრამ სახელმწიფოს, თუკი კეთილ ნებას გამოიჩენს, ეს შეუძლია. საჭიროა იმ ადგილის მონიშვნა (პირობითად, 100 მეტრი 100 მეტრზე) და არქეოლოგიური გათხრების ჩატარება. ეს შესაძლებელია, თუკი სახელმწიფო ამას მოინდომებს, და ჩვენ გვექნება ნიკო ფიროსმანის საფლავი და არა ის კენოტაფი, რომელიც მთაწმინდაზეა: სასაფლაო ნეშტის გარეშე“.

ფიროსმანის სიმბოლური საფლავი მთაწმინდაზე.
ფიროსმანის სიმბოლური საფლავი მთაწმინდაზე.
მთაწმინდის პანთეონში ფიროსმანის კენოტაფი ერთი წლის წინ გაკეთდა ფიროსმანის მუზეუმისა და თბილისის მერიის ძალისხმევით. ღობის კედელსა და ილია ვეკუას საფლავს შორის მდებარე მიწის ვიწრო ზოლს, რომელიც უბრალო საფლავის ქვით სრულდება, სხვა საფლავებთან ერთად, პანთეონის თანამშრომელი ოთარ გაგუა უვლის:

„ჯერჯერობით ნიშა არის გაკეთებული. დევს მემორიალური დაფა, დაბადებისა და გარდაცვალების აღმნიშვნელი თარიღებით. თუ ვინმეს ეკუთვნის მთაწმინდაზე საფლავი, მათ შორის, ფიროსმანსაც! ჯერ ერთი, იმიტომ რომ ხალხიდან გამოსული ადამიანი იყო, მერე კიდევ, ხალხური განათლება ჰქონდა მიღებული და გენიოსი იყო“.

ფიროსმანის გენიოსობაში ეჭვი არ ეპარებათ თბილისის მერიის კულტურის სამსახურშიც, რომლის ფინანსური ძალისხმევითაც დაიგეგმა სიმბოლური საფლავის მოწყობა. თავდაპირველად გადაწყდა საფლავზე მხატვარ გია გურასპაშვილის მიერ შექმნილი ფიროსმანის გამოსახულებიანი ფრესკის დადგმა, თუმცა, საბოლოოდ, როგორც მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა ამბობს, გადაწყდა გამოცხადებულიყო კონკურსი:

„ორჯერ გამოვაცხადეთ კონკურსი, მაგრამ კომისიამ არ მოიწონა წარმოდგენილი ნამუშევრები. პრემიალური თანხა კონკურსში გამარჯვეუბლისათვის 3 ათასი ლარი იყო. შეიძლება ეს ეცოტავა ვინმეს. ყოველ შემთხვევაში, წარმოდგენილი ესკიზები არ იქნა მოწონებული, მაგრამ ეს საკითხი მომავალ წელს აუცილებლად ისევ დადგება დღის წესრიგში“.

მამუკა ქაცარავას თქმით, მთაწმინდაზე ფიროსმანის სიმბოლური საფლავის კეთილმოწყობა, სავარაუდოდ, 2013 წლის გაზაფხულზე დასრულდება. რაც შეეხება ნამდვილ საფლავს, ის კვლავ დაკარგულია და მის მოძიებას, მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგი არავინაა, ფიროსმანის ცხოვრებისათვის დამახასიათებელი ავბედითობით, გაურკვეველი მიზეზები უშლის ხელს. ​
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG