Accessibility links

როგორი იყო პირველი რესპუბლიკის შეიარაღება


ფოტო წიგნიდან „საქართველოს პირველი რესპუბლიკის არმიისა და სახალხო გვარდიის შეიარაღება“

„საქართველოს პირველი რესპუბლიკის არმიისა და სახალხო გვარდიის შეიარაღება“ - ასე ჰქვია ისტორიკოს დიმიტრი სილაქაძის წიგნს, რომელშიც ავტორი, საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ საარქივო მასალაზე დაყრდნობით, აანალიზებს საქართველოს პირველი რესპუბლიკის თავდაცვის სისტემას. როგორ იყო აღჭურვილი ქართული ჯარი და ჰქონდა თუ არა საკმარისი შეიარაღება იმისათვის, რომ მოეგერიებინა აგრესიულად განწყობილი მეზობლების თავდასხმები? წიგნში დეტალურად არის აღწერილი იარაღის თითოეული ტიპი, რომელსაც 1918-21 წლების საქართველოს შეიარაღებული ძალები ფლობდა - ქვეითთა შეიარაღება, ჯავშანტექნიკა და ავიაცია. წიგნის მიხედვით, არ დასტურდება აზრი, თითქოს პირველი რესპუბლიკის მთავრობას დიდძალი შეიარაღება ჰქონდა და რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში არ გამოიყენა.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის არმიას შეიარაღების უმეტესი ნაწილი რუსეთის კავკასიის არმიისგან დარჩა, თუმცა, როგორც წიგნის ავტორი, დიმიტრი სილაქაძე, საარქივო მასალებზე დაყრდნობით, ამტკიცებს, მემკვიდრეობით მიღებული ეს შეიარაღება არ იყო საკმარისი, რის გამოც დამოუკიდებლობის პერიოდში საქართველოს შეიარაღებული ძალები განიცდიდა შაშხანების, ვაზნების, საარტილერიო დანადგარების, ტყვიამფრქვევების, ვაზნებისა და საარტილერიო ჭურვების დიდ ნაკლებობას. არადა, დიმიტრი სილაქაძის თქმით, დღემდე რატომღაც ცოცხლობს მითი, თითქოს პირველი რესპუბლიკის მთავრობას დიდძალი შეიარაღება ჰქონდა და რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში არ გამოიყენა:

დიმიტრი სილაქაძე
დიმიტრი სილაქაძე

„რეალობა იყო აბსოლუტურად სხვა და ეს ყველაფერი არის დოკუმენტებით დადასტურებული, თუ რა რაოდენობის იარაღი დაგვრჩა რუსული არმიისაგან, როცა ისინი კავკასიის ფრონტიდან გავიდნენ და ასევე გვაქვს უამრავი დოკუმენტი, თუ რა რაოდენობის იარაღი სჭირდებოდა ჩვენს არმიას სანახევრო და სრული მობილიზაციისათვის. დეფიციტი 1918 წელსვე იყო კატასტროფული და ის მოსაზრება, რომ თითქოს უამრავიიარაღი გვქონდა და საწყობებში ეწყო და ამათ არ იცოდნენ და ვერ გახსნეს საწყობები, არის აბსოლუტურად ყურით მოთრეული თემა, მსგავსი არაფერი არ ფიქსირდება. პირიქით, ყველანაირი დოკუმენტი არსებობს რაოდენობის შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობენ ამ იარაღის შეძენას ან სხვა სახით მოპოვებას დასავლეთიდან“.

საქართველოს მთავრობის სწორედ ამ მცდელობაზე სწერდა კავკასიაში ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ილივერ უორდროპი თავისი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს: საქართველოს ბოლშევიკების 60-ათასიანი არმიის წინააღმდეგ სჭირდება სულ ცოტა 25 ათასი შაშხანა, 50 მილიონი ვაზნა, 200 ტყვიამფრთქვევი, 44 საარტილერიო დანადგარი და 56 ათასი საარტილერიო ჭურვიო. დიმიტრი სილაქაძის ვარაუდით, ეს იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უპირველესი შეიარაღების ნუსხა, რომელიც უორდროპს ქართველმა მაღალჩინოსნებმა გააცნეს, თორემ, როგორც გენერალური შტაბის 1920 წლის დეკემბერში შედგენილი ანგარიშიდან ირკვევა, რეალურად ქართულ არმიას ორჯერ მეტი შეიარაღება სჭირდებოდა. მითს, თითქოს პირველი რესპუბლიკის მთავრობას საწყობებში დიდძალი შეიარაღება ჰქონდა, დიდწილად კვებავს გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მოგონებები, რომლის მიხედვითაც, რუსეთთან ომის დროს ჯარების მობილიზაცია გვიანდებოდა იმის გამო, რომ ჯარისკაცები ადგილობრივ მაზრებში ვერ იღებდნენ ტანსაცმელს, იარაღს და მოკაზმულობას:

„მალე გამოირკვა, რომ საინტენდანტო საწყობებშიაც არ იყო საკმაო ტანსაცმელი და მოკაზმულობა, რაც უმთავრესია, თოფებიც. ...შემდეგში, როდესაც მე სათავეში ჩავუდექი ქართულ წითელ ჯარს, სავსებით დავრწმუნდი, რომ როგორც მომარაგების მინისტრმა ერაძემ, ისე მთავარი საინტენდანტოს უფროსმა კალისტრატე გოგუამ, არ იცოდნენ რა ქონება ჰქონდათ, სად ჰქონდათ და მთავრობას და არმიის შტაბს ტყუილ ცნობებს აწვდიდნენ. უკვე 1921 წლის მაისში ჩვენს საწყობებში დარჩენილი ტანსაცმლით მე შევძელი შემოსვა თავიდან ფეხებამდე 17 ათასი კაცისგან შემდგარი ქართული წითელი არმიისა“.

თუმცა საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს შეიარაღება უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო: 1920 წლისთვის ვაზნების რიცხვი, 50 მილიონის ნაცვლად, 2 მილიონი იყო, რის გამოც თბილისის არსენალში დაიწყეს ვაზნების კუსტარული წესით დატენა, ჯარისკაცებს კი ებრძანათ ბრძოლის ველზე გასროლილი ვაზნების მოგროვება და შენახვა. ბარონი ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინი, გერმანიის სამხედრო-დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, თავის მოგონებებში („ჩემი მისია კავკასიაში“) წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებას 30-40-ათასიანი არმია ესაჭიროებოდა, თუმცა, როგორც გიორგი მაზნიაშვილი წერს, 1920 წლისათვის საქართველოს ლაშქარს შეადგენდა სახალხო გვარდიის მუდმივ ჯართან ერთად 16 ათასეული, 1 მესანგრე ასეული, 5 საველე საარტილერიო დივიზიონი, 1 მძიმე საარტილერიო დივიზიონი, 2 ცხენოსანი ლეგიონი, 2 საავტომობილო ასეული, ჯავშნოსანი ავტომობილების 2 გუნდით, საავიაციო რაზმი და ოთხი ჯავშნიანი მატარებელი. დიმიტრი სილაქაძის თქმით, ქართული არმია განსაკუთრებული ეფექტიანობით სწორედ ჯავშნიან მატარებლებს იყენებდა:

„სადაც კი რკინიგზა გადიოდა, ჩვენ ეს ტექნიკა ძალიან წარმატებულად გამოვიყენეთ. როცა ოსმალეთის არმია დაიძრა კავკასიის ფრონტზე, მაშინაც ძალიან გამოგვადგა, იგივე ჩოლოქის ბრძოლაში. სომხეთ-საქართველოს ომშიც გამოვიყენეთ, თუმცა ომის მეორე ეტაპზე სამი ჯავშნოსანი დავკარგეთ, მაგრამ რკინიგზის სახელოსნოებში ახალი ჯავშნოსნების აგება შევძელით და 1921 წელს ისევ ოთხი ჯავშნოსანი გვყავდა, რომლებიც ძალიან გამოგვადგა იგივე რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მაგალითად, სოღანლუღის ბრძოლის დროს, როცა მაზნიაშვილმა ტყვედ აიყვანა 1000 რუსი ჯარისკაცი და 500 ბრძოლის ველზე დარჩა - ამ ბრძოლაში ერთ-ერთი გადამწვეტი როლი შეასრულა ვალოდია გოგუაძის ჯავშნოსანი მატარებლების რაზმმა“.

ეს ფოტოები არის ძალიან საინტერესო: ჩვენი თვითმფრინავი, ფრთებზე ნინოს ჯვრებით, რომელმაც კატასტროფა განიცადა. ამ ფოტოზე კი ქართველი და იტალიელი მფრინავები არიან...

დიმიტრი სილაქაძეს თავის ნაშრომში შეტანილი აქვს ვალოდია გოგუაძის მიმართვის ტექსის ფრაგმენტი, რომლითაც მან ბრძოლის წინ მიმართა ჯავშნიანი მატარებლის მებრძოლებს:

„სამშობლოს დროშა ავმართოთ, საქვეყნოდ ავაფრიალოთ,

გავიდეთ ბრძოლის ველზედა, ბომბები დავაგრიალოთ!

სამშობლოს დროშა ავმართოთ, წინ-წინ გავსწიოთ მტრებზედა,

მას უყვარს დედა-სამშობლო, ვინც მიდის ბრძოლის ველზედა!“

ნიშანდობლივია, რომ რუსების ხუთიდან ერთ-ერთ ჯავშანმატარებელს, „სტენკა რაზინსაც“, ქართველი წითელი მეთაური, გვარად ხმალაძე ხელმძღვანელობდა. ქართული ჯარის ჯავშანმატარებლები კი ასეთ სახელებს ატარებდნენ: „რესპუბლიკელი“, „მუშა“, „სიკვდილი ან გამარჯვება“, „თავისუფლების სიმაგრე“. კიდევ ერთი ნიშანდობლივი ფაქტი: 2 მარტს, ანუ თბილისის აღებიდან ერთი კვირის შემდეგ, რუსებს ხელში ჩაუვარდათ მიტოვებული ქართული ჯავშანმატარებელი „რესპუბლიკელი“, რომელიც 5 მარტს მწყობრში ჩააყენეს და „საბჭოთა საქართველოდ“ გადანათლეს. აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნში გამოყენებულია მდიდარი ფოტომასალა, რომლის უდიდესი ნაწილი, როგორც საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი ქეთი ასათიანი ამბობს, დაცულია ეროვნულ არქივში:

„აი, ამ ფოტოზე ჩვენ ვხედავთ ჯავშანმატარებელს და რაზმის მეთაურს, ლეგენდარულ მებრძოლს, ვალოდია გოგუაძეს. ამავე ფოტოზე არიან მისი ძმები: ნოე, მელენტი და ალფესი. ეს უკანასკნელი მეთაურობდა #4 ჯავშანმატარებელს. აქ არის ფოტო, რომელზეც გამოსახული არიან ქართველი ჯარისკაცები მოსინის შაშხანებითა და ლუისის ტყვიამფრქვევებით. ეს ფოტოები არის ძალიან საინტერესო: ჩვენი თვითმფრინავი, ფრთებზე ნინოს ჯვრებით, რომელმაც კატასტროფა განიცადა. ამ ფოტოზე კი ქართველი და იტალიელი მფრინავები არიან...“

როგორც ირკვევა, საქართველოს პირველ რესპუბლიკას შეიარაღებაში ჰყავდა ავიაციაც - რამდენიმე ათეული ფრანგული, ბრიტანული და რუსული წარმოების საფრენი აპარატი, თუმცა, როგორც დიმიტრი სილაქაძე ამბობს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა იყო მოძველებული, ექსპლუატაციის ყველა ვადა იყო გასული და ამის გამო ძალიან ხშირი იყო კატასტროფები.

„როცა კავკასიაში შემოსულ ბრიტანელებს ქართველმა მფრინავებმა უთხრეს, მოდით, ჩვენი აეროპლანებითაც იფრინეთო, მათ კატეგორიული უარი თქვეს, ჩვენ ასეთი მამაცები არ ვართო. ეს აეროპლანები იყო ძალიან მოძველებული, ბევრი კატასტროფა მოხდა, დაიღუპნენ კიდევაც მფრინავები, მაგრამ 1920 წელს ოთხი ბრიტანული აეროპლანი ჩაგვივარდა ხელში, როგორც იტყვიან, ციდან მოგვევლინა. როცა დენიკინი დამარცხდა ჩრდილო კავკასიაში, მოხალისეთა არმიის მეექვსე ავიარაზმის თეთრგვარდიელმა მფრინავებმა მარტში თბილისში გადმოფრენით უშველეს თავს. მათ ჰქონდათ თანამედროვე ბრიტანული გამანადგურებელი „სოფვიჩ ქემალი“, რომელიც ბრიტანელებმა მიაწოდეს მათ. ასევე 1920 წელს დიდი წვალებით იტალიაში შევიძინეთ SVA ტიპის ათი ორადგილიანი მზვერავი თვითმფრინავი. დაზვერვასაც ვახორციელებდით, დავბომბეთ კიდევ მოწინააღმდეგე, მაგრამ მაშინ ავიაციის როლი იყო შეუდარებლად მცირე და, ამავდროულად, საწვავ-საპოხი მასალების ნაკლებობა არ გვაძლევდა ავიაციის პოტენციალის სრულად გამოყენებას“, უთხრა დიმიტრი სილაქაძემ რადიო თავისუფლებას.

დიმიტრი სილაქაძის წიგნი
დიმიტრი სილაქაძის წიგნი

ქართული ავიაციის ცუდი მომარაგების შესახებ წერს თავის მოგონებებში გენერალი გიორგი მაზნიაშვილიც:

„ავიაციის უფროსმა რამდენჯერმე მიმართა თითქმის ყველას, ვინც კი მთავრობაში იყო, და დაჟინებით მიუთითებდა ბენზინისა და ზეთის მარაგის საჭიროებაზე, მაგრამ ყური არავინ ათხოვა. ერთ თავის თხოვნაში ის სწერდა სამხედრო სამინისტროს, რომ თუ მთავრობას არ შეუძლია შეიძინოს ბენზინი, მან უნდა პატარა თანხა მაინც გაიღოს ქარხნის მოსაწყობად, რომელიც დაამუშავებს ბენზინს ნავთისგან, მაგრამ ისევ უარი მიიღო“.

უარი მიიღო იმის გამო, რომ პირველი რესპუბლიკის მთავრობა მძიმე ფინანსურ კრიზისში იმყოფებოდა. აი, რას წერს ცნობილი მეცნიერი, ფირუზ ქაზემზადე, ნაშრომში „ბრძოლა ამიერკავკასიისათვის“, 1917-1921 წწ:

„გენერალ ილია ოდიშელიძის რჩევით, საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობა სამოცი ათასამდე უნდა გაეზარდა, უცხოეთში უნდა შეძენილიყო საბრძოლო მასალები და იარაღი, შესადგენი იყო თავდაცვის დეტალური გეგმა, მაგრამ საქართველოს მთავრობამ, რომელსაც დიდ ფინანსურ სირთულეებთან უწევდა გამკლავება, ამ აუცილებელი ხარჯის გაწევაზე უარი თქვა. ამგვარად, ომი რომ დაიწყო, საქართველოს მცირერიცხოვანი, ცუდად აღჭურვილი ჯარი ჰყავდა, პრაქტიკულად არ გააჩნდა არტილერია, ჰყავდა მცირერიცხოვანი კავალერია და ჰქონდა ათი თვითმფრინავი, რომლებიც, ხარისხიანი საწვავის უქონლობის გამო, ომის დღეებში მიწას არ ასცილებია“.

დიმიტრი სილაქაძის წიგნიდან ნათლად ჩანს, თუ რა მწირი შეიარაღებით უწევდა თავის დაცვა საქართველოს პირველ რესპუბლიკას, თუმცა სხვა საკითხია ადამიანური რესურსი - ჰყავდა კი საქართველოს შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი სამხედრო მოსამსახურეები, რათა ეფექტიანად გამოეყენებინათ მათ ხელთ არსებული არსენალი? აი, რას წერს ამასთან დაკავშირებით ნოე ჟორდანია თავის მოგონებებში „ჩემი წარსული“:

„ჩვენი მთავარი სატკივარი იყო სამხედრო ძალის მეთაურობის მოწყობა. ქართველი ოფიცრობა იყო გაზრდილი რუსის ჯარში და შკოლაში, იყო, ამავე დროს, რუსის ორიენტაციის, მხოლოდ არა ბოლშევიკურის, არამედ თეთრის, ჩვენთან მოდიოდა უმთავრესად ბოლშევიზმის სიძულვილით და არა თავისუფლების სიყვარულით. ... საზოგადოთ, ყველა წრეს და კლასებს შორის ერთადერთი ამ ოფიცრების უმრავლესობა არ აღმოჩნდა თავის სიმაღლეზე, მოკლებული ყოველივე პატრიოტულ რწმენას“.

თუმცა ისტორიკოსი ბექა კობახიძე ამბობს, რომ პირველი რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის ეს ბრალდება და სხვა მსგავსი ურთიერთბრალდებები ნასაზრდოებია დამარცხებული და ემიგრაციაში მყოფი ადამიანების ემოციებით და არა რეალური ფაქტებით:

„პირველ რიგში აღსანიშნავია ჟორდანიას და ოფიცრების დამოკიდებულება როგორი იყო რესპუბლიკის დროს. მათ შორის იყო კამათიც, მაგრამ მათი თანამშრომლობა იყო ძალიან კონსტრუქციული. ურთიერთბრალდებების სერია იწყება ემიგრაციაში, მაშინ, როცა ამ ხალხმა დაკარგა ყველაზე ძვირფასი - საკუთარ ქვეყანასა და გარემოში ცხოვრების უფლება. ერთმა დააბრალა მეორეს, რომ შენ გამო დავკარგეთ დამოუკიდებლობა, რასაც პასუხი გაეცა და ასეთი ურთიერთბრალდებები გადავიდა თაობიდან თაობაში“.

ბექა კობახიძე
ბექა კობახიძე

ბექა კობახიძის თქმით, ასევე უსაფუძვლოა არმიის ოფიცრების კვალიფიკაციაში ეჭვის შეტანა. ეს კი არადა, ბევრს არასწორად მიაჩნია, რომ ეროვნულ გვარდიაში ოფიცრებად ყოფილი მუშები ან სხვა სამოქალაქო პირები მსახურობდნენ:

„ეროვნულ გვარდიაში ოფიცრებად მსახურობდნენ ე.წ. მეფის ოფიცრები, რომლებსაც ჰქონდათ სათანადო ცოდნა. ასე რომ, ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ იყო იარაღი და ვერ გამოვიყენეთ. ნეტა ყოფილიყო რამე, თორემ გამოყენებისა და კვალიფიკაციის პრობლემა სახელმწიფოს წინაშე ნამდვილად არ იდგა. ეს წიგნიც იმას ადასტურებს, რომ ქართული სახელმწიფო არ იყო განებივრებული შეიარაღების იმ რაოდენობით, რაც სჭირდებოდა ქვეყანას“.

თუმცა ბექა კობახიძე აქვე შენიშნავს, რომ სათანადო შეიარაღების შემთხვევაშიც კი საქართველო დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდებოდა რუსულ წითელ არმიას, რომელმაც საქართველომდე დაიპყრო სომხეთი და აზერბაიჯანი. და კიდევ:

„ბოლშევიკებს დამარცხებული ჰყავდათ 400-ათასიანი კოლჩაკის არმია, 220-ათასიანი დენიკინის არმია, 150-ათასიანი იუდენიჩის არმია... პოლონელებთან ომი, კიევი აიღეს და ა.შ. რა შეიარაღება უნდა ჰქონოდა საქართველოს, რომ გრძელვადიანად მარტოს გაეძლო, რადგანაც აზერბაიჯანის დაცემის შემდეგ საქართველო, ფაქტობრივად, დაიკარგა ევროპელის ინტერესებიდან, მაგრამ თუ კონკრეტულად ავიღებთ 1921 წლის თებერვალ-მარტს, ბოლშევიკები არ წამოსულან იმ რაოდენობით, რომ სათანადო შეიარაღების შემთხვევაში იმ მომენტში მათი გაჩერება არ ყოფილიყო შესაძლებელი, თუმცა რომ გვქონოდა შეიარაღება, ალბათ, ბოლშევიკებიც არ წამოვიდოდნენ იმ მომენტში, დაელოდებოდნენ, მოემზადებოდნენ და უფრო დიდი ძალებით შეუტევდნენ საქართველოს“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG