Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილთა ზუგდიდის პოლიკლინიკიდან გათავისუფლებულები დირექტორის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ


პოლიკლინიკიდან გათავისუფლებული თანამშრომლები
პოლიკლინიკიდან გათავისუფლებული თანამშრომლები

იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკიდან გათავისუფლებული შვიდი თანამშრომელი ყოფილი დირექტორის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. ესგადაწყვეტილება მათ დირექტორთან, ოთარ შენგელიასთან, გასაუბრების შემდეგ მიიღეს. სამსახურიდან რამდენიმე დღის წინ დათხოვნილები ყოფილი უფროსის კაბინეტში შეიჭრნენ და ჟურნალისტების თანდასწრებით მოსთხოვეს განმარტება, თუ რა მიზეზით მოხდა მათი გათავისუფლება. ისინი ირწმუნებიან, რომ მანამდე მათთვის ადმინისტრაციას შესაბამისი განმარტება არ გაუკეთებია.

სამედიცინო დაწესებულების ყოფილი თანამშრომლის, მანანა ბერიშვილის, განცხადებით, საერთო ჯამში, 11 ადამიანია გათავისუფლებული და ყოველ მათგანს მუშაობის 10-15-წლიანი სტაჟი აქვს. მისი ინფორმაციით, პოლიკლინიკის ახალმა დირექტორმა იმ მიზეზით, რომ საკუთარი კადრებით დაეკომპლექტებინა დაწესებულება, თითქოს სამსახურებრივი გადაცდომების მიზეზით დაითხოვა ისინი, რაც საფუძველს მოკლებულია.

მე დაზღვევებზე ვმუშაობდი და მეუბნებიან, რომ პოლიკლინიკა დაჯარიმდა შენს გამო 63 ათასი ლარით - ეს მაშინ, როცა მყავდა 15 ათასი დაზღვეული. ჩემს გარდა მუშაობდა შვიდი კაცი, მათ შორის იმდროინდელ დირექტორსაც ჰქონდა ბევრი შეცდომა, მაგრამ რატომღაც ყველამ მე შემახოცა ხელი...
მარინა გაბისონია

„რასაც უფროსი ბრძანებას გასცემდა, ისე ვმუშაობდით ჩვენ. მე ამ ახალ დირექტორთან შეხება არ მქონია. უბრალოდ, დაგვიბარა ოთხში და გვითხრა მოხსნილი ხართო“, - ამბობს მანანა ბერიშვილი.

სამედიცინო დაზღვევების განყოფილების ყოფილი ოპერატორის, მარინა გაბისონიას, განმარტებით, ის მუშაობდა ყოფილი დირექტორის მითითებით და თუკი რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი, მაშინ მისთვის გაურკვეველია რატომ უნდა აგოს პასუხი ამაზე მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელმა.

„მე დაზღვევებზე ვმუშაობდი და მეუბნებიან, რომ პოლიკლინიკა დაჯარიმდა შენს გამო 63 ათასი ლარით - ეს მაშინ, როცა მყავდა 15 ათასი დაზღვეული. ჩემს გარდა მუშაობდა შვიდი კაცი, მათ შორის იმდროინდელ დირექტორსაც ჰქონდა ბევრი შეცდომა, მაგრამ რატომღაც ყველამ მე შემახოცა ხელი“, - აცხადებს მარინა გაბისონია.

პოლიკლინიკის დირექტორმა უკმაყოფილო თანამშრომელთა ნაწილს გათავისუფლების შესახებ ოქმები წარუდგინა, სადაც სამსახურებრივ გადაცდომაზე იყო საუბარი. როგორც ოთარ შენგელია ირწმუნება, რეალურად არა თერთმეტი, არამედ ცხრა ადამიანია გათავისუფლებული, აქედან 5 სხვადასხვა დარღვევების გამო, დანარჩენებს კი ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ და ადმინისტრაციამ არ გაუგრძელა იმ მიზეზით, რომ ამ ეტაპზე პოლიკლინიკას მძიმე ფინანსური მდგომარეობა აქვს.

„თავიანთი ხელით აქვთ დაწერილი ახსნა-განმარტებები იმაზე, რა დარღვევებიც ჰქონდათ. საყვედური გამოცხადებული აქვთ. ჩემამდეც ჰქონდათ ეს საყვედური გამოცხადებული. არათუ გათავისუფლება, კრიმინალთან გვქონდა საქმე“, - აცხადებს დირექტორი.

ოთარ შენგელია
ოთარ შენგელია

ოთარ შენგელიას თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტოს კომისიამ შემოწმების შედეგად კლინიკას სხვადასხვა სახის დარღვევების გამო 63 ათასი ლარის ჯარიმა, ხოლო მეორე, მარეგულირებელმა, კომისიამ 17 ათასი ლარით დააჯარიმა. მისი განმარტებით, ამ მდგომარეობის გამო, სანამ ვითარება არ გამოსწორდება, თანამშრომელთა ნაწილს ხელშეკრულება არ გაუგრძელდება.

გათავისუფლებულებს სამართლებრივად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაეხმარება. პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე და საკრებულოს წევრი ანა წითლიძე ამბობს, რომ შესაბამისი თხოვნით მოქალაქეებმა მათ თავად მიმართეს.

„ეს არის უკანონო გათავისუფლება, რაც ახლა ერთი შეხედვითაც ჩანს. ბატონი ოთარ შენგელია, რომელიც არის დაჯგუფება „ტყის ძმების“ მეთაურის ძმა და ე. წ. გალის კლანის წარმომადგენელი, უბრალოდ, უსწორდება იმ ადამიანებს, ვინც მის პოლიტიკურ პოზიციას არ იზიარებს“, - აცხადებს ანა წითლიძე.

თავის მხრივ, ბრალდებებს უარყოფს თავად დირექტორი და ამბობს, რომ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, კითხვებს სასამართლოშიც უპასუხოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG