Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური არასტაბილურობის გავლენა ეკონომიკაზე


"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან. 19 ოქტომბერი 2015 წ.
"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან. 19 ოქტომბერი 2015 წ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გავლენას ახდენს როგორც პოლიტიკურ გარემოზე, ასევე ჯაჭვურ რეაქციას იწვევს ეკონომიკურ პროცესებში, - აღნიშნავენ ეკონომიკის ექსპერტები. საქათველოს ეკონომიკას ისედაც არ ულხინს ლარის დევალვაციის, გაზრდილი ინფლაციისა და სამეზობლოში არსებული პრობლემების გამო, ბოლოდროინდელი პოლიტიკური დაძაბულობა კი კიდევ უფრო ამცირებს ქვეყნის ეკონომიკის მიმზიდველობას.

საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს კიდევ ერთი მთავარი გამოწვევა დაემატა - ეს არის პოლიტიკური არასტაბილურობის განცდა თუ მოლოდინი. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გაზარდა კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ეკონომისტები თანხმდებიან, რომ ამგვარი ვითარება არასახარბიელო სიგნალებს უგზავნის ეკონომიკურ აგენტებს.

ბოლო დროს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა ისედაც მცირდებოდა სამთავრობო რეგულაციების ზრდისა თუ ხელისუფლების წარმომადგენელთა ინიციატივების გამო, მაგრამ ახლა უკვე ქვეყანა დგება უცხოური დახმარებების შემცირების საფრთხის წინაშე. ამის შესახებ ფეისბუკზე წერს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე. მისი აზრით, „სერიოზულად იკვეთება საერთაშორისო იზოლაციის ნიშნები. ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლების განცხადებებს აუცილებლად მოჰყვება გრანტებისა და კრედიტების შეჩერება - მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან - და მომავალი წლის ბიუჯეტის მოშლაო“.

პოლიტიკური პროცესების ეკონომიკაზე გავლენის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს კიდევ ერთი ექსპერტი, "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (GRASS-ის) ეკონომისტი, ბესიკ ნამჩავაძე:

ბესიკ ნამჩავაძე
ბესიკ ნამჩავაძე

„ჩვენ რაც არ უნდა იდეალური ეკონომიკური გარემო შევქმნათ ბიზნესისთვის, პოლიტიკური მხარე მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად გამოდგება არაბული ქვეყნები, სადაც გადასახადები, ფაქტობრივად, არ არის. მიუხედავად ამისა, საინვესტიციო ბუმი არ არის, რადგან არ არის დემოკრატია, არ არის სიტყვის თავისუფლება და დიქტატორული რეჟიმებია. ანუ პოლიტიკური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია და, სამწუხაროდ, ბოლო დროს ჩვენთან დაიძაბა ამ მხრივ ვითარება. „რუსთავი 2“-ის საქმეს რომ თავი დავანებოთ, იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისების დარბევა, პოლიტიკოსების ცემა. ამასთან ერთად, მოდის საარჩევნო წელი. ასეთი წლები არასდროს არ გამოირჩევა დიდი ეკონომიკური აქტიურობით, ბიზნესი გადადის მოლოდინის რეჟიმში. ეს მხარეც, პოლიტიკური სტაბილურობა, იქნება ძალიან აქტუალური“.

ბიზნესაქტივობის შემცირებისა და ეკონომიკური აგენტების მოლოდინის რეჟიმში გადასვლაზე გავლენას ახდენს სხვადასხვაგვარი სამთავრობო გადაწყვეტილებებიც, რომლებმაც ასახვა პოვეს საქართველოში ბიზნესის წარმოების რეიტინგზე.

აქ შეიმჩნევა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობას არ აქვს კარგი წარმოდგენა, რა არის სწორი და რა არ არის სწორი ეკონომიკაში. შესაბამისად, უშვებენ მრავალ შეცდომას და ჰგონიათ, რომ თითოეული წვრილმანი შეცდომით არაფერი შავდება და ქვეყანა არ იქცევა. შემდგომში ეს ყველაფერი იკრიბება და ქმნის უარყოფით კლიმატს...
გია ჯანდიერი

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინდექსის მიხედვით, საქართველომ 24-ე ადგილზე გადაინაცვლა, მაშინ როდესაც ბოლო წლების განმავლობაში საუკეთესო ოცეულის ლიდერთა შორის იყო. „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტის გია ჯანდიერის აზრით, საქართველოს ეკონომიკური გარემოს გაუარესებაზე მთავრობის ბევრმა წვრილმანმა შეცდომამ უარყოფითი გავლენა მოახდინა:

„მრავალი სხვადასხვა საკითხი წარმოიშვა - ზოგი არასწორ განცხადებას მოჰყვა და მერე ჩაცხრა, ზოგიც რეალურ პრობლემად იქცა და მერე ცდილობდნენ, რომ გამოესწორებინათ. აქ შეიმჩნევა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობას არ აქვს კარგი წარმოდგენა, რა არის სწორი და რა არ არის სწორი ეკონომიკაში. შესაბამისად, უშვებენ მრავალ შეცდომას და ჰგონიათ, რომ თითოეული წვრილმანი შეცდომით არაფერი შავდება და ქვეყანა არ იქცევა. შემდგომში ეს ყველაფერი იკრიბება და ქმნის უარყოფით კლიმატს“.

მართალია, საქართველო 2-3-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას აჩვენებს, მაგრამ, სპეციალისტების შეფასებით, ეს ის მაჩვენებელი არ არის, რაც საჭიროა ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის. უფრო მეტიც, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, გამოხატული აშშ დოლარებში, შემცირდა კიდეც. სწორედ ეროვნული ვალუტის გაუფასურება მიიჩნევა საქართველოს ეკონომიკის სიჯანსაღის ინდიკატორად. ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემაში ისაუბრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ:

გიორგი ქადაგიძე
გიორგი ქადაგიძე

„ლარის გაცვლითი კურსი ასახავს იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ეკონომიკაში, ის არის ეკონომიკის სარკე. ამ პრობლემის მოგვარება - ეს არის ფუნდამენტურად აღდგენა შემოსავლების და სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ლარის გამყარებას გამოიწვევს“.

ასეთი გამოწვევების წინაშე მდგარი საქართველოს ეკონომიკა მოცემულ ეტაპზე თითქმის 3-პროცენტიან ზრდას აჩვენებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით კი, წლის ბოლოს ზრდა 2 პროცენტის ფარგლებში იქნება. ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის პროგნოზის თანახმად, მომავალ წელსაც საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 3 პროცენტით გაიზრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG