Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 4 დეკემბერი


ქართულ პრესაში აქტუალურობას არ კარგავს სამართლიანობის აღდგენისა და მთავრობის მიერ მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის გადავადების შესახებ გადაწყვეტილება. „ყველა სიახლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ამბობს: „სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა იუსტიციის მინისტრის განცხადება. როგორც ვიცი, ამგვარი გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული არ არის. მიმდინარეობს კონსულტაციები. არ ვიცი, რა ერქმევა - მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია თუ სხვა რამ, მაგრამ ეს პროცესი სასწრაფოდ დასაწყებია. ასე რომ, გადადებაზე ლაპარაკიც ვერ იქნება“.

„ყველა სიახლეშივე“ სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან ინტერვიუში ამავე თემაზე წაიკითხავთ: „არ ვიცი, საით მიდის პროცესები, მაგრამ ფაქტია, რომ ვიღაცას ძალიან შეეშინდა იმ შედეგების, რაც შეიძლება ამ პროცესმა გამოიწვიოს... გამოდის, ამ კომისიის შექმნის შეჩერების ერთადერთი მიზეზი ის ყოფილა, რომ ქვეყანა მზად არ არის მოსალოდნელი კომპენსაციების გასაცემად, მაგრამ ეს პასუხი ჩემთვის გაუგებარია - ჯერ არავის დაუთვლია, ზოგადად რა თანხაზეა ლაპარაკი, არც ის, თუ ვინ მოითხოვს კომპენსაციას“.

„მიადექი იმას, ვინც დააზარალა, ადინე ძმარი ცხვირიდან და ასე აღასრულე მართლმსაჯულება“, - ეუბნება იურისტი მინდია უგრეხელიძე „საქართველოს რესპუბლიკას“. ის აგრეთვე აცხადებს: „სამართლიანობა უნდა აღდგეს! მარტო ეკონომიკური და ფინანსური მოსაზრებებით მაგაზე უარის თქმა ან დიდი ხნით გადავადება არ შეიძლება! ჯერ ერთი, შევპირდით ამ ადამიანებს და უნდა შევუსრულოთ დანაპირები და მეორე, არ არის მშვიდობა სამართლიანობის გარეშე. როგორც კი ეს არ მოხდება, მაშინ დაიწყება ისეთი პროცესები, რომელიც სავალალო გახდება ნებისმიერი ხელისუფლებისთვის“.

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წევრი შალვა ოგბაიძე „ახალ თაობას“ ეუბნება: „ეჭვი მიძლიერდება, რომ ყველაფერი ჩამოწერისკენ მიდის. არც ერთი გახმაურებული საქმე არ გახსნილა. რამდენია კიდევ გაუხმაურებელი საქმეები. ვიცით კი, რამდენი ადამიანი აწამეს და მათი ვინაობაც არ ვიცით. რა არის ეს? ამიხსენით, რას ველოდებით? მაინცდამაინც ის უნდათ, რომ ხალხი ჭკუაზე გადავიდეს და ლინჩის წესით გაასამართლოს დამნაშავეები?!“

რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები კვლავაც რჩება ინტერვიუებისა და სტატიების თემად. „ვერსიაში“ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუ ქვეყნდება. ალასანია აცხადებს: „სამხედრო აგრესიის საფრთხეს ნამდვილად ვერ ვხედავ. საქართველოს მთავრობას რუსეთთან მიმართებაში საკმაოდ პრაგმატული პოზიცია აქვს - რიტორიკული, ემოციური და იმპულსური განცხადებებით პროვოკაციულ ნაბიჯებს არ უნდა ავყვეთ. მსგავსი მიდგომა საქართველოს მოწიფულ ქვეყნად, რუსეთს კი არასტაბილურ სახელმწიფოდ წარმოაჩენს“. ამავე ინტერვიუში თავდაცვის მინისტრი განმარტავს: „რაც უფრო ვუახლოვდებით ევროპას, იზრდება ცდუნებაც, რომ ქვეყნის შიგნით წყალი აგვიმღვრიონ და განხეთქილების ინსპირირება სცადონ. 90-იანი წლების დასაწყისშიც სწორედ ასე მოხდა“.

„რეზონანსი“ მკითხველს პირველი გვერდიდან ამცნობს მოსალოდნელ სიახლეს საქართველოს საწვავის ბაზარზე. „საქართველოს ბაზარი თურქმენული საწვავის მისაღებად მზადაა. „რეზონანსის“ ინფორმაციით, რამდენიმე კომპანია თურქმენეთთან მოლაპარაკებას უკვე მართავს. საცალო ქსელში თურქმენული ბენზინის ღირებულება 1,75-1,78 ლარის ფარგლებში იქნებაო“, წერს „რეზონანსი“.

„რეზონანსშივე“ ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებზე ინტერვიუს წაიკითხავთ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაშთან. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ის ეხება, აბორტის რეგულაციაა: „პოზიცია ცალსახაა - აბორტის აკრძალვაზე საუბარი არ შეიძლება, ვინაიდან საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს, რომ მსოფლიოს მხოლოდ შვიდ ქვეყანაშია აბორტი აკრძალული და ეს არალეგალური აბორტების განვითარებას იწვევს ქვეყნის შიგნით და მოსაზღვრე ქვეყნებში. რეგულაციები უნდა გაძლიერდეს და საზოგადოების განათლება შეგვიწყობს ხელს იმაში, რომ აბორტი ეტაპობრივად კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდით ჩანაცვლდეს, რომელიც რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG