Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


უცხოეთის პრესის მიმოხილვაში ყურადღებას შევაჩერებთ ორ პრობლემაზე, რომელთა წინაშეც ევროკავშირი დგას, მათ შორის მასობრივი მიგრაციით გამოწვეულ კრიზისზე.

ოთხშაბათს იტალია გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თავის ნავსადგურებს ჩაუკეტავს ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროკავშირისაკენ მიმავალ მიგრანტებს ეხმარებიან საფრთხის შემთხვევაში და მათ იტალიის ნაპირებამდე აცილებენ. მარტო წელს, ანუ იანვრიდან მოყოლებული, იტალიაში 73 ათასზე მეტი მიგრანტი ჩავიდა.

რომის გეგმას მისაღებად მიიჩნევს ტურინში გამომავალი ყოველდღიური „ლა სტამპა“: „ურიცხვი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ლტოლვილების გადარჩენამ არამარტო გააიოლა ტრეფიკერების ცხოვრება - ისე, რომ არ შეუმცირებია მსხვერპლის რიცხვი (რადგან სწორედ სამაშველო ოპერაციების გამო მკვეთრად იმატა ლტოლვილების ნაკადმა)... ამავე დროს ნათელი გახდა, რომ მოძველდა კრიტერიუმები, რომლებიც ქვეყანას ავალდებულებს, მიიღოს იქ ჩასული ლტოლვილები. 2015 წელს ლტოლვილთა კრიზისი უმეტესწილად საბერძნეთსა და ბალკანეთის მარშრუტზე გავრცელდა. 2017-ში იტალია და სიცილიის სრუტე იქნებიან საკვანძო მნიშვნელობის ადგილები, მაგრამ როგორც მაშინ, ახლაც ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება არა მარტო ქვეყანა, სადაც მიგრანტები ჩადიან, არამედ, ზოგადად, ევროპა. ამის პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა შვეიცარიის, ავსტრიისა და საფრანგეთის საზღვრებზე. არადა, ზაფხული ახლა იწყება. გუშინ იტალიამ განგაში ატეხა და ბრიუსელი მადლიერი უნდა იყოს, რომ ეს გააკეთა“, - წერს იტალიის „ლა სტამპა“.

მისგან განსხვავებით, „ავენირე“, რომელიც კათოლიკურ ეკლესიასთან დაახლოებული ასევე ყოველდღიური გამოცემაა, სრულიად მიუღებლად მიიჩნევს იტალიის გეგმას, ჩაუკეტოს ნავსადგურები მიგრანტებს. გაზეთში გამოთქმული შეფასებით, ასეთი ნაბიჯი არა მარტო არაეთიკური იქნებოდა, არამედ დაარღვევდა საერთაშორისო სამართლის ნორმებს. „...მიუღებელია იტალია იმდენად შორის წავიდეს, რომ შეაჩეროს გემები, სავსე დაუცველი ადამიანებით, რომლებიც ეს-ესაა დახრჩობას გადაარჩინეს მის ნავსადგურებთან ან საზღვაო საზღვართან. ასეთი ნაბიჯის გადადგმით იტალიამ, შესაძლოა, წარმოუდგენელი მასშტაბის ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვიოს“, - წერს მილანში გამომავალი „ავენირე“.

გერმანიის ეკონომიკური პროფილის წამყვანი გაზეთი „ჰანდელსბლატი“ აღნიშნავს, რომ ევროპელი მოქალაქე დღეში მხოლოდ ერთ ევროს იხდის ევროკავშირისათვის.

„ეს მართლაც არ არის ბევრი, იმ უზარმაზარი ამოცანების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც ევროკავშირი ბოლო წლებში აღმოჩნდა. მან საერთო საზღვრები უნდა დაიცვას, ინვესტიციები ჩადოს თავდაცვის ერთობლივ პროექტებში, ებრძოლოს ტერორიზმს და ფინანსურად დაეხმაროს ქვეყნებს - პირველ რიგში, აფრიკაში, საიდანაც მიგრანტები ჩამოდიან. ევროკავშირს წარმოდგენაც არ ჰქონდა ამ ყველაფერზე, როცა 2013 წელს დაამტკიცა შვიდწლიანი საფინანსო გეგმა“. სტატიით, რომელშიც ამ შეფასებას ვკითხულობთ, „ჰანდელსბლატი“ გამოეხმაურა ბიუჯეტის საკითხებში ევროკომისარ გიუნტერ ოტინგერის განცხადებას, რომ ბრექსიტის შემდეგ, და ევროკავშირის ახალი ამოცანების გათვალისწინებით, საჭირო ხდება ევროკავშირის ბიუჯეტისათვის წლიურად 20 მილიარდი ევროს დამატება. მარტო ბრექსიტის შედეგად, ბლოკის ბიუჯეტს წლიურად 10 მილიარდამდე ევრო მოაკლდება.

მიუნხენის ყოველდღიური „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ წერს: „ევროკავშირი არც სუპერმარკეტია და არც ბიზნესი. (...) ამდენად, შეკითხვა არ უნდა ჩამოყალიბდეს, უბრალოდ, ისე, თუ როგორ შევავსოთ ბრექსიტის შედეგად ბიუჯეტში წარმოქმნილი დეფიციტი! საუბარი უნდა იყოს იმაზეც, თუ რას მოელიან ევროკავშირისაგან მისი წევრი ქვეყნები და მოქალაქეები. მაგალითად, ევროპის საერთო ამოცანაა მეზობელი კონტინენტის - აფრიკის - დახმარება. და თუ მართლაც გვინდა დავიცვათ ევროპის საზღვრები, ამ ამოცანას ფული დასჭირდება. (...) რაც მთავარია, ევროკავშირი უნდა დარჩეს სამართალსა და ფასეულობებზე დაფუძნებულ გაერთიანებად. როცა უნგრელ მემარჯვენე-პოპულისტ ვიქტორ ურბანს შეუძლია ევროკავშირის სტრუქტურული ფონდებიდან აღებული ფული გამოიყენოს საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად, დემოკრატიისათვის ძირის გამოსათხრელად და „ბრიუსელის“ ლანძღვის გასაგრძელებლად, ეს ნიშნავს, რომ „ყველაფერი რიგზე ვერ არის ევროპელთა კავშირში“.

უცხოეთის პრესის მიმოხილვის ბოლოს ყურადღებას სამხრეთ ამერიკას მივაპყრობთ. კოლუმბიის რევოლუციურმა შეიარაღებულმა ძალებმა - პარტიზანულმა არმიამ, რომელიც ცნობილია აბრევიატურით „ფარკი“ - იარაღი დაყარა 50-წლიანი შეიარაღებული ბრძოლის შემდეგ. 6 800-ზე მეტმა მებრძოლმა გაეროს ჩააბარა თავისი აღჭურვილობა.

კოლუმბიისათვის ამ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით ბოგოტაში გამომავალი გაზეთი „ელ ტიემპო“ აღნიშნავს: „’ფარკი’ აღარ არის შეიარაღებული ორგანიზაცია. ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი, რადგან ბოლოს და ბოლოს დადგა ის დღე, როცა ერთმანეთს აღარ დავხოცავთ იდეოლოგიებისა და შეხედულებების გამო. დღეიდან პარტიზანები არგუმენტებით გააგრძელებენ რევოლუციურ ბრძოლას და, ამდენად, გახდებიან დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილი“.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიის პრეზიდენტ ხუან მანუელ სანტოსს შარშან მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა „ფარკთან“ მოსალაპარაკებლად დაუღალავი სამშვიდობო ძალისხმევისათვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG