Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


უცხოეთის პრესამ ამ კვირაში დიდი ადგილი დაუთმო ახლო აღმოსავლეთში ომის შესახებ ინფორმაციას, სირიასა და ერაყში მოქმედი „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილი გაერთიანების აქტიურობის თემას. მსჯელობა მიდის იმაზე, უნდა დაიწყოს თუ არა სახმელეთო ოპერაცია სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. თურქული გაზეთი „მილიეთი“ ანკარის პოზიციას აანალიზებს. მთავრობის მიმართ მოთხოვნა ცხადია: სირიის ჩრდილოეთში ფრენისთვის აკრძალული ზონისა და საბუფერო ზონის შექმნა, ასევე ასადის რეჟიმის ჯარის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების გაფართოება. მაგრამ აშშ-სა და ნატოსთან ამ ეტაპზე ასეთი რამის მიღწევა შეუძლებელია. ბუფერული ზონის შექმნას ყველა მონაწილე ქვეყანა უნდა დაეთანხმოს. ამასთან, თურქეთის არმია მარტო სირიაში არ შევა. ქურთებმა გამოაცხადეს, რომ ასეთ შემთხვევაში მძაფრ წინააღმდეგობას გასწევდნენ. ერთი შესაძლებლობაღა რჩება: ამ იდეის სისწორეში ყველა მონაწილე დაარწმუნონ, ამას კი დრო დასჭირდება, რადგან ჯიჰადისტებთან ბრძოლა ანტიტერორისტული კოალიციის პრიორიტეტია და ასადის არმიასთან მეორე ფრონტის გახსნის გარისკვა არავის სურს.

ნიდერლანდის „ფოლკსკრანტი“ წერს, თურქეთში ქურთების რისხვა იზრდებაო და განაგრძობს: „ისინი მოითხოვენ, რომ ანკარაში მთავრობამ, თვითონ თუ არაფერს აკეთებს, კობანიში ხოცვა-ჟლეტის თავიდან ასაცილებლად ქურთ მებრძოლებს მაინც მისცეს ნება სირიასთან საზღვარი გადაკვეთონ და თავიანთ ძმებს დაეხმარონ. თურქეთის მთავრობა დილემის წინაშეა: კობანისთვის „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრებს ებრძვის „სირიელი ქურთების მოძრაობა“, რომელიც თურქეთში ქურთთა კომუნისტურ გაერთიანება „პე-კა-კას-თან“ არის დაკავშირებული, „პე-კა-კასთან“ კი თურქეთი ათწლეულებია იბრძვის. ანკარა შიშობს, რომ თურქეთის არმიისა და საერთაშორისო კონტროლით ბუფერული ზონის შექმნის გარეშე „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვა გააძლიერებს შეიარაღებული ქურთების ძალაუფლებას და ამით დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფოს შექმნისკენ მოწოდებები უფრო ხმამაღალი გახდება“.

აშშ-ში გამომავალი „იუ-ეს თუდეი“ ამავე თემას უძღვნის სტატიას, რომელშიც წერს, თურქეთის პოზიციიდან თუ შევხედავთ ვითარებას, ერდოანი სწორად იქცევაო: „ის აშშ-ის სტრატეგიას სუსტად მიიჩნევს, რეალობისგან დაშორებულად თუ არა. შეერთებული შტატები შეიძლება აიძულონ, დათანხმდეს სირიის ჩრდილოეთში ფრენისთვის აკრძალული ზონა შეიქმნას, რათა სირიის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ მებრძოლებს უსაფრთხოდ უკან დახევის საშუალება ჰქონდეთ, რასაც თურქეთი უკვე რა ხანია ითხოვს. საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, რაზე მინიშნებაც უკვე გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, თურქეთის არმიას მიანდონ უშუალო საფრთხის მოგერიება. სამაგიეროდ, აშშ-ს შეეძლო სირიის მიმართ თავისი მიდგომის გადასინჯვა. ბოლოს და ბოლოს, თურქეთი ნატოს წევრია“, წერს „იუ-ეს თუდეი“.

არაბულენოვანი „ელ ჰაიათის“ შეფასებასაც გაგაცნობთ: ზოგიერთ მაჰმადიანს ჰგონია, რომ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ომი ისლამის წინააღმდეგ ომია და რეგიონის კიდევ ერთხელ კოლონიზებას ემსახურება. ფაქტი კი სხვაა: არაბი საერო პირების წარუმატებლობამ გამოიწვია რეგიონში ვაკუუმის შექმნა. მას ამასობაში დაეპატრონენ ვითომ რწმენის დამცველები, რომლებიც საცხოვრებლიდან სდევნიან ქრისტიანებს, იეზიდებს, ქურთებს და შიიტებს და მათ წმინდა ადგილებს მუსრავენ. ვინც ასე მოქმედებს, არ არის რწმენისთვის მებრძოლი, ამათი ისლამი სხვაგვარია, წერს არაბული გაზეთი „ელ ჰაიათი“, რომელიც ლონდონში გამოდის და პანარაბულ და დასავლური ორიენტაციის გაზეთად მიიჩნევა.

ახლო აღმოსავლეთში ვითარების შეფასებას იძლევა და აშშ-ს იცავს ბრიტანეთის „ფაინენშელ ტაიმსი“: აშშ-ს დააბრალო, რომ მის სტრატეგიას ცხადი სტრუქტურა აკლია, უფრო იოლია, ვიდრე ასეთი შეიმუშავო. რეგიონი დაემსგავსა მდუღარე ქვაბს, რომელშიც ახალ-ახალ ალიანსებს შორის ტერიტორიული და სარწმუნოებრივი დაპირისპირებები დუღს. კონფლიქტების მოგვარების სუფთა გზა თითქმის არ ჩანს, თუ დასავლეთი მზადყოფნას გამოთქვამს ისეთ ახლო აღმოსავლეთზე იფიქროს, სადაც შიიტური ირანი და არა სუნიტი ავტოკრატები იქნებიან სტაბილიზების ფაქტორი.

საფრანგეთის გაზეთ „ლიბერასიონის“ ავტორი წერს, რომ ესმის ნობელის კომიტეტისა, რომელმაც 2014 წელს ლიტერატურის დარგში პრემია ფრანგ პატრიკ მოდიანოს მიანიჭა. მოდიანოს სულისკვეთება გარკვევით პოლიტიკურია და ეს დააფასა ნობელის კომიტეტმა. ავტორს ნაციონალ-სოციალისტების მიერ საფრანგეთის დაკავება საკუთარ კანზე არ უგრძვნია, მაგრამ შედეგები განიცადა. მისი რომანების თემა უგულებელყოფილი სიმართლე და ადრინდელი თაობის იმედები იყო. მოგვიანებით მას ალჟირის ომის ისტორიები დაემატა. მოდიანომ რომანის ფორმით ასახა ყველა ფრანგის კოლექტიური წარსული, რომელიც 1960-იან წლებში სიამოვნებით დაასამარეს.

XS
SM
MD
LG