Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში პრესის თავისუფლების დღე აღნიშნეს


პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, 3 მაისს, თბილისში აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) და საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოს (IREX) ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომლის მთავარი თემაც პრესის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ხარისხი და წინასაარჩევნოდ ქართულ მედიაში არსებული ვითარება იყო. სანამ მედიის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებო მედიაში არსებულ პრობლემებზე მსჯელობდნენ, თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ, ”ადამიანის უფლებათა სახლის” ორგანიზებით, თეატრალიზებული აქცია გაიმართა, დევიზით ”მე რეპორტიორი ვარ და არა ჯაშუში”. აქციის თვალებახვეული და პირაკრული მონაწილეები ამ ფორმით ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლის ფაქტებს აპროტესტებდნენ.

პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, 3 მაისს, საქართველო კვლავ ”ნაწილობრივ თავისუფალი” ქვეყნის სტატუსით ხვდება. შარშანდელთან შედარებით, სამი ქულით დაწინაურების ფაქტი ”ქორთიარდ მარიოტში” შეკრებილი მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის დიდი ვერაფერი ნუგეშია. საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მათ მიერ შეფასებული ვითარება მედიის თავისუფლების თვალსაზრისით დამაიმედებელი არ არის. შეზღუდული წვდომა საჯარო ინფორმაციაზე, ცენზურა თუ თვითცენზურა, კონტროლირებადი ბიზნესი და ამის გამო არათანაბარი სარეკლამო შემოსავლები მედიისათვის, საჯარო პოლიტიკური დებატების არარსებობა ტელევიზიებში - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომელზე საუბრითაც გამოეხმაურა ქართული მედია პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს. რადგან დისკუსიის მთავარი თემა მედია და არჩევნები იყო, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ჟურნალისტმა ია ანთაძემ შეკითხვა ასე დასვა: საქართველოს მედია აძლევს თუ არა საშუალებას საქართველოს მოსახლეობას გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი და რა არის ამისათვის საჭირო:
დღეს პრაქტიკულად არა გვაქვს პოლიტიკური დებატი და მის გარეშე წინასაარჩევნო თავისუფალი მედიასივრცე ვერ გვექნება ...
ზვიად ქორიძე

”ეს არის რეალური ინფორმაცია იმის შესახებ, როგორია ჩვენი გარემო და, მერე, ესაა დისკუსიები, დებატები, სადაც ადამიანებს ექნებათ საშუალება მოუსმინონ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და მიიღონ გადაწყვეტილება იმის მიხედვით, რომელი პოზიციაა მათთვის უფრო მისაღები. სამწუხაროდ, არც პირველ და არც მეორე მოთხოვნას საქართველოს მედია მთელი ქვეყნის მასშტაბით არ პასუხობს.”

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ წინასაარჩევნო პროცესი ქვეყანაში პრაქტიკულად დასრულებულია და არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გააქტიურებული მედია უკვე შექმნილ ფონს მნიშვნელოვნად ვეღარ შეცვლის:

”უკვე შეიქმნა მედიაში - და, განსაკუთრებით, გავლენის მქონე მედიაში - ის დღის წესრიგი, რომლის იქით სხვა არაფერია. დღეს პრაქტიკულად არა გვაქვს პოლიტიკური დებატი და მის გარეშე წინასაარჩევნო თავისუფალი მედიასივრცე ვერ გვექნება.”

იმ სივრცეში კი, რასაც დღევანდელი ქართული მედია ჰქვია, სირთულეების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, თუმცა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ეკა ფოფხაძე მათგან საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას გამოყოფს. მუდმივად ირღვევა საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით დადგენილი ვადა. ამ სირთულის გადალახვის გზა ვერც სასამართლოზე გადის, რადგან ჟურნალების უმრავლესობას, უბრალოდ, არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. თუმცა ვადების დარღვევა ისეთი მედიისათვის გაცილებით ნაკლები პრობლემაა, ვიდრე დაუსაბუთებელი უარი ინფორმაციის საერთოდ მიცემაზე:

”ეს განსაკუთრებით ეხება ინფორმაციას, რომელმაც შესაძლოა კორუფციული გარიგებები გამოავლინოს ან ხელისუფლების მიერ თანხების არაეფექტური ხარჯვა, მაგალითად, ინფორმაცია ჩინოვნიკების პრემიების შესახებ, რომელიც საჯარო ინფორმაციაა.”

უნდა გვახსოვდეს, თუ რომელიმე მედიის უკან დგას რომელიმე პოლიტიკური ძალა, მის ჟურნალისტებს არასოდეს შეეძლებათ თავისუფლად იმუშაონ პოლიტიკის საკითხებზე ...
მათიას ჰუტერი
ქართული მედიის ყველაზე დიდი გამოწვევა მედიის საქმიანობაში პოლიტიკის დიდი დოზით ჩარევაა - ასე აფასებს ვითარებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მთავარი ანალიტიკოსი მათიას ჰუტერი. და ეს არ ეხება მხოლოდ მმართველ პარტიას, რომელსაც სურს აკონტროლოს მედია, არამედ ოპოზიციურ ძალასაც, რომელსაც ასევე სურს ან აკონტოლოს, ან სულაც თავად ფლობდეს ტელევზიას. და ეს მაშინ, როდესაც ტელევიზიას მედიასივცრეში ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს - ათიდან 9 მოქალაქე მთავარ ინფორმაციას სწორედ ტელევიზიიდან იღებს:

”სატელევიზიო სივრცე საქართველოში მკვეთრად პოლიტიზებულია და მოსახლეობას არა აქვს დამოუკიდებელ მედიაზე წვდომა. ინფორმაციები ხშირად მიკერძოებული და პროპაგანდისტულია. დადებით ტენდენციად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ტელევიზიების მფლობელების ვინაობა გაირკვა, თუმცა ჯერჯერობით ამას არ მოჰყოლია მაყურებლის წინაშე ტელევიზიების ანგარიშვალდებულების გაზრდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვნახეთ, თუ რა ბრძოლა მიდიოდა „მეცხრე არხის“ ტრანსლირებაზე და ამას წინასაარჩევნო პერიოდში გამოკვეთილი პოლიტიკური ელფერი ჰქონდა. როდესაც იმავე „მეცხრე არხზე“ ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ იმას, რომ ოპოზიციის ხმა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ, მაგრამ იმედია გვესმის, რომ ჩვენ აქ არ ვგულისხმობთ ნამდვილად დამოუკიდებელ მედიას, რადგან უნდა გვახსოვდეს, თუ რომელიმე მედიის უკან დგას რომელიმე პოლიტიკური ძალა, მის ჟურნალისტებს არასოდეს შეეძლებათ თავისუფლად იმუშაონ პოლიტიკის საკითხებზე.”

თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ, ”ადამიანის უფლებათა სახლის” ორგანიზებით, თეატრალიზებული აქცია გაიმართა, დევიზით ”მე რეპორტიორი ვარ და არა ჯაშუში”
თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ, ”ადამიანის უფლებათა სახლის” ორგანიზებით, თეატრალიზებული აქცია გაიმართა, დევიზით ”მე რეპორტიორი ვარ და არა ჯაშუში”
კიდევ ერთი საკითხი, რომლის გარშემოც აქტიური დისკუსია გაიმართა კონტროლირებად ბიზნესსა და სარეკლამო ბაზარს შეეხო.. ”ლიბერალის” მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი აცხადებს, რომ ჟურნალს ბოლო სამი წლის განმავლობაში რეკლამა, ფაქტობრივად, არ ჰქონია. ეს იმიტომ, ამბობს შავერდაშვილი, რომ სარეკლამო კომპანიები რეკლამის განთავსებაზე გადაწყვეტილებას იმის მიხედვით იღებენ, არის თუ არა ის განწყობილი ლოიალურად ხელისუფლების მიმართ.

გაზეთ ”რეზონანსის” მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა კი შენიშნა, რომ დღეს მედიასა და ხელისუფლებას შორის ბრძოლა მიდის, მომავალი არჩევნები კი იქნება განმსაზღველი იმისა, ქვეყანა პრესის თავისუფლების თვალსაზრისით წინ წავა თუ უკან დაიხევს.

ეს მოსაზრება არ გაიზიარა უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, თამარ კინწურაშვილმა, რომელსაც 3 მაისს მედიისა და სამოქალაქო სექტორის კრიტიკაზე პასუხის გაცემა უწევდა. მან თქვა, რომ გამოწვევები არსებობს, მაგრამ იმის თქმა, რომ ქართულ მედიაში სავალალო ვითარებაა, გადაჭარბებულია. კინწურაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ წელსაც ხელისუფლებამ უკვე მიმართა საერთაშორისო დამკვირვებლებს მედიამონიტორინგის თხოვნით, რაც, მისი თქმით, მედიაგარემოს გააუმჯობესებს.

პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე თბილისში, ამ დისკუსიისა და მოსწავლეთა სასახლესთან გამართული აქციის გარდა, კიდევ ერთი, "სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის" მიერ ორგანიზებული აქციით აღინიშნა, რომლის მთავარი სლოგანიც იყო "ჩვენ ვიმსახურებთ თავისუფალ მედიას".
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG