Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოთის თეატრის რეაბილიტაცია დაუყოვნებლივ დაიწყება


ფოთის თეატრის შენობა
ფოთის თეატრის შენობა

ფოთის თეატრის რეაბილიტაცია დაუყოვნებლივ დაიწყება - ასეთი გადაწყვეტილებით დასრულდა შეხვედრა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში. ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, დღეს, 9 თებერვალს, დაგეგმილი პრემიერა ფოთის თეატრში არ გაიმართება - შენობის უსაფრთხოების დამდგენი შესაბამისი ტექნიკური კვლევის ჩატარების შემდეგ გაირკვევა, შეძლებს თუ არა დასი მუშაობის საკუთარ ჭერქვეშ გაგრძელებას.

გადმოწერა

ფოთის თეატრის მშენებლობის ქრონიკა

  • ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის დრამატული თეატრის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო მას შემდეგ, რაც თეატრის ყოფილი შენობა საკათედრო ტაძარს გადაეცა.
  • ვადების რამდენჯერმე გადადების შემდეგ, მშენებლობა 2012 წელს დამთავრდა, თუმცა დასრულებული სახე მხოლოდ ორი წლის შემდეგ მიიღო.
  • ფოთის 136 წლის თეატრის ახალი შენობა 2014 წლის 31 მაისს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმოდ გახსნა. თუმცა ერთ თვეში შენობა წვიმამ დააზიანა.
  • თეატრის შენობის მშენებლობაზე, მთლიანობაში, 11 მილიონი ლარი დაიხარჯა, სამუშაოები შპს „კუნძულმა“ შეასრულა.

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის დრამატულ თეატრში 6 თებერვალს ჭერის ფრაგმენტი ჩამოვარდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და არავინ დაშავებულა, თუმცა ტრაგედიისგან დაზღვეული არავინაა, მით უფრო მაშინ, როდესაც ამგვარი შემთხვევები თეატრში იშვიათობას აღარ წარმოადგენს. სამი წლის წინ სასცენო ლიფტის ჩაწყვეტისგან მიყენებული ტრავმების გამო თეატრის ერთ-ერთი თანამშრომელი დღემდე ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული. მან ხერხემალი დაიზიანა. თეატრში არსებული მძიმე ვითარების წარმოსაჩენად 8 თებერვალს მსახიობებმა სპექტაკლის რეპეტიცია უსაფრთხოების ჩაფხუტებით ჩაატარეს, დაგეგმილი პრემიერის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიმართეს თხოვნით, შენობის დაზიანებული უბნების შეკეთებამდე შეჩერდეს სპექტაკლებისა და სხვა ღონისძიებების გამართვა.

9 თებერვალს ფოთის თეატრში შექმნილ ვითარებაზე კულტურის სამინისტროსა და თეატრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ფოთის მერიის წარმომადგენლებიც მსჯელობდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გვითხრა ფოთის მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა, კულტურის სამინისტრო, ისევე როგორც ფოთის მერია, თეატრში არსებული პრობლემების შესახებ მანამდეც ინფორმირებული იყო, ახლა კი ყველა თანხმდება იმაზე, რომ სამუშაოების გადადება აღარ შეიძლება. მისივე განმარტებით, თეატრში ამ დროისათვის არ არის ისეთი გაუსაძლისი მდგომარეობა, რომ დასმა მუშაობის გაგრძელება ვერ შეძლოს:

“აქ საუბარი იყო პროცესების შეჩერებაზე იმ კუთხით, რომ რაღაცა გაუთვალისწინებელი შედეგები აგვეცილებინა თავიდან. როგორც ნახეთ ფაქტი, ღამის საათებში ჩამოვარდა რაღაც ფრაგმენტი. რომ არ მომხდარიყო ეს იმ დროს, როცა იქ ადამიანები იმყოფებიან, ცუდი შემთხვევა აგვეცილებინა თავიდან, დროებით დასმა შეაჩერა, აქედან გამომდინარე, მუშაობა. მოხდება შესაბამისი ტექნიკური კვლევის ჩატარება უმოკლეს პერიოდში, რადგან დოკუმენტარულად არის საჭირო იმის დადგენა, არის თუ არა ეს უსაფრთხო საზოგადოებისთვის, თანამშრომლებისთვის“.

კულტურის სამინისტროში გამართული შეხვედრის შედეგებით კმაყოფილია ფოთის თეატრის ხელმძღვანელი თენგიზ ხუხიაც. იგი ამბობს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ პრაქტიკულად უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ თეატრის შენობის რეაბილიტაციის მოსამზადებელი სამუშაოები დღეიდან იწყება. იგი აქვე აზუსტებს, რომ სანამ შენობის უსაფრთხოება გარანტირებული არ იქნება, მანამ სპექტაკლების გამართვისგან თეატრი თავს შეიკავებს:

“შიდა ფასადზე არის პრობლემები, არის მინების პრობლემები, რითაც არის გადახურული და, შესაბამისად, სწორედ ამ სამუშაოებს სჭირდება, პირველ რიგში, ჩატარება, გამოცვლა. პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა და ყველა ერთ აზრზეა, რომ რაც შეიძლება სასწრაფო წესით არის გამოსასწორებელი. თეატრის პარალიზება არ შეიძლება, იმიტომ რომ უამრავი პროექტია ჩაშვებული. რაც მთავარია, საერთაშორისო ფესტივალია დაგეგმილი, ჩეკ ინ ჯორჯიას ფარგლებში არის ღონისძიებები ჩასატარებელი“.

ფოთის საკათედრო ტაძრის შენობა
ფოთის საკათედრო ტაძრის შენობა

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის დრამატული თეატრის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო მას შემდეგ, რაც თეატრის ყოფილი შენობა საკათედრო ტაძარს გადაეცა. ვადების რამდენჯერმე გადადების შემდეგ, მშენებლობა 2012 წელს დამთავრდა, თუმცა დასრულებული სახე მხოლოდ ორი წლის შემდეგ მიიღო. ფოთის 136 წლის თეატრის ახალი შენობა 2014 წლის 31 მაისს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმოდ გახსნა, თუმცა ერთ თვეში შენობაში წვიმის წყალი ჩავიდა და სცენა, საგრიმიორო ოთახები და კედლები დააზიანა. თეატრის შენობის მშენებლობაზე, მთლიანობაში, 11 მილიონი ლარი დაიხარჯა, სამუშაოები შპს „კუნძულმა“ შეასრულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG